საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა: "ვიდრე აქ მოვიდოდი, ტელევიზიით მოვისმინე უცხოეთში, რაღაც კონფერენციაზე ერთ-ერთი ასეთი გამოსვლა, - "დროა გავიგოთ, რომ საქართველო სტრატეგიულად უმნიშვნელო ქვეყანაა, უნდა შევწყვიტოთ ჩვენი პრობლემების ევროპისთვის თავს მოხვევა და მიკვირს, რატომ გვაქცევთ ყურადღებასო.
ამის შემდეგ ასეთი კაცი გამოვა და გააპროტესტებს თუკი სამპროცენტიანი რეიტინგი ექნება" - ამგვარად პრეზიდენტმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გააკრიტიკა, რომლის გამოსვლის ფრაგმენტი ბრიტანულ ორგანიზაცია Chatham House-ში ტელეკომპანია "იმედმა" კონტექსტიდან ამოგლეჯილად გააშუქა. ალასანია მიიჩნევს, რომ ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა.
- ზნედაცემული პოლიტიკოსის სტილია, პოლიტიკურ ოპონენტს ტყუილით მიაყენოს დარტყმა. სააკაშვილი სწორედ ამას შეეცადა, თუმცა არ გამოუვიდა, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. საქმე ის არის, რომ იმ საზოგადოებამ, რომლის წინაშეც წარვდექი და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ნებისმიერი ჩემი შეხვედრა და გამოსვლა დღესაც და მაშინაც, როდესაც გაეროში წარმოვადგენდი საქართველოს, მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გამყარებისა და მისი იმიჯის გაძლიერებისკენ, სწორედ სააკაშვილის მიერ შელახული საქართველოს იმიჯის გამოსწორებას ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა.
მიმაჩნია, რომ სააკაშვილის გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი არ უნდა შეფერხდეს. ამისთვის კი დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში ალტერნატიული ძალაც არსებობს, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მიმართ. სააკაშვილს ძალიან ეშინია მომავლის, რადგან მისი ადგილი მომავლის პოლიტიკაში არ არის და ამას მშვენივრად აცნობიერებს.
ამიტომაც ასეთი მეთოდებით ებრძვის მოწინააღმდეგეებს. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ დასანანია, როცა ამხელა თანამდებობის პირი ასეთი მდარე ტაქტიკით მოქმედებს. აღარ მოვყვები, რა და როგორ ვთქვი, ვფიქრობ, თქვენმა მკითხველმა ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ, ჩემი ფრაზა იმ ტელევიზიამ, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს, კონტექსტიდან ამოგლიჯა. სხვათა შორის, ამ ტელევიზიას მოდელირებისა და ტყუილის ტირაჟირების დიდი გამოცდილება აქვს.
- თქვენ მკაცრად გაგაკრიტიკათ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმაც...
- ოქრუაშვილის განცხადებებს კომენტარის ღირსად არ მივიჩნევ. ოქრუაშვილი მხდალია, პირადად რომ შევხვდები, მაშინ გავცემ პასუხს.
- რას გულისხმობთ, ფიზიკურად გაუსწორდებით? დამეთანხმებით, საქმის ასეთი გარჩევა და შეხლა-შემოხლა ქართულ პოლიტიკაში ლამის ნორმად დამკვიდრდეს.
- ოქრუაშვილს როცა შევხვდები, სათქმელს პირადად ვეტყვი...
- რატომ იქეცით "ქართული პარტიის" თავდასხმის სამიზნედ?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. შეგახსენებთ, "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის თანამშრომლობას სთავაზობს მთელ ოპოზიციურ სპექტრს. მეც მგონია, რომ ახლა მართლა არ არის დრო, ოპოზიციურმა პარტიებმა ძველებურად განაგრძონ კინკლაობა. დროა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე ვიზრუნოთ და ყველაზე მწვავე ოპონირების დროსაც კი არ დავკარგოთ ღირსება.
- ამავე პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარის თქმით, ის ყველაზე ნაკლებად ისურვებდა თქვენთან თანამშრომლობას, რადგან სანდო პარტნიორი არ ხართ...
- ეს რატომ თქვა, სჯობს, სუბარს ჰკითხოთ. ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში ყოველთვის ვცდილობდი, სოზარისთვის შანსი მიმეცა, რომ უფრო მეტად წარმოჩენილიყო, როგორც "ალიანსის" ლიდერი. ნამდვილად არ ვარ მის მიმართ ცუდად განწყობილი. ვფიქრობ, სოზარს ღირსებას არ მატებს ასეთი ლაპარაკი.
- მისივე განცხადებით, თუ რევოლუციურ პროცესს დაუპირისპირდებით, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების, გირგვლიანის მკვლელების და ა.შ. გვერდით დადგომა მოგიწევთ...
- ჯერ ერთი, მე ვთქვი, რომ დავუპირისპირდები პროცესების განვითარების ძალადობრივ გზას, მეორეც, ნუ შევძენთ სოზარის განცხადებებს ასეთ მნიშვნელობას. მე იქ დავდგები, სადაც აქამდეც ვიდექი და ვიმოქმედებ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ბევრისგან განსხვავებით, მე ამ ინტერესების გამო დავტოვე თანამდებობა და, ამასთანავე, უარი ვთქვი არაერთ მაღალ თანამდებობაზე. სოზარს კი ვურჩევ, ოპოზიციურ სპექტრში მტრების ნაცვლად მეგობრები ეძებოს.
- მაინც რა თანამდებობებს გთავაზობდნენ?
- ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრობა შემომთავაზეს, შემდეგ კი - თავდაცვის მინისტრობა. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირადად სააკაშვილისგან მივიღე სწორედ მაშინ, როდესაც ცალი ფეხით უკვე ოპოზიციაში ვიყავი...
- როგორ შეაფასებთ ჰილარი კლინტონის განცხადებას, როდესაც მან ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, ამას კი წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ კრიტიკული ანგარიში...
- ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი აშშ საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ დახურული, დიპლომატიური საუბრიდან, საჯაროდ დეკლარირებულ მხარდაჭერაზე გადავიდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს არა რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ ზოგადად ქართული დემოკრატიის განმტკიცებას. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უდიდესი პრობლემა სააკაშვილია.
მან ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, რაც აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, თუმცა ჯერჯერობით რჩება ქვეყნის, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემად. ახლა ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა, მშვიდობიანად შეიცვალოს საარჩევნო გარემო, შემდეგ კი არჩევნებით შევცვალოთ სააკაშვილის რეჟიმი.
- ანუ, მიიჩნევთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნის პრობლემას?
- სამწუხაროდ, ასეა. სააკაშვილმა ერთპიროვნული, ავტოკრატიული მმართველობით შეიყვანა ქვეყანა ამ ჩიხში. დავამატებ კიდევ ერთს: ქალბატონი კლინტონის განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რეალურად და სრულფასოვნად. რაც ნიშნავს, რომ ფასადური ცვლილება, ანუ პრეზიდენტის მანტიის გახდა და პრემიერ-მინისტრის მანტიის მორგება არ ჩაითვლება სრულფასოვან ცვლილებად.
იმედი მაქვს, რომ ის დიალოგი, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ "რვიანს" შორის დაიწყო, კვლავაც გაგრძელდება. ხელისუფლება იძულებული იქნება, დასძლიოს ის კომპლექსი, რასაც სააკაშვილის კომპლექსს დავარქმევდი და მაისის ბოლომდე მოვახერხებთ შეთანხმებების მიღწევას.
სააკაშვილის კომპლექსში ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლებაში კომპრომისს რატომღაც სისუსტის გამოვლენად მიიჩნევენ, არადა, პოლიტიკა სწორედ კომპრომისებზე აგებული პროცესია. ის, რომ მოლაპარაკება შეწყდა, პირადად სააკაშვილის დამსახურებაა, მისი უშუალო ჩარევით გაჩერდა პროცესი, თუმცა მოლაპარაკების მაგიდა ჯერ არ აშლილა, ვიმედოვნებ, არც აიშლება, განსაკუთრებით ამ პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერის გათვალისწინებით... მაგრამ თუკი მაისის ბოლომდე საფუძვლიანი ცვლილება არ განხორციელდება, "თავისუფალი დემოკრატები" და ამ პროცესის ყველა დანარჩენი მონაწილეც, არ დავთანხმდებით ფასადურ ცვლილებებს. ამ შემთხვევისთვის ჩვენ ვამზადებთ ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ მოძრაობას. ეს მოძრაობა თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით, იქნება ის გზა, რომელიც რეალურად გამოაფხიზლებს სააკაშვილს.
- ქუჩის საპროტესტო აქციებს გულისხმობთ?
- უპირველესად არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო გაერთიანებას, რომელიც მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში მოითხოვს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენი ბრძოლის არსენალში იქნება ქუჩის აქციებიც...
- ამ შემთხვევაში თქვენი და რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების გზა ხომ არ გადაიკვეთება?
- რატომ გგონიათ, რომ ყველა საპროტესტო აქცია რევოლუციამდე მიდის? მიგვაჩნია, რომ პროცესების უკიდურესი რადიკალიზაციით სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული. ამ შემთხვევაში ის ეცდება, თავისი მედიის დახმარებით ყველაფერი რუსეთის მიერ ინსპირირებულად წარმოაჩინოს და დასავლეთიც და ქართველი საზოგადოებაც კიდევ ერთხელ მოატყუოს, შედეგად კი ძალაუფლება კიდევ უფრი გაიხანგრძლივოს.
ხელისუფლებამ, შეიძლება, საზოგადოების პროვოცირებაც კი სცადოს და ქუჩაში დაპირისპირება წაახალისოს. ოპოზიციის ნაწილი ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებით, ნებსით თუ უნებლიეთ, სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის გამყარებას შეუწყობს ხელს.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)