"მისტერ ვეტოდ“ გადავიქცევი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ შემთხვევისთვის, თუ შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ. ტრამპის თქმით, ის, უბრალოდ, ვეტოს დაადებს ოპოზიციის მიერ გამოგზავნილ კანონპროექტებს მანამ, ვიდრე მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კვლავ სიამოვნებით იყრიდა კენჭს, თუმცა კონსტიტუციის 22-ე შესწორება მას ორზე მეტი ვადით არჩევის უფლებას არ აძლევს. რა შიდაპოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს აშშ-ში ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირებასა და შესაძლო არასტანდარტულ სცენარებს? - ამ საკითხებზე ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი საუბრობს:
- სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების შეჯამების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელების შეფასებებში ტრამპის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აშკარად ჭარბობდა დადებითს. ტრამპის პოლიტიკას დადებითად, ძირითადად, რესპუბლიკური პარტიის ე.წ. "მაგას“ (MAGA) მოძრაობის მხარდამჭერები აფასებდნენ. ხოლო რესპუბლიკური პარტიის ის ამომრჩევლები, რომლებიც "მაგას“ არ მიეკუთვნებოდნენ, სულ უფრო მეტად აკრიტიკებდნენ მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. თავდაპირველად ეს ნეგატიური შეფასებები, ძირითადად, საერთო ეგზიტპოლების შედეგებს ეყრდნობოდა. ბევრი ექსპერტი და კრიტიკოსი მიიჩნევდა, რომ ასეთი ზოგადი გამოკითხვები სრულყოფილად ვერ ასახავდა იმ ნიუანსებს, რომლებიც კონკრეტულ შტატში, კონკრეტული კანდიდატის ან სენატორის მიმართ ამომრჩეველთა განწყობებს უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდში, როდესაც უფრო დახვეწილი, დეტალური და ნიუანსებზე ორიენტირებული გამოკითხვები დაიდო, იქაც მკაფიოდ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ტრამპის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება სულ უფრო უარესდება. სხვათა შორის, დადებით და უარყოფით შეფასებებს შორის მზარდი სხვაობით ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში ტრამპი რეკორდსმენია.

ტენდენცია აჩვენებს, რომ ნეგატიური შეფასებების მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარზე არ შეჩერებულა და უარყოფითი მიმართულებით კიდევ უფრო გაიზარდა. ამ გარემოების უგულებელყოფა უკვე შეუძლებელია. ყველა ინდიკატორი და მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან.
თუ თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მათი მარცხი მხოლოდ წარმომადგენელთა პალატას შეეხებოდა, ახლა ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სერიოზული ბრძოლა სენატისთვისაც გაიმართება და, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელებს იქაც მოუწევთ პოზიციების დათმობა. ეს ყველაფერი ტრამპისთვის განსაკუთრებით სახიფათო ვითარებას ქმნის. თუ ის კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში კონტროლს დაკარგავს, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ერთი მხრივ, შეიქმნება არაერთი საგამოძიებო კომისია, რომლებიც ტრამპის პოლიტიკას, მისი ოჯახის წევრებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობას შეისწავლიან. მეორე მხრივ, შეიზღუდება მისი პოლიტიკური მოქმედების არეალი და შემცირდება გავლენის ბერკეტები. ამოქმედდება ორპარტიული მექანიზმებიც, რომლებშიც არა მხოლოდ დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც ჩაერთვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტისა და სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსების საკითხებზე ტრამპის გადაწყვეტილებებს კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება.
- ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სხვა დემოკრატებმა, ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებაში და ამერიკის მოკავშირეების ინტერესების ღალატში ღიად დაადანაშაულეს. თუ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, რამდენად შესაძლოა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო პროცესები კორუფციულ ბრალდებებს გასცდეს და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაზიანების კონტექსტში განიხილონ და ეს საფრთხის შიშით ტრამპი წავიდეს ესკალაციაზე და ასევე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ამგვარი პასუხისმგებლობის შიშით ტრამპმა სარჩევნო და პოსტსაარჩევნო პროცესში ვითარების ესკალაციას მიმართოს?
- უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპს პუტინთან რეგულარული, სულ მცირე, სატელეფონო კონტაქტი აქვს. თუ მის წარსულ გამოცდილებასაც გავიხსენებთ, ბევრი რამ საყურადღებოა. მაგალითად, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ჰელსინკის შეხვედრაზე, ტრამპმა საკუთარი უსაფრთხოების სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრის ოთახის გარეთ დატოვა და პუტინს პირისპირ, მხოლოდ თარჯიმნის თანდასწრებით, ორ საათზე მეტხანს ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით პუტინის სიტყვას უფრო ენდობოდა, ვიდრე საკუთარი სპეცსამსახურების დასკვნებს. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება: რამდენად ითვალისწინებენ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საკუთარი სახელმწიფო უწყებების - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, დაზვერვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებს? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ უწყებების მხრიდან პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები არსებობს, თუმცა ტრამპი გადაწყვეტილებებს ხშირად დამოუკიდებლად, ინსტიტუციური კონტროლისა და კონსტიტუციური შეზღუდვების უგულებელყოფით იღებს. ამ ფონზე, მისი ერთ-ერთი პირველი სერიოზული და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი შესაძლოა სწორედ შუალედური არჩევნების შედეგების არაღიარება იყოს. ვფიქრობ, ამის რეალური რისკი არსებობს, რადგან ტრამპის პოლიტიკური წარსული ასეთ საფრთხეზე მიანიშნებს. ყველას გვახსოვს, რომ მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკუთარ მომხრეებს კაპიტოლიუმისკენ წასვლისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ კონგრესში სხვადასხვა კანდიდატისა და ადმინისტრაციის წევრობის მსურველთა მოსმენებს, დავინახავთ, რომ როდესაც კონგრესმენები და სენატორები მათ ეკითხებიან, აღიარებენ თუ არა ტრამპის დამარცხებას 2020 წლის არჩევნებში, თითქმის ყველა თავს არიდებს ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს. ეს გარემოებაც დამატებით შეშფოთებას იწვევს და აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ან მათი მანიპულირების მცდელობებსაც ვიხილოთ.
მაგალითად, ტრამპი არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგია და მის აკრძალვასაც ცდილობდა. არაერთი ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა იუსტიციის დეპარტამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება საფოსტო ბიულეტენების დამუშავების შეზღუდვას ან ათიათასობით ბიულეტენის ბლოკირებასა და გადადებას. ამ ბიულეტენების დიდ ნაწილს სერიოზული შეფერხებები შეექმნა, რამაც ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ, რუსული გამოცდილების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობებთან ერთად, საარჩევნო კომისიების მიმართ ძალის გამოყენების ან პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევებიც ვიხილოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შტატებში საარჩევნო პროცესს შტატის სახელმწიფო მდივნები ხელმძღვანელობენ.
როგორც რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, მათ ნაწილს იუსტიციის დეპარტამენტიდან უკვე მიუღია გარკვეული გაფრთხილებები საბოლოო შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს გაფრთხილებები, ბუნებრივია, პირდაპირი მუქარის ფორმით არ ყოფილა წარმოდგენილი, თუმცა მათი შინაარსი იმაზე მიანიშნებდა, რომ შტატის მდივნებს მხოლოდ რესპუბლიკური პარტიისთვის სასურველი შედეგები უნდა ეღიარებინათ. როდესაც ჟურნალისტებმა შტატის მდივნებს ჰკითხეს, თუ როგორ მოიქცეოდნენ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები რესპუბლიკელებისთვის არასასურველი აღმოჩნდებოდა, რამდენიმე მათგანმა ღიად განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან მიღებულ გაფრთხილებებსა და მითითებებს ისინი პირდაპირ აღიქვამდნენ, როგორც პოლიტიკურ ზეწოლასა და მუქარას.4
- თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და შტატის მდივნებზე უპრეცედენტო პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს, რამდენად მედეგი აღმოჩნდება ამერიკული დემოკრატიული სისტემა?
- ის რაც დღეს ხდება ამერიკაში მართლაც შოკისმომგვრელი და შეუსაბამოა ამერიკული დემოკრატიისთვის. აქ მთავარი შეკითხვა სწორედ ის არის, თუ რამდენად გაუძლებს დემოკრატიული სისტემა ასეთ ზეწოლას და რამდენად მასშტაბური იქნება ეს პროცესი. იქნება თუ არა ეს ამ ეტაპზე მხოლოდ იმ შტატებში, სადაც ტრამპის ძლიერი გავლენაა, თუ შეეხება იმ რესპუბლიკურ შტატებსაც, სადაც, როგორც ვიცით, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და დემოკრატებმა გაიმარჯვონ. ეს რისკები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის, ამერიკულ ადგილობრივ პრესასა და ახალ ამბებს რომ გადაავლოთ თვალი, სულ უფრო იზრდება შიში იმისა, რომ ეს მეთოდები იქნება გამოყენებული. დანარჩენი, თუ როგორ დაიცავენ ხმებს ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და შტატებში, რა მეთოდებს გამოიყენებენ მხარეები და ჩაჯდება თუ არა ეს ყველაფერი ამერიკული დემოკრატიის სტანდარტებში დრო გვიჩვენებს. საერთო ჯამში არჩევნების შედეგების საბოლოო ლეგიტიმაცია, ოფიციალურად პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც ტრამპი პენსისგან არჩევნების შედეგების არაღიარებას მოითხოვდა. მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ეს, აბსოლუტურად, მიუღებლად მიიჩნია, დემოკრატიული პროცესებისა და სტანდარტების ერთგული დარჩა, ხელი მოაწერა და 2020 წლის არჩევნების შედეგები აღიარა. სიმართლე გითხრათ, ახლა დარწმუნებული არ ვარ, რომ ჯეი დი ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის პირობებშიც იგივე მოხდება. გამორიცხული არ არის, ინსტიტუციურმა დამცავმა მექანიზმებმა აღარ იმუშაოს. საბოლოო ჯამში, გადაიზრდება თუ არა ეს ინდიკატორები საგანგაშო, ანტიდემოკრატიულ სისტემასა და პროცესებში, რომლებიც ამერიკულ დემოკრატიას დაასამარებს ამას მალე ვნახავთ.
- რადგან ტრამპი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა მეთოდით იბრძვის, იმ ფონზე, როდესაც მას საზოგადოებაში საკმარისი მხარდაჭერა აღარ აქვს, მოსალოდნელია თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება?
- რადგან გამარჯვების გარანტია არ აქვს, მატულობს არადემოკრატიული მეთოდების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით საბოლოო გახლეჩა მოხდება. თავად "მაგას“ (MAGA) ბანაკშიც კი არ არის ერთსულოვნება - იქაც არის უფრო რადიკალური და მცირე ჯგუფი, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება ტრამპს და შექმნილი აქვთ მის მიმართ ერთგვარი კულტი, ხოლო მეორე მხრივ არიან ტრადიციული რესპუბლიკელები, რომლებისთვისაც ტრამპის ეს პოლიტიკა სრულიად მიუღებელია. პარტიის შიგნით ეს ორპოლუსიანობა სახეზეა და მომავალში გამოჩნდება, რამდენად წავა რესპუბლიკური პარტიის ჯანსაღი ნაწილი ღია დაპირისპირებაში ტრამპთან ამერიკული დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ერთადერთ იმედს, რომ ის რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა, მაძლევს მისი განაცხადი, რომ ის "მისტერ ვეტო“ გახდება. რადგან თავადაც დაუშვა ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა და ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ შესაძლოა კონგრესი დაკარგოს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მასობრივ არჩევნების გაყალბებაზე, ძალის გამოყენებასა და შედეგების რადიკალურ მანიპულაციაზე ამ ეტაპზე მაინც არ გადავა.
- თუმცა ვეტოების მასობრივად გამოყენებასაც ხომ შეუძლია მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნა?
- რა თქმა უნდა! თუ ტრამპმა ვეტოების მეშვეობით სერიოზული პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, როგორც გლობალური ზესახელმწიფო, ნაწილობრივ ეთიშება გლობალურ პოლიტიკას. შიდა კრიზისისა და დაპირისპირების ფონზე მას უბრალოდ აღარ ეცლება გარე პრობლემებისთვის, რაც გლობალური უსაფრთხოებისთვის კოლოსალურ შედეგებს გამოიწვევს. თუ ამერიკა ჩაეფლო შიდა პრობლემებსა და დაპირისპირებაში, ეს იქნება იდეალური და ყველაზე სასურველი სიტუაცია რუსეთისთვის, რომელიც დაინახავს, რომ ვაშინგტონს ევროპისა და სხვა რეგიონებისთვის არ სცალია. ზუსტად ასევე ხელსაყრელი იქნება ეს ჩინეთისთვისაც, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ხელები ექნება გახსნილი.
იხილეთ ასევე: