სოზარ სუბარი: "რაც ირაკლიმ თქვა, ნაღდია!"

სოზარ სუბარი: "რაც ირაკლიმ თქვა, ნაღდია!"

"როცა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საჭირო გახდება, ის აქ იქნება და პროცესი, რომელიც მაშინ დაიწყება, ხელისუფლებას დაასამარებს", - აცხადებს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. ამ პარტიის წევრების გარშემო ბოლო დროს უამრავი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. პარიზიდან მართული პარტიის გეგმების შესახებ ყოფილი ომბუდსმენი თავად გვესაუბრება.

- თქვენი პარტიის ლიდერების გამონათქვამებისა და საქციელის გამო ბოლო დროს თქვენს თანაპარტიელებს თავის მართლება უწევთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით?

- თუ თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს გულისხმობთ, ამ ინტერვიუს დროს ირაკლისთან ერთად ეროსი კიწმარიშვილიც იყო და ლევან გაჩეჩილაძეც. უბრალოდ, ინტერვიუს დროს ყველა თავისი ლექსიკით ლაპარაკობს და ეს ინდივიდუალურია. ისე კი, რაც ირაკლიმ თქვა, ნაღდი და სიმართლეა... მე და ირაკლი ალასანია რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი ალიანსის თანათავმჯდომარეები ვიყავით. ამ ხნის განმავლობაში ვერ მივაღწიე, რომ ერთხელ მაინც საჯაროდ და მწვავედ გაეკრიტიკებინა მერაბიშვილი, ადეიშვილი, თარგამაძე, უგულავა, "მასტერა" და ახალაიები. არადა, როგორც კი "ქართული პარტიის" შექმნის სურვილი განვაცხადეთ, ალასანია გამოვიდა და ოქრუაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის და ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფელები იყვნენ და მეგობრობა აკავშირებდათ. შეიძლება, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის, მაგრამ თუ ოპოზიცია ხარ, ხელისუფლება გააკრიტიკე, რაღა შენიანს ეცემი?!

- იქნებ, შეგვახსენოთ, კონკრეტულად რა ილაპარაკა?

- ირაკლის ციხეში ყოფნის პერიოდზე ძალიან დამამცირებლად ისაუბრა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო... ასე რომ არ მოქცეულიყო, ვიფიქრებდი, რომ მკვეთრი განცხადებები მისი სტილი არ არის, მაგრამ ოპოზიციონერებთან გამოაჩინა "ბრჭყალები"...

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ ირაკლი ალასანია ხელისუფლების თამაშს თამაშობს?

- მე ვთქვი, რომ ის ხელისუფლების გაკრიტიკებას ერიდება...

- სკანდალებით ცნობილ კიდევ ერთ თანაპარტიელზე გკითხავთ. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე არაკორექტული ქცევისთვის პარიზის აეროპორტში დააკავეს...

- ეს სიცრუეა. ამ ინფორმაციის გარცელების შემდეგ მე, ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ერთად ვიყავით, როცა ამის თაობაზე ეროსიმ "აირზენას" გენერალურ დირექტორს, გაიაშვილს დაურეკა. მან თავის მართლება დაიწყო, ხომ იცით, რა დღეში ვარ და როგორ მდგომარეობაში ვიქნებიო. რაზეც ეროსიმ მიუგო, იმის გამო, რომ ხელისუფლება გავალებს, ადამიანს ცილი უნდა დასწამოო?!. გარდა ამისა, ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ტე­ლეკომპანიებში რეკავდა და ეუბნებოდა, ჩვენი სტიუარდესები სკანდალურ კომენტარს მოგცემენო... თუ ასე მოხდა და სტიუარდესას შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს კომპანიის პრესტიჟის შელახვაა, რომელიც უნდა დამალონ... ამაზე გაიაშვილმა გვიპასუხა, რა ვქნა, ნინო გიორგობიანს ვერ ვაკონტროლებო. ვიცით, რომ ყველაფერი მერაბიშვილის ხელშია, მაგრამ ასეთ პირდაპირ აღიარებას მართლა არ ველოდი... "აირზენას" თვითმფრინავები კი არა, "ტაშტები" ჰყავს. ამის დასტურია მისი თვითმფრინავის კონგოში მომხდარი ავიაკასტროფა, რომელსაც საქართველოს ოთხი მოქალაქე და რამდენიმე უცხოელი შეეწირა. გაიაშვილს ადამიანების სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია. ამიტომაც ხელისუფლებას ის გამოჭერილი ჰყავს და რაც უნდა, იმას ალაპარაკებს.

- "ქართული პარ­ტიის" ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიის ოფისი მათ კეთილისმსურველმა ათხოვა. ამ დროს კი თქვენი თანამოაზრეები უცხოეთში ბიზნესკლასით დაფრინ­ავენ. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, თუ ქირის ფული არ გაქვთ, ასე ხშირად როგორ მგზავრობთ მაღალი კლასით?

- ვინ გითხრათ, რომ ეს შენობა კეთილისმსურველმა გვათხოვა?

- პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ერო­სი კიწმარიშვილმა, პარ­­­ტიის პრეზენტაციის დღეს...

- არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, ჩვენ ამ ოფისში ქირას ვიხდით... რაც შეეხება ფრენის ფულს, პარტიის ბიუჯეტიდან კი არა, საკუთარი ჯიბიდან ვიღებთ. როცა საქმე არ მოითხოვს, ჩვეულებრივი ეკონომკლასით დავფრინავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ირაკლისთან სასწრაფოდ მოსალაპარაკებელი ჰქონდათ და სხვა გზა უბრალოდ არ დარჩათ.

- თქვენც გჯერათ, რომ წელს "ყველაფერი დასრულდება"?

- დიახ, ეს იქნება წელს, მაგრამ კონკრეტული თარიღის დასახელებას მოვერიდები.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე