უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დღეს ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მდინარეში გადავარდნილ ავტომობილს მაშველები ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ჯგუფები.
ორივე ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაღუპულები ქუთაისში მაცხოვრებლები არიან - მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი. მათი ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა მიმდინარეობს.

უმძიმესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი. ყველა განიცდის მომხდარს და გლოვაა ქუთაისში.
“ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი, რა ვთქვა, შოკირებული ვარ ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს,”- განუცხადა მათეს მეგობრის დედამ “კვირის პალიტრას“.
დადებითად ახასიათებენ ავარიისას დაღუპულ მეორე ახალგაზრდას, ბერდია ხაბულიანსაც. იხილეთ სრულად
ადგილობრივების თქმით, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა სახიფათოა და ინფრასტრუქტურას ყურადღება აქვს მისაქცევი. როგორც ისინი აცხადებენ, კერძოდ, გასასწორებელია მოაჯირები და გზა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
ambebi.ge უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო.
იხილეთ ასევე: