ავტორი:

აშშ-ში, ციხიდან გაიქცა მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი - ის ერთკვირიანი დევნის შემდეგ დააკავეს: შოკისმომგვრელი ოპერაციის დეტალები

აშშ-ში, ციხიდან გაიქცა მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი - ის ერთკვირიანი დევნის შემდეგ დააკავეს: შოკისმომგვრელი ოპერაციის დეტალები

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთკვირიანი მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეიპყრეს 28 წლის მკვლელობაში მსჯავრდებული, რომელიც ტენესის შტატის ციხიდან გაიქცა. იაკობ ალენ მორლი კოლეგის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა, როდესაც მან საპყრობილის ღობის გადალახვა მოახერხა.

ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (TDOC) ცნობით, უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ გადალახა პატიმრის ფორმაში ჩაცმულმა მორლიმ ციხის ღობე 25 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე. მან გაქცევა მოახერხა ქალაქ ტიპტონვილში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის კორექციული კომპლექსიდან, რომელიც მემფისიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 145 კილომეტრში (90 მილი) მდებარეობს.

ციხის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, გაქცეულმა იქვე მდებარე ფერმიდან ავტომობილი მოიპარა.

ოთხშაბათს ტენესის გამოძიების ბიურომ გამოაცხადა, რომ მორლი დაკავებულია ადგილობრივი, შტატის და ფედერალური უწყებების ერთობლივი ოპერაციის შედეგად. TBI-ის განცხადებით, სამართალდამცავებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცეული იმალებოდა ილინოისის შტატის ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზე, საიდანაც სატვირთო ავტომობილი (პიკაპი) იყო მოპარული.

მოპარული პიკაპის სანომრე ნიშნის მიკვლევა სანომრე ნიშნების ავტომატური ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით მოხდა. ავტომობილი მისურის შტატის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

მისურის შტატის საგზაო პატრულმა მორლი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 11:34 საათზე, ქეროლის ოლქში დააკავა. სამართალდამცავებმა ავტომობილიდან ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც მანამდე მოპარულად ითვლებოდა. ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ხელბორკილებით აყვანილი მორლი, რომელიც პოლიციელებს მინდვრიდან გამოჰყავთ.

გაქცევის შემდეგ მორლი ტენესის გამოძიების ბიუროს ყველაზე ძებნილ პირთა სიაში შეიყვანეს.

მისურის შტატის საგზაო პატრულის ცნობით, მასშტაბურ დევნაში მონაწილეობდნენ კანზას-სიტის პოლიციის დეპარტამენტის, ინდეპენდენსის პოლიციის დეპარტამენტის, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), აშშ-ის მარშალთა სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების გამოძიების სამსახურის (HSI) თანამშრომლები.

იაკობ ალენ მორლის 2022 წელს თავისი კოლეგის, კოდი ბირჩფილდის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის (პირველი ხარისხის მკვლელობა) დაედო მსჯავრი. სამუდამო პატიმრობა მას 2025 წლის ივნისში მიუსაჯეს.

წყარო

იხილეთ ასევე: