პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ახალი სეზონით უბრუნდება, თუმცა დაბრუნება ყველა ძველი პერსონაჟის ეკრანზე ხილვას არ ნიშნავს. როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი აცხადებს, მაყურებელს არაერთი ნაცნობი გმირი დააკლდება. მათ შორის იქნება ბაქარ ორჯონიკიძეც, რომლის როლსაც ბუბა მირცხულავა ასრულებდა.
ქეთი დევდარიანმა გამოცემა MediaChecker-თან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სერიალის ძველი პერსონაჟების ნაწილი ახალ სეზონში აღარ გამოჩნდება. მისი განმარტებით, ზოგმა მსახიობმა სხვა არხზე დაიწყო მუშაობა, ზოგიერთ პერსონაჟს სიუჟეტური ხაზი ამოეწურა, ნაწილს კი სამსახური აღარ აძლევს მსახიობობის გაგრძელების შესაძლებლობას.
ბუბა მირცხულავამ ამ როლის შესახებ Ambebi.ge-სთან ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში ისაუბრა. მაშინ მსახიობი აღნიშნავდა, რომ ბაქარის ქცევას თავისი მიზეზები ჰქონდა და პერსონაჟის გამართლებასაც ცდილობდა.
"იდეაში ცუდი ადამიანები ხომ არ არსებობენ - ამის თქმა ბაქარის მაგალითზეც შეგვიძლია. ეს ადამიანი რომ დღეს ასეთია, თავისი მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორები აქვს. ასეთი ხომ არ დაბადებულა? რატომ გახდა ასეთი, რის გამო და როგორ, ეს ცალკე საკითხია“, - ამბობდა მირცხულავა.
ამავე ინტერვიუში მსახიობი აღიარებდა, რომ მის პერსონაჟში ყველაზე მეტად ის არ მოსწონდა, რომ ბაქარი მატერიალურ კეთილდღეობასა და ძალაუფლებაზე გადაერთო, ადამიანური ემოციები კი უკანა პლანზე გადაიტანა.
2024 წლის 27 აპრილს Ambebi.ge წერდა, რომ მსახიობი უწყების პროტოკოლის სამსახურში იყო დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამინისტრომ შიდა საჭადრაკო ტურნირის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ბუბა მირცხულავაც ჩანდა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 7 ნოემბერს გავრცელდა. როგორც პროექტის მთავარმა პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გუნდი საიუბილეო, მე-20 სეზონისთვის ემზადება. მისი თქმით, შემოქმედებითი ჯგუფი შეეცდება, ძირითადი მსახიობები შეკრიბოს, თუმცა მაყურებელს ახალი სახეებიც ელის.
"ძირითადი გუნდი შევკრათ, რომ მაყურებელს ვინმეს მოკლების გრძნობა არ ჰქონდეს და სიახლეებიც იქნება“, – განაცხადა ირაკლი საღინაძემ.
პროდიუსერის განმარტებით, ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებულია, თუმცა პრემიერის თარიღი, სერიების რაოდენობა და სხვა დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. სიუჟეტი კი იქიდან გაგრძელდება, სადაც ისტორია შეჩერდა.
როგორც ჩანს, "ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნება მაყურებლისთვის მხოლოდ საყვარელი სერიალის გაგრძელება არ იქნება – ახალ სეზონში მათ რამდენიმე ნაცნობ გმირთან დამშვიდობებაც მოუწევთ.