ნატა ვიბლიანის ადვოკატი ნუცა თოფურია მიმართვას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ ვიბლიანის დაცვას წყვეტს, მიზეზად კი არასათანადო მოთხოვნებს ასახელებს.
თუმცა, მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოულოდნელად აგრესიული გახდა:
“საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მსურს, საჯაროდ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო მიმდინარე მოვლენები.
ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, სრულიად უანგაროდ ვიცავდით ნატა ვიბლიანის ინტერესებს.
არაერთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენი ძალისხმევით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი საჩივარი შევიდა, რამაც საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი ითამაშა მის სამართლებრივ დაცვასა და რეაბილიტაციაში.
ჩვენი უზარმაზარი დაუღალავი შრომის შედეგად, ნატა ვიბლიანი ოფიციალურად იქნა ცნობილი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის საქმეზე. ამ სტატუსის საფუძველზე მან მიიღო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ფულადი დახმარება და არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ მატერიალური ბენეფიტი.
სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა. ყოველგვარი ლოგიკისა და ეთიკის საწინააღმდეგოდ, პიროვნება, რომლის გადასარჩენადაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, უკიდურესად აგრესიული გახდა.
მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, ამეხსნა მისთვის, რომ მისი მტრები არ ვიყავით, ნატა ვიბლიანმა დაიწყო ისეთი აბსოლუტურად საფუძველმოკლებული მოთხოვნების წამოყენება, რომელთა დაკმაყოფილებაც ფიზიკურად და სამართლებრივად შეუძლებელი იყო.
იმის ფონზე, რაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მისთვის გავაკეთეთ, სამწუხაროდ, დაიწყო ტარიელ კაკაბაძისა და მარიამ ბარსონიძის დისკრედიტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უდიდესი პროფესიული სურვილი, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, მსგავსი მტრული დამოკიდებულების ფონზე, იძულებულნი ვართ, აღნიშნულ საქმეს სრულად ჩამოვშორდეთ.
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ორმხრივ ნდობას, პატივისცემასა და ეთიკურ სტანდარტებს. სადაც ეს პრინციპები ირღვევა, პროფესიული თანამშრომლობა შეუძლებელია. შესაბამისად, დღემდე არსებული მონაცემებით და მოცემულობით, მე, როგორც ადვოკატი, ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ!“ - წერს ნუცა თოფურია.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
იხილეთ ასევე: