ავტორი:

“ყველამ იცოდეს: ჩვენი საპასუხო ქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება!“ - რაც აცხადებს ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე თავდასხმებსა და უკრაინაზე

“ყველამ იცოდეს: ჩვენი საპასუხო ქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება!“ - რაც აცხადებს ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე თავდასხმებსა და უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევის მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე რუსეთის პასუხი უფრო მტკივნეული იქნება.

“ამ თავდასხმებს ვუპასუხებთ. მინდა ყველამ იცოდეს: მჯერა, რომ ჩვენი საპასუხო ქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით ჩაიდინა”, - აღნიშნა პუტინმა.

  • მისი თქმით, უშიშროების საბჭოსთან განიხილა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საკითხი, თუმცა კიევის რეჟიმის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, მოსკოვი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

“უშიშროების საბჭოში კოლეგებთან ერთად ეს საკითხი განვიხილე, ყველას ვთხოვე, დაფიქრებულიყვნენ და ამ საკითხს კვლავ დაბრუნდებოდნენ იმ იმედით, რომ შესაძლოა, რაიმეზე შეთანხმების მიღწევა მოხერხებულიყო. მაგრამ ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებას აღარ გავაგრძელებთ“, - აღნიშნა პუტინმა.

მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დიპლომატიის ისტორიაში “ახალ ფურცლად” შეაფასა.

“აქამდე მსგავსი შეხვედრები არ გამართულა, ახლა კი ის შედგა. ეს, უდავოდ, დიპლომატიის ისტორიაში ერთგვარი ახალი ფურცელია“, - აღნიშნა პუტინმა შენჭენში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც თავისი ვიზიტი შეაჯამა.

რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ და ჩინელ კოლეგებთან გამართული სამმხრივი შეხვედრა სასარგებლო შეხვედრად შეაფასა.

“ამ შეხვედრამ საშუალება მოგვცა, უკეთ გაგვეგო ერთმანეთის და, ჩემი აზრით, შექმნა პირობები შემდგომი შეთანხმებებისთვის - უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ამავე ფორმატში თუ სხვა ფორმატში. მთლიანობაში, ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო“, - აღნიშნა პუტინმა.

  • პუტინმა განაცხადა, რომ სურს, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

“რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება შემდეგ. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ამას გაგრძელება ჰქონდეს”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თემა სამუშაო რეჟიმში განიხილოს.

“მზად ვართ, ეს ჩვენს პარტნიორებთან სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, შესაძლოა, კიევმა გააცნობიეროს, რომ უმჯობესია, დათანხმდეს იმ კომპრომისებს, რომლებიც ამერიკულმა მხარემ შესთავაზა.

“რაც შეეხება კომპრომისებს, რა თქმა უნდა, კომპრომისები არსებობს. აბა, როგორ? ეს კომპრომისები ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა. ჩვენ ამ კომპრომისებს უცვლელი სახით დავთანხმდით, მათ შორის, ანკორიჯშიც. საკითხავია, სურთ თუ არა კონფლიქტის სხვა მხარეებს - უკრაინას და, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, მის ევროპელ სპონსორებს - ამ კომპრომისებზე დათანხმება... როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე - არა. ვნახოთ, ყველაფერი იცვლება. შესაძლოა, ისინიც მივიდნენ იმის გაცნობიერებამდე, რომ უმჯობესია ამ კომპრომისებს დათანხმდნენ, ვიდრე მოგვიანებით რეალობას შეეჯახონ“, - აღნიშნა პუტინმა.

იხილეთ ასევე: