24 წლის მამაკაცი, რომელმაც კრაკოვის ცენტრში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიხაილ ოკშინსკის თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 16-ს აღწევს.
მოგვიანებით, მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში კიდევ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილები მისი ოჯახის წევრები 53 წლის მამა, 52 წლის დედა და 21 წლის და არიან.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარცინ კიერვინსკის განცხადებით, ეჭვმიტანილს "ძალიან რადიკალური შეხედულებები“ ჰქონდა. მინისტრის თქმით, არსებული გარემოებები მიუთითებს, რომ თავდამსხმელი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით იყო გატაცებული.

ოკშინსკი ქალაქ ოსტროვიეც-შვენტოკრჟისკიდან იყო. ის სამხედრო კადეტების სკოლაში სწავლობდა, თუმცა პოლონეთის არმიასთან კავშირი არ ჰქონია.
ერთ-ერთი ქალი, რომელიც სავარაუდო თავდამსხმელთან ერთად სწავლობდა, იხსენებს, რომ მას ხშირად შემზარავი შინაარსის ნახატები ჰქონდა. მისი თქმით, ნახატებზე გამოსახული იყო ჩამოკიდებული ადამიანები და შეიარაღებული პირი, რომელიც შენობაში შედიოდა.
ქალმა რადიო „ესკასთან“ საუბრისას გაიხსენა, რომ ერთხელ, გაკვეთილის დროს, როდესაც ოკშინსკი მსგავსი ძალადობრივი შინაარსის ნახატებს ხატავდა. თანაკლასელებმა ჰკითხეს, რა იყო გადმოცემული მის ნამუშევარში - მან კი უპასუხა, რომ ეს სკოლაზე თავდასხმის სცენარი იყო. ნახატზე ჩანდა, რომ ყველგან ცხედრები ეყარა, თავად კი სკოლაში იარაღით შედიოდა.
ასევე იხილეთ: