18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე, კორპუსის ავტოფარეხში 77 წლის მამაკაცი ვახტანგ ჩიქოვანი ცივი იარაღით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, მკვლელობის დღეს კი, სულ მეორედ, ჯერ რესტორანში შეხვდნენ, შემდეგ კი, შემთხვევის ადგილზე გადაინაცვლეს.
როგორც სვიმონიშვილი აცხადებს, ვახტანგ ჩიქოვანს ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავებულია თავად დაკავებულიც.
ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებული 67 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის მიმდებარეა. თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს ამ დროისთვის უცნობია. ადვოკატი ბიზნესდავას არ ადასტურებს.
"ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ეს ადამიანები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია პირველად, ახლო წარსულში მოხდა. გუშინ ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე იმ ავტოფარეხში. შიგნით რა მოხდა, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველა ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერც გამოძიება იტყვის და არც ჩვენ გავაჟღერებთ, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შევუშალოთ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ, მეორედ მოხდა მათი ერთმანეთთან პირადი კომუნიკაცია“, - აცხადებს სვიმონიშვილი.
ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ მკვლელობა შესაძლოა, მათ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ "გარდაცვლილი ვახტანგ ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული“. თუმცა, სვიმონიშვილი იქვე დასძენს, რომ გამორიცხული არ არის, მომხდარი წარსულს უკავშირდებოდეს.
"როგორც ვიცი, დაზიანება ხელის მტევანზე აქვს მიყენებული, თუმცა, კონკრეტულად, რა ვითარებაში, ან ვისგან მიიღო, ეს დადასტურებულად ჩემთვის ცნობილი არ არის“, - აცხადებს სვიმონიშვილი.
მისი თქმით, ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებულის საცხოვრებლის მიმდებარედაა.
"ჩიქოვანი იქ არ ცხოვრობს, საბურთალოზე ცხოვრობს. დაკავებული ან უშუალოდ იმ კორპუსში, ან მიმდებარედ ცხოვრობს, ვინაიდან დარაჯს სთხოვა, მათთვის ეს სივრცე დაეთმო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში თავად ბრალდებულმა დარეკა“, - განაცხადა სვიმონიშვილმა.
"ჩემთვის ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ორმაგი ტრაგედიაა - მოკლულია ბიძაჩემი, სავარაუდო მკვლელი კი ჩემი მშობლიური კუთხის შვილია. დანაშაულის იარაღი - დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.
შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ის ოჯახის მზრუნველი მმართველი, შვილებისა და შვილიშვილების გულისხმიერი მამა და ბაბუა იყო. როცა შეიტყობდა, რომ ნაცნობს თუ უცნობს შვილი გარდაეცვლებოდა, ჭირისუფალივით მიდიოდა მათ ოჯახში და გულმოკლულ მშობლებს სამძიმარს უცხადებდა.
კაცისკვლას არავითარი გამართლება არ აქვს და ვერ ექნება - უნდა აღსრულდეს სამართალი!" - დაწერა სოციალურ ქსელში ადვოკატმა ირაკლი ღლონტმა.
"წუხელ-თბილისში მომხდარი მკვლელობის განსხვავებული ვერსია
ინფორმაციით, რომელიც მე მომაწოდეს, მოკლულის ახლობლები, "ნიკორას" მეწილის, გელა არობელიძისაგან ნახევარ მილიონს ითხოვდნენ. ეს არის მომხდარის ერთ ერთი ვერსია, რომელიც მომაწოდეს და ვთვლი, რომ შესაძლოა ის სიმართლეს შეესაბამებოდეს.
მოკლედ, გელა არობელიძეს დაუკავშირდა მოკლული, ჩიქოვანი და მას აცნობა რომ 50 წლის წინ, ოზურგეთში მომხდარ ერთ-ერთ საქმეზე, მისი დაკავების მიზეზი გელა არობელიძე იყო. ჩიქოვანის ვერსიით, არობელიძემ (რომელიც 50 წლის წინ 10-15 წლის იყო) შენიშნა გარკვეული ჯგუფი, რომელიც "რაღაცას იყოფდა" - (წყაროს ინფორმაციით ნაქურდალს) და მაშინდელ მახარაძის მილიციის უფროსს - ჯემალ შარაძეს აცნობა. რომელიც არობელიძის ბიძა იყო.
მომხდარის კომპენსაციის მიზნით, ჩიქოვანი არობელიძისაგან 50 წლის შემდეგ, ანუ ამ დღეებში-ნახევარ მილიონს ითხოვდა. თავდაპირველად, როგორც წყარო ჰყვება, არობელიძეს ეს ყოველივე სასაცილოდაც არ ეყო. თუმცა მომდევნო შეხვედრებისას საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერივნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ ჩიქოვანის ბრალდებების "კანონიერებას"... კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევა არობელიძემაც გადაწყვიტა და ოზურგეთში არაერთი ზარი განახორციელა, რომლის შედეგადაც რამდენიმე "ავტორიტეტი" თბილისში აპირებდა ჩასვლას და "გარჩევებში" მონაწილეობას.. თუმცა არობელიძეს დაასწრეს და რამდენიმე ადამიანმა ის ავტოფარეხში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადეს, ამ უკანასკნელმა კი ერთ-ერთი მათგანი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ, რის შემდეგაც მან მომხდარი პოლიციას შეატყობინა... ეს არის მომხდარის ერთ ერთი ვერსია მხოლოდ“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
"სრული ბოდვაა, ვნახე ლადოს პოსტი. რა სისულელეა, ჯერ ერთი, ისინი ავტოფარეხში მარტონი იყვნენ. ლადოს ასეთი ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა, მინიმუმ - ჩემთან. რა 50 წლის წინანდელი წყენა, რა ნახევარი მილიონი... ჯერ არავინ არაფერი იცის, გამომძიებელმაც არ იცის და რა უაზრო ბოდვაა...
ახლახან მოვასვენეთ ბიძაჩემი, ჭრილობები დავათვალიერე, ჯერ დაუდასტურებელია, მაგრამ 5 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული მუცლის არესთან ახლოს (კიდურთან, მაგრამ მუცელთან ახლოს), შესაბამისად, ამის ნახვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი გამეტებულია და, სავარაუდოდ, ის თავს იცავდა, მუცელში აიცდინა და მოხვდა ქვემოთ.
მკვლელს ხელი აქვს დაზიანებული, ეტყობა ტაფა მაშინ მოხვდა, როცა უიარაღო ბიძაჩემი თავს იცავდა ან თვითონ ჩაირტყა, ღმერთმა უწყის... რომელ ტაფაზე და ხელზეა ლაპარაკი, კაცი დაჩეხილია...
რამდენადაც ვიცი, ბიძაჩემს და არობელიძეს საერთოდ არ ჰქონიათ ურთიერთობა, არ ვიცით, ერთად როგორ მოხვდნენ. მათ ჯერ უსადილიათ იქვე, რესტორან "პულმანში“, მკვლელობის ადგილიდან 3-5 წუთის სავალზე, ეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. ბიძაჩემი თავისი მანქანითაც არ ყოფილა, სავარაუდოდ, მკვლელის მანქანაში იჯდა და მერე იმ ადამიანმა თავის ავტოფარეხში ჩაიყვანა. ამ ბატონებს სადილობის დროს თუ რაიმე გასარკვევი ჰქონდათ, თითქოს იქ უნდა ამოწურულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გარკვეულა და ჩადიან ქვემოთ. არ ვიცი, თვითმხილველები თუ არიან, ერთადერთი, კამერის ჩანაწერებს ველოდებით გაგვიზიარონ. კომერციულ ფართთან დაკავშირებული დავა დაუდასტურებელია, ჯერჯერობით ამის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი არც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის - გოგი ჩიქოვანის ძმაა (როგორც გავრცელდა), მოგვარე იყო მხოლოდ. არობელიძე "ნიკორას“ მეწილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, თუ არ ვცდები. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის საგულისხმო ისაა, რომ შეხვედრის შემდეგ იმ კაცს ბიძაჩემი მიჰყავს ავტოფარეხში. დაჩეხილი ბიძაჩემი ადგილზე გარდაიცვალა - სასწრაფო დახმარებას ცოცხალი კი დახვედრია, თუმცა მალევე გარდაიცვალა. დაველოდოთ, ალბათ გაირკვევა ყველაფერი.“
იხილეთ ასევე: