ავტორი:

"სტრასბურგს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა... თუ მაინც აკრძალავენ, არის ყველა საფუძველი, რომ ეს შეფასდეს, როგორც სრულიად უსამართლო" - პარტიების აკრძალვის სკანდალური სარჩელი: ექსპერტის მოსაზრება

"სტრასბურგს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა... თუ მაინც აკრძალავენ, არის ყველა საფუძველი, რომ ეს შეფასდეს, როგორც სრულიად უსამართლო" - პარტიების აკრძალვის სკანდალური სარჩელი: ექსპერტის მოსაზრება

საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება - მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე იხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.

სარჩელით პარლამენტის 88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს ხუთი პოლიტიკური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, "კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველო - ლელო“, "ფედერალისტები“ და "გახარია - საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ აკრძალვასა და მათი რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის "ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

სასამართლო განმარტავს, რომ მის პრაქტიკაში აქამდე არ შეფასებულა უკვე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მისი აკრძალვის საკითხი. სასამართლოს შეფასებით, საქმე "იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“ წარმოშობს.

განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხუთი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა საზოგადოების ფართო სპექტრზე ახდენს გავლენას და სასამართლოს თითოეული პარტიის მიმართ ცალ-ცალკე მოუწევს შეაფასოს, არსებობს თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვის საფუძვლები. პირველი კოლეგიის თანახმად, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია, ამ საქმეზე კონსტიტუციური სტანდარტები პლენუმმა დაადგინოს.

პარტიების აკრძალვის მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ორჯერ შეცვალეს. პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეიტანეს. მოგვიანებით მოთხოვნა გაფართოვდა: 2026 წლის აპრილში ახალ სარჩელს "ფედერალისტები“ დაემატა, სექტემბერში კი "გახარია საქართველოსთვის“.

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ, მათ შორის ევროკავშირი. ევროკომისიის 2025 წლის საქართველოს ანგარიშში "ქართული ოცნების“ მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვა და ამ საკითხზე წარმოებული კამპანია შეფასებულია როგორც დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპზე პირდაპირი თავდასხმა.

  • პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი "ქართული ოცნების” ამ განზრახვას ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობად და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დარტყმად აფასებს.

- "ქართული ოცნების” მცდელობა, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში არის ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობა. ეს არის დარტყმა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. "ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერა არის მკვეთრად შემცირებული და ისინი ცდილობენ ელექტორალური ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის პოტენცირებას ამ რეპრესიული გზებით და მეთოდებით. რა თქმა უნდა, ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიის დაცვასთან და არც კანონის უზენაესობასთან. ეს არის თავიდან ბოლომდე თავნებობისა და ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც უზარმაზარი დარტყმის მიყენება შეუძლია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. არაერთი ქვეყანა არსებობს მსოფლიოში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში, არჩევანის გაკეთება უნდა იყოს ამომრჩევლის და არა კონკრეტული პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, რომელიც მით უმეტეს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიულ პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას...

ამ სარჩელს დემოკრატიის დაცვის პრინციპებთან არაფერი საერთო არ აკავშირებს და უფრო მეტიც, ის მაგალითები, რომლებიც მოჰყავს, მათ შორის, "ქართულ ოცნებას“, მათაც არაფერი აქვთ საერთო ქართულ რეალობასთან, სამართლებრივ რეალობასთან, სამართლებრივ მექანიზმებთან, რომლებიც არსებობს საქართველოში თუ სხვა ქვეყნებში.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ისევ და ისევ მივდივართ ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევასთან. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საკმაოდ ბევრგან გვხვდება, ყველგან, სადაც არის ტოტალიტარული რეჟიმი. ასევე გვხვდება დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, მაგრამ იქ არსებობს სერიოზული სამართლებრივი სტანდარტი და თუ ამ სამართლებრივი სტანდარტით მივუდგებით, ამ მხრივ გერმანია ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ მაგალითად. იქ დღესაც საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი პოლიტიკური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვასთან დაკავშირებით, რადგან ის არის ნაცისტების მემკვიდრე პოლიტიკური ძალა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო (რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს და არც გვქონია), იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში არსებობს დემოკრატიის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა, მხოლოდ საუბრებია და AfD არავის აუკრძალავს.

- ხანდახან მაგალითად უკრაინა მოჰყავთ, სადაც პრორუსული პოლიტიკური ძალები აიკრძალა...

- მინდა ხაზი გაესვას იმას, რომ უკრაინის შემთხვევაში მოქმედებს არა სამოქალაქო, არამედ საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმი - ეს ერთი. მეორე - იქ აიკრძალა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ კოლაბორაციით, ანუ ქვეყნის ღალატით იყვნენ დაკავშირებული აგრესორ სახელმწიფოსთან. ქართულ რეალობაში ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მკვეთრად გაზრდილია, ხოლო ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - დასავლეთთან არის მკვეთრად შემცირებული. ამ თვალსაზრისით, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომელი პოლიტიკური ძალა არის უფრო მეტად კოლაბორანტი და, მით უმეტეს, რომელ ძალას გააჩნია ამის შესაძლებლობა.

- ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას ჩვენი პარტნიორები აკრიტიკებენ, მათ შორის, ევროკავშირი. ამ საკითხზე წარმოებული კამპანია შეფასებულია როგორც დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპზე პირდაპირი თავდასხმა. ეს ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშშიც შევიდა...

- ევროკავშირმა ძალიან ცალსახად გაუსვა ხაზი იმას, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის მორიგი წითელი ხაზი, რომელსაც თუ "ქართული ოცნება“ გადაკვეთს, ამ ყველაფერზე იანვარში იქნება კონკრეტული რეაგირება. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრობის ფუნდამენტური პრინციპია დემოკრატიული პლურალიზმის მინიმალური დემონსტრირება. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ამ დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპის სრული განადგურება და გაჩანაგება. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორებს "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ილუზიები, მე მგონი, აღარც დარჩათ - სრულიად აშკარაა, რომ "ქართული ოცნება“ რუსული ტიპის ავტორიტარული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შესწევს ძალა, რომ აღნიშნულს გაუწიოს წინააღმდეგობა. დასავლეთის მხრიდან დახმარება იყო, არის და იქნება. ევროკავშირი ამ მხრივ უაღრესად თანმიმდევრულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც უნგრეთში "მადიარის მოძრაობამ“ მოახერხა ავტორიტარი ორბანის დამარცხება, ისევე, როგორც სერბეთში სტუდენტებმა მოახერხეს არანაკლებ ავტორიტარული ლიდერის დამარცხება, თუ იგივე უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ საზოგადოების შიგნით ძალა, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. ამის შემდეგ, უკვე, რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორებისგანაც იქნება სათანადო რეაგირებაც და დახმარებაც.

- რით დასრულდება ეს პროცესი და, დავუშვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ "ოცნების“ სასურველი განაჩენი გამოიტანა, გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიებისთვის რა შანსები არსებობს?

- სტრასბურგს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა-არაკრძალვასთან დაკავშირებით. მთლიანად ამ პროცესის დროს დაშვებული პროცედურული აბსურდები, განსაკუთრებით გახარიას პარტიასთან მიმართებით და სხვა, ქმნის საფუძვლებს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს აღქმული როგორც სრულიად უსამართლო და სტრასბურგს გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ გამოსცეს დროებითი შეჩერების მექანიზმი ან საბოლოო ჯამში, მოგვიანებით განხილვის დროს გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა, რა იქნება "ქართული ოცნების“ რეაგირება მორიგ ჯერზე სამართლებრივ სივრცეში მათ წარუმატებლობაზე - ჩვენ გვახსოვს "ქართული ოცნება“ რას ამბობდა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების შეფასებებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ყველა კრიტიკის კომპონენტში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მართალი იყო (მაგ. როცა კორუფციაზე საუბრობდა - ირაკლი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბურჭულაძის და სხვების საქმეები ამას ძალიან ნათლად აჩვენებს). აშკარაა, რომ ყველაფერი, რასაც "ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა, ემსახურებოდა არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების“ ინტერესებს.

ღრმად მწამს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათლად დაინახა, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერა, მათ შორის საკუთარ ბაზაში, საკუთარ მხარდამჭერებში მკვეთრად შემცირებულია და რადგანაც მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და სინამდვილეში, ძალიან ეშინიათ ქართველი ხალხის ერთობის, მათ გადაწყვიტეს, რომ მეტი რეპრესიით წაართვან ქართველ ხალხს არჩევანის საშუალება. ეს არის და ეს.

იხილეთ ასევე: