ავტორი:

19 წლის მსუქანი ლეოპარდი ინტერნეტ სენსაციად იქცა - ზოოპარკის თქმით, ის დიეტისთვის მოხუცია, ამიტომ მხოლოდ სპეციალური ვარჯიშის კურსს გადის (ფოტო/ვიდეო)

19 წლის მსუქანი ლეოპარდი ინტერნეტ სენსაციად იქცა - ზოოპარკის თქმით, ის დიეტისთვის მოხუცია, ამიტომ მხოლოდ სპეციალური ვარჯიშის კურსს გადის (ფოტო/ვიდეო)

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარე პანჟიხუას ზოოპარკის ბინადარმა 19 წლის ლეოპარდმა, სახელად პან ბაობაომ, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი მომრგვალებული ფორმებისა და გაჭიმული ლაქების გამო. ზოოპარკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხანდაზმული ასაკის გამო ცხოველის დიეტას აუქმებს და წონის დაკლების პროცესს წყვეტს.

ლეოპარდი პან ბაობაო სოციალურ ქსელებში 2024 წლის მარტში გახდა პოპულარული, როდესაც ვიზიტორებმა მისი არაჩვეულებრივად მსუქანი გარეგნობის ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს. მედიის ყურადღების შემდეგ, 2024 წელს ზოოპარკის მომვლელებმა ცხოველი წონის დაკლების მკაცრ პროგრამაზე გადაიყვანეს. დიეტამ შედეგი გამოიღო და ლეოპარდმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, რითაც ჩვეულებრივ ზომებს დაუბრუნდა.თუმცა, ბოლო დროს ზოოპარკს ეწვივნენ ვიზიტორები, რომლებმაც შეამჩნიეს, რომ ლეოპარდს მომრგვალებული ფორმები კვლავ დაუბრუნდა.

ზოოპარკის წარმომადგენელმა ჯან სონგვენმა განმარტა, რომ 19 წლის ასაკში ლეოპარდისთვის წონის დაკლება რეკომენდებული არ არის.

  • “ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვებას არ ვაკონტროლებთ, უბრალოდ იგი ბერდება და წონის დაკლება არაა მართებული“, - განაცხადა ჯან სონგვენმა. მან დასძინა, რომ ცხოველები ადამიანებივით არიან, ასაკის მატებასთან ერთად კანი დუნდება და ელასტიკურობას კარგავს.

ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ლეოპარდის ჯანმრთელობისა და სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაა. ვეტერინარის მიერ ჩატარებულმა ბოლო შემოწმებამ აჩვენა, რომ ცხოველი სრულიად ჯანმრთელია.

ამჟამად პან ბაობაო ყოველდღიურად 500 გრამზე მეტ საქონლის ხორცს იღებს, ხოლო ბალანსირებული კვებისთვის რაციონში ქათმის ხორციც არის ჩართული. მომვლელები ლეოპარდს ფიზიკური აქტივობისკენ ახალისებენ - მას ვოლიერში სათამაშოდ დიდი ბურთი გადასცეს და გადაადგილებისკენ უბიძგებენ.

პან ბაობაო პანჟიხუას ზოოპარკის ერთ-ერთ მთავარ ატრაქციონად იქცა და ვიზიტორებს მთელი ჩინეთიდან იზიდავს. 2025 წლის აპრილში ადგილობრივმა ტურისტულმა ხელისუფლებამ ლეოპარდს ტურიზმის საპატიო დირექტორის წოდებაც კი მიანიჭა. ზოოპარკმა კრიტიკაც დაიმსახურა ზოგიერთი ფანისგან, რომლებიც პარკს ცხოველების განზრახ გასუქებაში ადანაშაულებდნენ პოპულარობის მოსაპოვებლად.

წყარო

იხილეთ ასევე: