უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ელიზავეტა (ლიზა) იასკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. იასკო, რომელსაც სააკაშვილთან ქალიშვილი ჰყავს, სასამართლოსგან ბავშვის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრებასა და ყოფილი პრეზიდენტისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია აქვეყნებს.
პარტია "ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა სასამართლოს ორი მოთხოვნით მიმართა: ქალიშვილისთვის ალიმენტების დაკისრება და სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა. აღსანიშნავია, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან, რომელთანაც ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა.
ადვოკატ დმიტრო ბუზანოვის თქმით, იასკოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების კარგი შანსი აქვს.
“ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება: მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა აღარ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი. ამიტომ დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.
გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მას მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო,“ - წერს სააკაშვილი.
2021–2022 წლების ქონებრივ დეკლარაციებში დეპუტატი სააკაშვილს უთითებდა, როგორც პირს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. 2023 წლიდან სააკაშვილი მის დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს, თუმცა მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინ მიხაილოვნას შესახებ ინფორმაცია კვლავ უცვლელია.
2024 წლის სექტემბერში გამოცემა Glavkom-თან ინტერვიუში ელიზავეტა იასკომ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში აღარ ჩადის.
"ის საკუთარ, ძალიან რთულ რეალობაში ცხოვრობს. მიხეილმა, არსებითად, საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს და იქ ახლა დაბრუნებით ბევრ ადამიანს მიაყენა ტკივილი. და ეს ყველაფერი რისთვის? საქართველოს მომავლისთვის. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯმა შედეგი არ გამოიღო“, - განაცხადა მაშინ იასკომ.
იხილეთ ასევე: