კვერცხუჯრედის გაყინვა არის თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომლის დროსაც ქალის საკვერცხეებიდან მიღებული კვერცხუჯრედები ლაბორატორიულ პირობებში იყინება და ინახება მომავალში გამოსაყენებლად.
ეს მეთოდი ქალებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ ნაყოფიერება იმ დროისთვისაც კი, როცა მათი კვერცხუჯრედები სათანადოდ ხარისხიანი შეიძლება აღარ იყოს, როდესაც ისინი შვილის გაჩენას გადაწყვეტენ და ორსულობას დაგეგმავენ.
ამ მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქალი მიმართავს. ამის მსურველთა რიცხვმა საქართველოშიც მოიმატა.
- დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა - კვერცხუჯრედის გაყინვა. პირველ რიგში, გვითხარით, რა არის კვერცხუჯრედის გაყინვა და რა შემთხვევაში მიმართავენ მას ქალბატონები?
- კვერცხუჯრედის გაყინვა ქალს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიოლოგიური მასალა მომავლისთვის შეინახოს. ძირითადად, ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
სოციალური მიზეზი (ცხოვრების დაგეგმვა):
როდესაც ქალს სხვა გეგმები აქვს და იმ ეტაპზე ვერ ახერხებს დროულად ორსულობის დაგეგმვას (მაგალითად, არ ჰყავს მეუღლე, პარტნიორი, დაკავებულია კარიერით და ა.შ.) და სურს, მარაგი მომავლისთვის შეინარჩუნოს.
სამედიცინო ჩვენება:
ონკოლოგიური დაავადებები: თუ პაციენტს სჭირდება ქიმიოთერაპია ან სხვა მკურნალობა, რეკომენდებულია, მკურნალობის დაწყებამდე მოხდეს კვერცხუჯრედების ასპირაცია და შენახვა.
არაონკოლოგიური დაავადებები და ქირურგიული ჩარევები:
მაგალითად, თუ ახალგაზრდა გოგონას აქვს დიდი ზომის საკვერცხის კისტა (ვთქვათ, ენდომეტრიოიდული კისტა) და ესაჭიროება ოპერაცია. ქირურგიული ჩარევისას, განსაკუთრებით დიდი ზომის კისტის მოცილებისას, შესაძლოა ნაწილობრივ ჯანმრთელი ქსოვილიც გაყვეს, რამაც შეიძლება საკვერცხის მარაგის ნაადრევი განლევა გამოიწვიოს. ამ რისკების შესამცირებლად, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი ან სასურველია კვერცხუჯრედის შენახვა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: ეს არ ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ცალი საკვერცხე აქვს ან კისტისკენ მიდრეკილება, ავტომატურად კვერცხუჯრედის გაყინვა სჭირდება - ყველა შემთხვევა მკაცრად ინდივიდუალურია.
- თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენად აქტიურია დღეს ეს პროცედურა და ზოგადად, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ის წარსულში?
- კვერცხუჯრედის გაყინვა გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე, მაგალითად, ემბრიონის ან სპერმის გაყინვა. ის მკაცრ ტექნოლოგიურ რეჟიმებსა და პროცესებს მოითხოვს. 20–30 წლის წინ ემბრიონის გაყინვა უკვე შესაძლებელი იყო, მაგრამ კვერცხუჯრედს იმავე ხარისხით ვერ ყინავდნენ - მარაგი და ხარისხი ფუჭდებოდა. ტექნოლოგია ბოლო ათწლეულში საოცრად დაიხვეწა და დღეს კვერცხუჯრედის გაყინვა-გადნობის შედეგები თითქმის უთანაბრდება ემბრიონისას (თუ ემბრიონის შემთხვევაში შენარჩუნების მაჩვენებელი დაახლოებით 95%-ია, კვერცხუჯრედის შემთხვევაში - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენს, რაც ასევე ძალიან მაღალია).
რაც შეეხება მსოფლიო და ადგილობრივ სტატისტიკას: მაგალითად, ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს დაახლოებით 5.580 ქალმა შეინახა კვერცხუჯრედი. საქართველოში ბოლო ერთი-ორი წელია, რაც ამ პროცედურის მსურველთა ნაკადი საგრძნობლად გააქტიურდა, რაც სწორედ ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება.
- არის თუ არა კვერცხუჯრედის გაყინვა მომავალი ორსულობის ასპროცენტიანი გარანტია?
- მნიშვნელოვანია გავაფრთხილოთ მკითხველი და აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: კვერცხუჯრედის გაყინვა არის შესაძლებლობა და არა გარანტია. ბევრს ჰგონია, რომ თუ კვერცხუჯრედს შეინახავს, ნებისმიერ ასაკში ზუსტად იმდენ ბავშვს გააჩენს, რამდენიც მოუნდება. ეს ასე არ არის. ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რამდენად კარგი ხარისხის იქნება გაყინული უჯრედი წლების შემდეგ.
გარდა ამისა, კვლევებით დათვლილია, რომ ცოცხალი ნაყოფის (მშობიარობის) მისაღებად საშუალოდ 14 კვერცხუჯრედია საჭირო. ემბრიონის შემთხვევაში შანსი უფრო მაღალია, რადგან ის უკვე განაყოფიერებულია, მაგრამ კვერცხუჯრედის შემთხვევაში ეს სტატისტიკა მხედველობაშია მისაღები.
- არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი - მაგალითად, რამდენ წლამდეა რეკომენდებული ამ პროცედურისთვის მიმართვა?
- მკაცრი ზღვარი, რომ მაგალითად, 35 წლის შესრულებისთანავე ყველაფერი მთავრდება, ასეთი არ არსებობს. თუმცა, ზოგადი პოპულაციური რეკომენდაციით, სასურველია, ქალმა ამაზე 35 წლამდე იფიქროს.
ისე, ყველაფერი ინდივიდუალურია: შეიძლება 27 წლის პაციენტს ჰქონდეს ისეთი მონაცემები, რომ დროულად ვურჩიოთ პროცედურა, ან პირიქით - 34 წლისას ჰქონდეს იმდენად კარგი მარაგი, რომ კიდევ 1-2 წელი არ იყოს პრობლემა. თუმცა ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კვერცხუჯრედის ხარისხი უარესდება და რისკები იზრდება.
- როგორ ემზადება პაციენტი ამ პროცედურისთვის და ზოგადად, როგორ ტარდება ის?
- პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. მარაგის შეფასება და სკრინინგი: პირველ რიგში, ფასდება საკვერცხეების მარაგი (ექოსკოპიური კვლევა, ანტიმიულერის ჰორმონი და სხვა ზოგადი/ენდოკრინული კვლევები). აუცილებელია გამოირიცხოს ან მოწესრიგდეს ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰორმონალურ ფონზე).
2. საკვერცხეების სტიმულაცია: მენსტრუალური ციკლის მე-2-მე-3 დღიდან იწყება ჰორმონალური პრეპარატებით სტიმულაცია. მისი მიზანია, რომ ორგანიზმმა ერთი ფოლიკულის ნაცვლად რამდენიმე გამოიმუშაოს. ეს პროცესი ამბულატორიულად მიმდინარეობს, გრძელდება დაახლოებით 12–14 დღეს და პერიოდულად მოითხოვს კლინიკაში ვიზიტს ექოსკოპიური და ჰორმონალური მონიტორინგისთვის.
3. ასპირაცია (კვერცხუჯრედის ამოღება): როდესაც ფოლიკულები საჭირო ზომას მიაღწევს, ინიშნება კვერცხუჯრედების ამოღების ზუსტი დრო. პროცედურა ტარდება საშოს კედლიდან, წვრილი ნემსით, ექოსკოპიური კონტროლის ქვეშ. ის მცირედ მტკივნეულია და, როგორც წესი, ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით (სედაციით) კეთდება, ზოგჯერ ანესთეზიის გარეშე. - ინდივიდუალურია. იმავე დღეს პაციენტი სახლში ბრუნდება.
4. ემბრიოლოგიური შეფასება და გაყინვა: ამოღებულ მასას ადგილზე აფასებს ექიმი ემბრიოლოგი მიკროსკოპის ქვეშ და შესაბამისი ხარისხის კვერცხუჯრედები იყინება.
- ახლავს თუ არა ამ პროცედურას რაიმე გვერდითი მოვლენა ან გართულება?
- შესაძლოა ახლდეს მცირე დისკომფორტი: შებერილობა, მცირე სისხლიანი გამონადენი ან მუცლის არის მსუბუქი ტკივილი, რაც ნორმალურია.
იშვიათ გართულებებს შორისაა ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (როდესაც ორგანიზმი მოსალოდნელზე მეტ პასუხს იძლევა სტიმულაციაზე), ასევე ძალზე იშვიათად - სისხლდენა ან ინფექცია. სწორედ ამიტომ ტარდება წინასწარ სრულფასოვანი სკრინინგი, რათა რისკები მაქსიმალურად შეფასდეს და თავიდან იქნას აცილებული.
- რამდენ ხანს შეიძლება გაყინული კვერცხუჯრედის შენახვა და იცვლება თუ არა მისი ვარგისიანობა დროთა განმავლობაში?
- რადგან მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედის გაყინვას ასეთი ხანგრძლივი ისტორია ჯერ არ აქვს, ზუსტი მაქსიმალური ვადა მკაცრად განსაზღვრული არ არის. თუმცა, დღევანდელი მოწინავე ტექნოლოგიებით, იმის შანსი, რომ ქალი 10-15 წლის შემდეგ გახსნის მას და ხარისხი შენარჩუნებული იქნება, ძალიან მაღალია. სახელმწიფო დონეზე მკაცრი შეზღუდვები ამ მხრივ არ არსებობს. მთავარია გვახსოვდეს: ეს არის სანდო შანსი მომავლისთვის.
- რა ფსიქოლოგიურ ბარიერებს აწყდებიან ქალები ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
- ფსიქოლოგიური ბარიერი ძირითადად ორ რამეს უკავშირდება:
· ფინანსური მხარე: პროცედურა და მასთან დაკავშირებული კვლევები/მედიკამენტები გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს (სტანდარტული ინვიტრო მედიკამენტებით დაახლოებით 10 000–12 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო თავად კვერცხუჯრედის ასპირაცია-გაყინვა უფრო ნაკლებია).
· შიში შედეგისა და პროცედურის მიმართ: ბალანსი იმის გააზრებას შორის, რომ გარანტია არ გაქვს, მაგრამ ინვესტიციას დებ საკუთარ მომავალ შესაძლებლობაში. ასევე ზოგს ეშინია ჰორმონალური მედიკამენტების ან სამედიცინო მანიპულაციის.
აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა - რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რამის გაკეთება გეკისრებათ. ექიმთან მიდიხართ იმიტომ, რომ მიიღოთ სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და თავად მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
- დასასრულს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევა ქალბატონებისთვის?
- დღეს ქვეყანაში მწვავე დემოგრაფიული პრობლემაა, შობადობა შემცირებულია. თანამედროვე ქალების ცხოვრების წესი შეიცვალა - კარიერა, მუშაობა და ოჯახის შეთავსება დიდ ენერგიას მოითხოვს, რის გამოც შვილის გაჩენა გვიანდელი ასაკისთვის გადაიწევა.
თუმცა ბიოლოგიური ასაკი არ ჩერდება. ზოგჯერ პაციენტები 42–43 წლის ასაკში მოდიან და ამბობენ, რომ ციკლი საათივით აქვთ და შვილს 2-3 წელიწადში გეგმავენ, რეალურად კი ასაკობრივ ცვლილებებს სათანადოდ ვერ აფასებენ.
ჩემი მთავარი რჩევა იქნება: დაახლოებით 30 წლიდან მაინც მიაქციონ ყურადღება საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან, შეაფასონ მარაგი და ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია. ნუ გადადებენ ყველაფერს ბოლო მომენტისთვის - ინფორმირებულობა და დროული ზრუნვა საუკეთესო გზაა მშვიდი და ბედნიერი მომავლისთვის.