ავტორი:

"გაგიკვირდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო..." - რას წერს ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის ბრალდებულის მეუღლე

"გაგიკვირდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო..." - რას წერს ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის ბრალდებულის მეუღლე

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 18 ნოემბერს მკვლელობა მოხდა. მოკლული 80 წლამდე მამაკაცი, ვახტანგ ჩიქოვანია. მკვლელობის ბრალდებით კი დაკავებულია ბიზნესმენი გელა არობელიძე.

  • მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე მაკა სალუქვაძე დუმილს არღვევს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გაგიკვირდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო. მიცნობთ თუ არ მიცნობთ, ყველა დამიჯერებთ, თუ როგორი მძიმე იქნება ჩემი მდგომარეობა. უფალს ვთხოვ შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები.

ღვთის სამართალი და კაცის ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ გთხოვთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთის განკითხვისაგან, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

განა შეღავათია თქვა, დანა გულში ან მუცელში მოხვდა, როცა ფეხის კუნთია დაშავებული. განა შეღავათია ჩემთვის გარდაცვლილის წარსულზე შავბნელი ცნობების მოწოდება. დაე, უფალმა განსაჯოს.

გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახს. უზომოა ჩემი მწუხარება, მაგრამ, როგორც პატარა ნაპერწკალი გულს მითბობს, თქვენი კეთილი სიტყვები გელას მიმართ გამოთქმული.

მადლობა უფალს, მას ისე უცხოვრია, რომ ამ საშინელი იარლიყის მიუხედავად, სიყვარულით იხსენიებთ. სამოცი წელი ისე გაუვლია დასაშანტაჟებლად 10 წლის ასაკში მისი და პოლიციელი ბიძის ნათესაობა გამოიყენეს.

ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, მძიმე ამბით, რომ დავამძიმეთ სამყარო. მეუბნებიან, ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევაო, მაგრამ ვიცი აღარასოდეს იქნება ყველაფერი კარგად, როცა ღვთისა და ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს, ამ საზარელ ფაქტს ვერ დაივიწყებ", - წერს მაკა სალუქვაძე.

  • ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.