საქართველოს პარლამენტის შენობა ბევრი ისტორიული ფაქტისა თუ მოვლენის უტყვი მოწმეა: ერთ დროს აქ ეკლესია იყო, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს, აქვე განისვენებენ გმირულად დაღუპულ ქართველ იუნკერთა ცხედრები, 9 აპრილის ტრაგედიაც აქ დატრიალდა - სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობა იყიდება, რომ ის უკვე დაათვალიერეს არაბმა და ბერძენმა ინვესტორებმა. გვესაუბრება პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი.
- სიმართლე გითხრათ, ამ შენობის გაყიდვაზე კულუარებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ და ეს ინფორმაცია არ გამკვირვებია. ხელისუფლებას პარლამენტი ქუთაისში გადააქვს და რატომ შეინახავს ცარიელ შენობას, რომელიც შესანიშნავ ადგილზეა? ჩემი აზრით, ხელისუფლება პარლამენტის შენობას ჩუმად გაყიდის და მერე გამოაცხადებს აუქციონს. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, ეს ხომ მათი სტრატეგიაა. არაბი იყიდის პარლამენტის შენობას, ფრანგი, გერმანელი თუ ინგლისელი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მე სულ სხვა რამ მაშფოთებს.
- მაინც რა?
- უცნაურია, რომ ჩვენს საზოგადოებაში მწვავე რეაქცია არ გამოუწვევია ისეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას, როგორიც ქუთაისში პარლამენტის გადატანაა. როდესაც ლაპარაკი დაიწყეს პარლამენტის შენობის გაყიდვაზე, ამან ჩვენს საზოგადოებაში ათასჯერ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე იმან, რომ პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ. ბუნებრივია, თუ ასე მოხდება, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას თავისი ფუნქცია დაეკარგება. მერე ამ შენობის ადგილზე სასტუმროს ააშენებს რომელიმე კომპანია თუ შადრევანს, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ერთი ადამიანის ხუშტურით, ერთი ადამიანის ნება-სურვილით წყდება ისეთი საკითხები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაწყდეს რეფერენდუმის გარეშე.
პარლამენტი თბილისიდან გადაააქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ყელში აქვს ამოსული თბილისელების უარყოფითი დამოკიდებულება და პარლამენტის წინ მიტინგების ნახვა აღარ სურს. ეს ისეთი საკითხია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაწყვიტოს ერთმა ადამიანმა, თუნდაც პრეზიდენტმა.
- თავდაპირველად ითქვა, რომ პარლამენტი თბილისშიც იქნებოდა და ქუთაისშიც...
- თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ სხდომები ჩატარდებოდა ქუთაისში, საკომიტეტო მოსმენები და დანარჩენი მუშაობა კი თბილისში გაგრძელდებოდა. ესე იგი, ორ ქალაქში იქნებოდა ერთპალატიანი პარლამენტი. მსგავსი რამ არსად მომხდარა, როგორ შეიძლება ერთპალატიანი პარლამენტის განაწილება ორ ქალაქში? ეს იმას ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისში უნდა ავიყაროთ და ქუთაისში გავქანდეთ, კვირის ბოლოს კი თბილისში უნდა გამოვქანდეთ და კომიტეტებისა და ფრაქციის სხდომები ჩავატაროთ. შემდეგ ისევ გავქანდეთ და ა.შ. მარტო აქეთ-იქით სირბილში დაიხარჯებოდა იმდენი ფული, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც არ ეყოფოდა. ეტყობა, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ასეთი სისულელის გაკეთება არ შეიძლებოდა. ბოლოს კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი მთლიანად ქუთაისში გადაიტანონ.
- ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია.
- მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან როდესაც მთავრობა არის თბილისში და პარლამენტი ქუთაისში, ეს დიდ უხერხულობას ქმნის: დღე არ გავა, პარლამენტში მთავრობის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი არ მოვიდეს, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს ხშირად აქვთ გადასაწყვეტი აუცილებელი საქმეები. თუ პარლამენტი ქუთაისში იქნება, სამინისტროებს უნდა გამოეყოს სამივლინებო თანხები, რომლითაც ამ ხალხმა თბილისიდან ქუთაისში უნდა იაროს.
აქედან გამომდინარე, მაინც სრული აბსურდი მივიღეთ, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და კიდევ უფრო ხშირად მოუწევს პარლამენტში მისვლა. ამაზეც დაფიქრდნენ და თქვეს, რომ ქუთაისში ააშენებენ მთავრობის სახლს და ის ხალხი, ვინც პარლამენტში ხშირად უნდა მივიდეს, იქ იქნებაო. როგორ იქნებიან მინისტრები თბილისში და მინისტრის მოადგილეები ქუთაისში, ვერ ვხვდები, იქნებ თვითონ ამიხსნან?
ზოგჯერ ხუმრობით ამბობენ, რომ მთავრობაც ქუთაისში გადავა, გამოდის, რომ ქვეყნის დედაქალაქი შეიცვლება. დავით აღმაშენებელმა მთელი ცხოვრება მოანდომა იმას, რომ დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოეტანა და საქართველოს გაერთიანება დაესრულებინა. ახლა კი, უნდა გაიხლიჩოს პარლამენტი და მთავრობა და ეს ხდება მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილით, რომელსაც მობეზრდა მიტინგების ყურება პარლამენტთან.
- ბატონო გიორგი, საზოგადოებისათვის ისიც უცნობია, თუ რა დაუჯდება პარლამენტის ქუთაისში გადატანა ჩვენს ბიუჯეტს.
- ხელისუფლება მალავს, რა თანხა ჯდება ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება. როდესაც ამაზე ლაპარაკი დაიწყო, ჩვენ ვთხოვეთ, იქნებ რაიმე ფინანსური გაანგარიშება გვაჩვენოთ, რა დაუჯდება სახელმწიფოს ეს ყველაფერი-თქო, მაგრამ მტკიცე უარი მივიღეთ. სააკაშვილი 2012 წლის 26 მაისის აღლუმის ჩატარებას ქუთაისში, ამ შენობის წინ აპირებს.
წარმოგიდგინოთ, რა სისწრაფით უნდა აშენდეს და რა თანხა უნდა დაიხარჯოს? სააკაშვილს ვურჩევ, ადგეს და თვითონ გადაბარგდეს ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაცვლად კი ავლაბრის რეზიდენცია გავიტანოთ აუქციონზე, მერწმუნეთ, ის უფრო ძვირად გაიყიდება. პოლიტიკური სპექტრის არევ-დარევას და აბსურდის თეატრის მოწყობას ქვეყანაში, მთავრობისა და პარლამენტის ზევით-ქვევით სირბილს, ნამდვილად ასე აჯობებს!
P.S. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის თქმით, როდესაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა, პარლამენტს ორი შენობა აღარ დასჭირდება. "ერთი რამ შემიძლია ვთქვა: თუ პრივატიზება მოხდა, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე", - გვპირდება ბატონი გია.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)