გაჩეჩილაძე-სააკაშვილის 40-მილიონიანი გარიგება

გაჩეჩილაძე-სააკაშვილის 40-მილიონიანი გარიგება

ეს ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ძმები, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა'', მიხეილ სააკაშვილს "ვარდების რევოლუციის'' დროს აქტიური მხარდაჭერის სანაცვლოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოსა და თეატრის ინსტიტუტის აშენება სთხოვა. პრეზიდენტს მისთვის, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, თხუთმეტი ჰექტარი მიწა უნდა გადაეცა. ამ ტერიტორიაზე, არა მარტო კინოსა და თეატრის ინსტიტუტი, არამედ, ფაქტობრივად, გაშენდებოდა კინოინდუსტრიისთვის საჭირო ყველა შენობა-ნაგებობა, პავილიონები.... მოკლედ, "უცნობს'', კუს ტბაზე ქართული მინი-ჰოლივუდის მოწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული.

"ქართულ ჰოლივუდში'' განზრახული იყო თითქმის ყველა ჟანრის ფილმის გადაღება. გარდა ამისა, უცნობს უნდა "ეკისრა'' ხელისუფლების სარეკლამო კლიპებისა და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ამავე პროექტის მიხედვით, რომელსაც, რატომღაც, კინოსა და თეატრის ინსტიტუტი უნდა დარქმეოდა, იქვე აშენდებოდა ღია სცენა და დახურული საკონცერტო დარბაზიც. "ვერსიის'' კონფიდენციალური და სანდო წყარო ირწმუნება, რომ "უცნობი'' მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა: შენს მიმართ არც თუ ისე კეთილგანწყობილ ხალხს, კინოინდუსტრიასა და შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანებს დავასაქმებ, ანუ ე.წ. ოპოზიციური ინტელიგენციის ნაწილს და შენს მომხრეებად თუ არ ვაქცევ, მათ პროტესტს და აგრესიას გავანეიტრალებ მაინც და შენს წინააღმდეგ მედიით აღარ გამოვლენო. როგორც წყარო ამტკიცებს, "უცნობი'' 2005 წელს იგივეს გაკეთებას აპირებდა, რასაც ახლა თავის არაერთ კოლეგას უკიჟინებს - მიშამ დაგასაქმათ, ფულს გიხდით, სპექტაკლებსა და კონცერტებში სისტემატურად მონაწილეობთ და მისი ყურმოჭრილი მონები ხართო. აი, ამ "ყურმოჭრილი მონების'' მწყემსვასა და პატრონობას კი, "უცნობი'' თავადვე აპირებდა და რომ დასცლოდა, ალბათ, "მიშა ჯიგარიას'' კლიპადაც გადაიღებდა. პროექტის ღირებულება 32 მილიონი დოლარი იყო. იგი ქართველ ბიზნესმენებს უნდა დაეფინანსებინათ.

შენობებიცა და პავილიონებიც, მათ უნდა აეშენებინათ, შემდეგ კი, "ქართული ჰოლივუდი'' გადაეცემოდა გია გაჩეჩილაძეს, რომელიც იქნებოდა კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელი. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - პროექტი არ განხორციელდა, მარტივი მიზეზის გამო - მიშამ "უცნობი'' გადააგდო. წყარო აცხადებს, რომ 2007 წელს, როცა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ითხოვდა და ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როცა იპოდრომზე სააკაშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად ოპოზიცია ხალხს ეპატიჟებოდა, მიხეილ სააკაშვილი თავად დაუკავშირდა გია გაჩეჩილაძეს და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა შავნაბადაზე შედგა.

მიხეილ სააკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს კუს ტბის პროექტი შეახსენა და უთხრა, ამ პროექტს დაგიფინანსებო. შეხვედრა მეორე დღისთვის დათქვეს. "უცნობმა'' მეორე დღეს, შავნაბადაზე, სააკაშვილს მიუტანა კუს ტბის პროექტის ახალი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც, პროექტი, 32 მილიონის ნაცვლად, უკვე ორმოცი მილიონი დოლარი ჯდებოდა. სააკაშვილმა ახალი ხარჯთაღრიცხვა დაიტოვა და უთხრა, დაგიკავშირდებიო. ისიც დაამატა, რომ ამ პროექტს ჰოლივუდის რომელიმე ცნობილ კინოკომპანიასთან ერთად განახორციელებდა. დანარჩენი კი, ყველას კარგად მოგეხსენებათ - გაჩეჩილაძეებმა პირობა შეუსრულეს, სააკაშვილს არც ინაუგურაცია ჩაუშალეს და არც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის იბრძოლეს ისე, როგორც საჭირო იყო. სააკაშვილმა კი, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, გაჩეჩილაძეებს მხოლოდ მცირედი შეუსრულა: ლევან გაჩეჩილაძეს ორმილიონიანი კრედიტი დაუფარა და ორი მილიონიც ხელზე მისცა, "უცნობს'' კი, რადიო "ნაცნობის'' დასაფუძნებელი და "სპორტკაფეს'' შესაძენი ფული მისცა. სხვათა შორის, კუს ტბის პროექტს "ნაცნობი'' უნდა დარქმეოდა. მართალია, "უცნობმა'' საწადელი ვერ აისრულა და ორმოცმილიონიანი "ნაცნობი'' კინოკომპანია ვერ შექმნა, სამაგიეროდ, წყაროს მტკიცებით, სააკაშვილთან ვაჭრობის შედეგად ორი "ნაცნობი'' მაინც მიიღო - რადიო და რესტორანი (ყოფილი "სპორტკაფე'') და თავისი გულის ჭია მაინც გაახარა.

აღსანიშნავია ერთი დეტალიც, მთელ ამ კინოინდუსტრიაში მართლა იყო ჩაფიქრებული კინოსა და თეატრის ინსტიტუტის გახსნა. პროექტის მეორე ვარიანტში კი, რომელიც 2007 წელს მიუტანა სააკაშვილს "უცნობმა'', უკვე კინოსა და თეატრის კოლეჯიც იყო ჩამატებული. "ვერსიას'' აღნიშნულ საკითხზე გია გაჩეჩილაძის კომენტარის მოპოვება სურდა. თავად გაჩეჩილაძე, კარგა ხანია, მედიისთვის მიუწვდომელია. ამბობენ, რომ მობილურ ტელეფონს საერთოდ არ ატარებს. შესაბამისად, "ქართული პარტიის'' პრესცენტრის უფროსს, ლია კალმლაძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ გია გაჩეჩილაძე მათი პარტიის წევრი არ არის (?!), ამიტომ ვერ შეძლებდა, რომ მასთან დავეკავშირებინეთ. მან ასევე გვითხრა, რომ არანაირი კონტაქტი "უცნობთან'' არ აქვთ. როცა ვთხოვეთ, იქნებ, გია გაჩეჩილაძესთან, მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის მეშვეობით დაგვაკავშირეთო, მოკლედ მოგვიჭრა - უფროსი გაჩეჩილაძე უცხოეთში იმყოფებაო. როცა ლევან გაჩეჩილაძე უცხოეთიდან დაბრუნდა, ლია კალმლაძეს კვლავ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ განგვიცხადა, ლევან გაჩეჩილაძე და "ქართული პარტიის'' სხვა ლიდერები რეგიონებში ხალხს ხვდებიან და ვერც ამჯერად შეგისრულებთ თხოვნასო.

გაზეთი "ვერსია"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე