ცნობილი ხდება, რომ ფლორიდაში მომხდარ ავიაკატასტროფას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან: ტეხასში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი, მათი ორი მეგობარი, ძიძა და თვითმფრინავის ეკიპაჟის ორი წევრი - გამოცდილი პილოტი და მისი 20 წლის თანაშემწე.


დაღუპულთა ვინაობა ორშაბათს დადასტურდა.
ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 44 წლის ადამ რობინსონი, მისი მეუღლე ჰელენ შარპი და მათი მცირეწლოვანი შვილები - ოთხი წლის ემა და ორი წლის ჩარლი. ინფორმაცია ოჯახის დაღუპვის შესახებ ადამ რობინსონის ძმამ გაავრცელა.
"ჰელენსა და ადამს ისეთი სიყვარული აკავშირებდათ, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
თვითმფრინავის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ოჯახის მეგობრები - რეიჩელ რიდი და ჩარმი ფერი, ასევე ბავშვების ძიძა ანიტა მარია აპელიდო ჩეტინა.
გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს 55 წლის ჯეფ გრეგორი მართავდა. მეორე პილოტი 20 წლის ნატალია ფილგეირასი იყო, რომელმაც პილოტის ლიცენზია ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის დროს მიიღო.


განცხადებაში ოჯახის მეგობრებსა და ძიძაზეც წერენ. რეიჩელ რიდი და ჩარმი ფერი მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებად არიან აღწერილნი, რომლებიც ახლობლებს მთელი გულით უყვარდათ. ანიტა მარია აპელიდო ჩეტინა კი ემასა და ჩარლის სიყვარულითა და მზრუნველობით ზრდიდა და ოჯახისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო.
ჰელენ შარპი კერამიკის მხატვარი იყო. ის "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებდა საკუთარი ნამუშევრების ვიდეოებსა და შვილების ფოტოებს.


ამ დროისთვის ფედერალურ გამომძიებლებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ აქვთ. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავიალაინერი დაახლოებით მინუს 50 გრადუს ფარენჰაიტ ტემპერატურაზე დაფრინავდა. ამ პირობებში თვითმფრინავზე ყინულის დაგროვება დაიწყო და ძლიერ ტურბულენტობაში მოხვდა.
გამომძიებლების ინფორმაციით, თვითმფრინავმა მიწასთან შეჯახებამდე დაშლა დაიწყო, მისი ნამსხვრევები კი დაახლოებით ნახევარი მილის რადიუსში გაიფანტა... წყარო
იხილეთ ასევე: