ნიუ-იორკის შტატში წითელას აფეთქების ფონზე არავაქცინირებული ბავშვი გარდაიცვალა. ეს შტატში დაავადებით გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევაა ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ბავშვი ლუისის ოლქში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ორშაბათს ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა და ადგილობრივმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა განაცხადეს. გარდაცვლილის ვინაობა, ასაკი და სქესი საჯაროდ არ გაუმჟღავნებიათ.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა.

"როგორც დედა და ბებია, წარმოდგენაც არ შემიძლია, რას განიცდის ეს ოჯახი. გულით ვუსამძიმრებ ყველას“, - განაცხადა ჰოჩულმა.
გუბერნატორის თქმით, წითელა განსაკუთრებით გადამდები დაავადებაა, ვაქცინაცია კი მისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ნიუ-იორკში წითელასთან დაკავშირებული პირველი სიკვდილია ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში და შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ვაქცინაცია.

ბოლო შემთხვევამდე ნიუ-იორკის შტატში წითელათი გარდაცვალება 1990 წლის მარტიდან 1991 წლის ზაფხულამდე დაფიქსირებული მასშტაბური აფეთქების დროს მოხდა. მაშინ ვირუსმა სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დააინფიცირა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ბავშვებისთვის MMR ვაქცინის ორ დოზას უწევს რეკომენდაციას: პირველი დოზა 12-15 თვის ასაკში, მეორე კი 4-6 წლის ასაკში უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებული რეკომენდაციები არსებობს ექვს თვემდე ასაკის ჩვილებისთვისაც, რომლებიც წითელას გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონებში მოგზაურობენ ან ასეთ გარემოში ცხოვრობენ. წყარო
იხილეთ ასევე: