ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვის პასუხად გააკეთა.
“ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?” - მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და უპასუხა: “არა".
ამასთან, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კიდევ ერთი კითხვით: „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“ რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ცდილობს”. მოსამართლემ ღარიბაშვილს ამ პასუხის გამო, შენიშვნა მისცა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი. სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.