2 წლის წინ გარდაცვლილი, 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცახდებით, საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.
ამის შესახებ ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
"დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული. დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.
დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.
დიდი მადლობა მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შემადგენლობას, გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულთან და მის უფლებადამცველთან - ჩემთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო. რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს.
როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა.
მტკიცებულებებს რაც შეეხება, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა გამოძიება. ველოდებოდით სამხარაულის ექსპერტიზების პასუხს, რომელიც დროს ითხოვდა, რადგან ძალიან ბევრი აუდიო-ვიდეო ფირი იყო ამოღებული და დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა ექსპერტიზების მიღება“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა,რაც ,სავარაუდოდ, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.
ასევე იხილეთ: