საქართველოში აშშ-ის ელჩი, ჯონ ბასი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდამჭერ პროგრამებს შეაჯამებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოდან აცნობეს, ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყება.
აღნიშნული პროგრამების ერთიანი სახელწოდებაა "სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა". მათ დასაფინანსებლად აშშ-ის მთავრობამ 90 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ახორციელებენ.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ინვესტიცია ხაზს უსვამს ამერიკის სურვილს, დემოკრატიის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშაოს და დააფინანსოს პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან მმართველობას, პოლიტიკურ პაექრობას, სკოლებში სამოქალაქო განათლების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას.
"აშშ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდასაჭერად 2007 წლიდან 2015 წლამდე 200 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ და საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებენ დემოკრატიის განმტკიცებისა და რეფორმების განხორციელების გზაზე", - იუწყება აშშ-ის საელჩო.
დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის საელჩოს დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის პროგრამის თანამშრომლები. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების შეჯამება წინ უსწრებს 27 აპრილისათვის დაგეგმილ დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში გაიმართება.