საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის ციხიდან ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, დვალიშვილი-ლაზიშვილის გასათავისუფლებლად პროცედურებში საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთნენ.
“როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად.
მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.
იხილეთ ასევე: