ქართველი სპორტსმენების ტრიუმფი აბუ-დაბიში გამართულ RAF-ის (Real American Freestyle) ტურნირზე - მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხეს.
მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და შეხვედრა შთამბეჭდავად დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება ჩოქით მოიპოვა. შეხვედრა დაწყებიდან 1 წუთსა და 30 წამში დასრულდა.
ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.

ბრძოლის შემდეგ მერაბმა აბუ-დაბის მთავრობას მიმართა და უსმან ნურმაგომედოვისა და იმ პირების გათავისუფლება სთხოვა, რომლებმაც 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ.

შთამბეჭდავი გამოდგა საბა ლაზიშვილის გამოსვლაც. 21 წლის ქართველმა მოჭიდავემ ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა.
ლაზიშვილი შეხვედრის საწყის ეტაპზე ჩამორჩებოდა, თუმცა მესამე პერიოდში სიტუაციის შემობრუნება შეძლო. ქართველმა მეტოქეზე რამდენიმე ეფექტური მოქმედებით ქულები დააგროვა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვების შემდეგ, როდესაც ლაზიშვილის შოუს წამყვანთან კომენტარს აკეთებდა და მხარდამჭერებს მადლობას უხდიდა, ამ დროს მერაბ დვალიშვილის მას უკან ამოუდგა და ყურში ჩასჩურჩულა. წამყვანმა ჰკითხა საბა ლაზიშვილს, თუ რა უთხრა მას მერაბ დვალიშვილმა, რაზეც სპორტსმენმა მიუგო: "მან მითხრა, რომ მე გავხდები მომავალში UFC-ის ჩემპიონი".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები. რა დროსაც საბა ლაზიშვილი ჩხუბში ჩაერთო, მან მერაბ დვალიშვილი დაიცვა და თავდამსხმელები მოიგერია.
მიუხედავად ინციდენტისა და მიღებული დაზიანებებისა, ორივე ქართველმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლო და გამარჯვებით დაასრულა გამოსვლა.
ასევე იხილეთ: