ავტორი:

“სერბეთი თავისუფალია, ეს სასწაულია“ - ატირებული ხალხი, ფეიერვერკები და საერთაშორისო გამოხმაურება: რა ხდება ქვეყანაში ალექსანდარ ვუჩიჩის დამარცხების შემდეგ (ფოტო/ვიდეო)

“სერბეთი თავისუფალია, ეს სასწაულია“ - ატირებული ხალხი, ფეიერვერკები და საერთაშორისო გამოხმაურება: რა ხდება ქვეყანაში ალექსანდარ ვუჩიჩის დამარცხების შემდეგ (ფოტო/ვიდეო)

სერბეთის მრავალწლიანმა ლიდერმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობასთან დამარცხება აღიარა. ბელგრადში, ნოვი-სადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა და ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს.

  • საარჩევნო უბნების 97%-ის დათვლის შემდეგ, სერბეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სტუდენტურმა მოძრაობამ 2.24 მილიონი ხმა (52.6%) მოიპოვა, ხოლო მმართველმა “სერბულმა პროგრესულმა პარტიამ“ (SNS) - 1.67 მილიონი ხმა (39.2%).

“სრულიად ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ“, - განაცხადა მემარჯვენე-პოპულისტმა ლიდერმა ალექსანდარ ვუჩიჩმა “სერბული პროგრესული პარტიის“ შტაბ-ბინაში.

პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, ვუჩიჩს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ ჰქონდა, რის გამოც იგი საპარლამენტო არჩევნებს ჩაუდგა სათავეში, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტს დაბრუნებოდა, რომელიც 2017 წელს დატოვა.

არჩევნები ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდა - ბელგრადში პოლიციას საარჩევნო კომისიის შენობის ირგვლივ ქუჩები ბლოკირებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო უბნებთან ხალხმრავლობა და გრძელი რიგები დაფიქსირდა როგორც სერბეთში, ისე საზღვარგარეთ - სლოვენიაში, გერმანიაში, აშშ-სა და საფრანგეთში.

  • ნოვი-სადის ტრაგედია, “რევოლუციური ზვავი“ და ექიმები და მსახიობები პარლამენტში

სტუდენტური მოძრაობა ორ წელზე ნაკლები ხნის წინ ჩამოყალიბდა, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურურვის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც კორუფციასა და გულგრილობას აბრალებდნენ და რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოძრაობას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, ხოლო 250-ადგილიანი პარლამენტისთვის ბრძოლაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩართო, მათ შორის ექიმები, მსახიობები, აკადემიკოსები და სპორტსმენები.

“ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო გამარჯვება, ეს არის ზვავი, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი და მთელი პოლიტიკური სცენა წაშალა“, - განაცხადა ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა ნებოიშა ვლადისავლევიჩმა.

ანტიკორუფციული მოძრაობის საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს იმ ოფიციალური პირების ჩამოშორებას, ვინც კანონი დაარღვია, საჯარო საწარმოებიდან პარტიული კადრების ჩამოცილებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლებას.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩებში ხალხი ცეკვავდა, ფეიერვერკებს უშვებდა და ავტომობილების სიგნალებით ზეიმობდა.

  • “სერბეთი თავისუფალია, ეს სასწაულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტური სიის წამყვანმა კანდიდატმა ილია სრდანოვიჩმა განაცხადა: “ეს იქნება თავისუფალი სახელმწიფო“. ხოლო კანდიდატმა რადომირ საიჩიჩმა აღნიშნა, რომ არანაირ ძალას არ შეუძლია სამუდამოდ დაიმორჩილოს ხალხი, რომელმაც საკუთარი ბედის ხელში აღება გადაწყვიტა.

საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ სერბეთისთვის ახალი თავი იწყება და ევროკავშირის კარი ღიაა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შეაფასა ვუჩიჩის წვლილი რუსეთთან ურთიერთობაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გააცნობიერებს მოსკოვთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ამჟამად ყურადღება მიპყრობილია იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში მთავრობას პრემიერ-მინისტრის რანგში, ხოლო დეკემბერში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

წყარო

იხილეთ ასევე: