დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილებები არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები შეაჯამა.
მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებაზე. ელჩის თქმით, სახელმწიფო მდივანმა აქცენტი გააკეთა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, კერძოდ კი იმაზე, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გზით მოხდეს დემოკრატიული ცვლილება.
"დემოკრატიულ სისტემაში მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდებოდეს არჩევნების გზით, რაც ასახავს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოების სურვილს", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, არ ღირს მსჯელობა, თეორიულ მოსაზრებაზე – თუ ხელისუფლება შეწყვეტს ოპოზიციასთან დიალოგს, გახდება თუ არა ხელისუფლება არალეგიტიმური.
"შეერთებული შტატები დაინეტერესებულია, რომ საქართველოში პროცესი წინ მიდიოდეს. მთავრობის წევრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან მთავრობაში, ითანამშრომლონ იმ მიზნით, რომ შემუშავებული იქნას ისეთი საარჩევნო წესები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებისთვის კონკურენტულ სივრცეს უზრუნველყოფს და ეს მოხდეს ისეთ ვადაში, რომ პოლიკურ ძალებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდეთ და ხმები მოიზიდონ", - განაცხადა ჯონ ბასმა.