"ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!“ - უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და შვილის ფოტოების ნებართვის გარეშე გამოქვეყნებას აპროტესტებს.
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩვენი შვილების ფოტოების გამოქვეყნებას და პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ნებართვის გარეშე.
არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!
მინდოდა, კომენტარისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდი ბავშვის პირადი სივრცისა და უსაფრთხოების დასაცავად. მაგრამ ეს არ გამოდის.
ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!“ - წერს ლიზა იასკო.
მის განცხადებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის ფოტოს გამოქვეყნება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვილი ძალიან ენატრება და მასთან შეხვედრას პატიმრობის გამო ვერ ახერხებს. სააკაშვილის გამოქვეყნებულ ფოტოზე პატარა ჟასმინი ბებიასთან, გიული ალასანიასთან ერთად არის გადაღებული.
"ეს ჩემი ულამაზესი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება“, - დაწერა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი არყოფნის პირობებში გოგონას ნახვასა და დახმარებას დედამისი ცდილობს. მან მადლობა გადაუხადა ლიზა იასკოსაც, რომელიც, მისი თქმით, ქალიშვილს უკიდურესად რთულ პირობებში ზრდის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2026 წლის აპრილში დაიწყო. დეპუტატი სასამართლოსგან მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრებასა და სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იასკო სააკაშვილის შემოსავლის ერთი მესამედის დაკისრებას ითხოვს. საქმის განხილვა 2026 წლის 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.
მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი ქალიშვილს ფინანსურად ეხმარება. მისი თქმით, დედამისმა, გიული ალასანიამ, საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
წაიკითხეთ ასევე: