ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს. მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.
ინციდენტი 11 ნოემბერს მოხდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მერაბ დვალიშვილი და ნურმაგომედოვების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უმარ ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დაგეგმილ RAF-ის ღონისძიებაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას ზურგიდან უსმან ნურმაგომედოვი და მასთან ერთად მყოფი ჯგუფი მიუახლოვდა, რა დროშაც უსმანი მერაბს სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვება. მოგვიანებით გავრცელებულ სხვა კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი ჯგუფს უპირისპირდება, თუმცა რამდენიმე ადამიანი მას ძირს აგდებს და ურტყამს. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ერთვება ჩხუბში კიდევ ერთი ქართველი საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბის დახმარებას ცდილობს და თავდამსხმელებს უპირისპირდება.
თავად დვალიშვილმა მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. მას სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი, დაზიანებებს კი მედიკოსები უმუშავებდნენ.
"RAF-ისთვის ინტერვიუს ვწერდი სასტუმროს ფოიეში, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვიახლოვდნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს დაგვესხნენ თავს. დაცვა მაკავებდა, ისინი კი მაშინაც გვირტყამდნენ, როდესაც ძირს ვეგდეთ“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
მომხდარის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდა და მათ საქციელს სიმხდალე უწოდა.

ინციდენტს გამოეხმაურა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია. მან თავდამსხმელებს "მშიშრები“ უწოდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი პირები დაკავებულები იყვნენ. მოგვიანებით MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ყველა პირი ადგილობრივ სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული და პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის უთანხმოება რამდენიმე თვეა გრძელდება. დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2025 წლის იანვარში გამართული UFC 311-ის ბრძოლაა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
მოგვიანებით, 2026 წლის აგვისტოში, დვალიშვილი RAF Georgia-ს ღონისძიების კულისებში უმარის თანმხლებ პირს, აჰმედ გაჯიმაგომედოვს, დაუპირისპირდა და სახეში გაარტყა. ამ შემთხვევას მებრძოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
მომხდარის შესახებ საკუთარი პოზიცია გამოთქვა ისლამ მახაჩევმაც. მან უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის კრიტიკის საპასუხოდ გაიხსენა აგვისტოს ინციდენტი და განაცხადა, რომ კონფლიქტი სწორედ მერაბის მოქმედებებით დაიწყო.
ამ ფონზე, აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმა დაპირისპირების მორიგი გამწვავება აღმოჩნდა.
28 წლის უსმან ნურმაგომედოვი რუსი პროფესიონალი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. უსმან ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. ორივე კი ხაბიბ ნურმაგომედოვის ნათესავიაა
უსმანი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია PFL-სა და Bellator-ში. The National-ის ინფორმაციით, ამჟამად ის თავისუფალი აგენტია და მოსალოდნელია, რომ კარიერას UFC-ში გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ უსმანი RAF Abu Dhabi-ს ღონისძიების მონაწილე არ არის, ის ხშირად ესწრება უმარის, MMA-ისა და ჭიდაობის შეჯიბრებებს.
ინციდენტის შემდეგ დაკავების შესახებ ინფორმაცია ილია თოფურიამ გაავრცელა. MMA-ის ჟურნალისტ არიელ ჰელვანის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის ყველა მონაწილე იმყოფებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დვალიშვილი თავად არ აპირებს ჩივილს. პოლიციამ კი მომხდარის შესახებ შეიტყო, რადგან ინციდენტი საჯარო ადგილას მოხდა და ვიდეოკამერებზეც აღიბეჭდა.
The National-ის ცნობით, გამოცემა დამატებით ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ არ გავრცელებულა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფიზიკური ძალადობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.
ქვეყნის ფედერალური კანონის - 2021 წლის №31 კანონის 390-ე მუხლის თანახმად, თუ ფიზიკურ ძალადობას მოჰყვა ისეთი დაზიანება, რომელიც ადამიანს ავადმყოფობას ან 20 დღეზე მეტი ხნით ყოველდღიური საქმიანობის შესრულების შეუძლებლობას უქმნის, გათვალისწინებულია პატიმრობა და ჯარიმა.
თუ დაზიანება ამ სიმძიმის არ არის, სასჯელი შეიძლება იყოს ერთ წლამდე პატიმრობა და არაუმეტეს 10 000 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამის ოდენობის ჯარიმა.
კონკრეტულად რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ინციდენტის მონაწილეებს, დამოკიდებული იქნება გამოძიების შედეგებზე, დაზიანებების სამედიცინო შეფასებასა და სამართალდამცველების მიერ დადგენილ გარემოებებზე.
ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მერაბ დვალიშვილის მონაწილეობაც RAF Abu Dhabi-ს ღონისძიებაში.
ქართველ მებრძოლს 14 ნოემბერს მარლონ მორაესთან უნდა ეჭიდავა. გამოცემა The National-ის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ უცნობი იყო, შეუშლიდა თუ არა მიღებული დაზიანებები მას დაგეგმილ გამოსვლაში.
ამავე ღონისძიებაზე უმარ ნურმაგომედოვის მეტოქე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი ურაია ფეიბერი უნდა ყოფილიყო.
იხილეთ ასევე: