ავტორი:

“ეშმაკი სამჯერ ვნახე, ჯოჯოხეთის კარიბჭემ კი შემზარა“ - გამოქვეყნდა რომის პაპ ფრანცისკეს პირადი დღიურის სკანდალური ჩანაწერები

“ეშმაკი სამჯერ ვნახე, ჯოჯოხეთის კარიბჭემ კი შემზარა“ - გამოქვეყნდა რომის პაპ ფრანცისკეს პირადი დღიურის სკანდალური ჩანაწერები

რომის პაპის, ფრანცისკეს პირადი დღიურიდან გამოქვეყნებული ახალი ნაწყვეტების თანახმად, პონტიფიკოსი აღწერს, რომ სიცოცხლის განმავლობაში ეშმაკი სამჯერ ნახა, ასევე იხილა “ჯოჯოხეთის კარიბჭე“.

  • “რომის პაპ ფრანცისკეს პირადი დღიური“, დღეს გამოქვეყნდა. 2021 წლის ჩანაწერში აღწერილია პაპის სამი ხილვა: ერთხელ ავტომობილიდან, მეორედ წირვის დროს “მგალობელთა ქორედიდან“ და მესამედ ვატიკანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას.

“არ მავიწყდება მისი ხრინწიანი ხმა“, - წერდა ფრანცისკე ერთ-ერთი ხილვის გახსენებისას.

ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსობის პერიოდში, კარმელიტთა სამლოცველოში მომხდარი მეორე ხილვისას, პაპმა აღნიშნა, რომ ეშმაკს “მუქარით სავსე“ და ცეცხლის ალს მიმსგავსებული თვალები ჰქონდა: “ის მიყურებდა ალმოდებული თვალებით... უფრო ინტენსიურად, ვიდრე წინა შემთხვევაში.ვხედავდი მას და მესმოდა მისი ხმა, ტრიუმფალური, ყველაფრის მფლობელი“, - წერდა იგი და დასძენდა, რომ უფალმა მისცა შანსი, თავი დაეღწია ამ შეხვედრებისგან.

  • 2018 წლის ივნისში, დაძინებამდე, პაპმა განაცხადა, რომ “ჯოჯოხეთის კარიბჭე“ იხილა, რამაც იგი შეაშინა, რის შემდეგაც იარაღად კრიალოსანი გამოიყენა.

“ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მიახლოება საშიშია, რადგან შესაძლოა ალი გადმოვარდეს და დაგწვას“, - აღნიშნავდა იგი.

დღიურში, რომელიც 1992-დან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს, პაპი სინანულს გამოთქვამს 2018 წელს ჩილეში ვიზიტის გამო, როდესაც მას აკრიტიკებდნენ ეპისკოპოსის დაცვის გამო, რომელსაც სასულიერო პირის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებდნენ.

“განადგურებული ვარ ჩილეში შექმნილი ვითარების გამო“, - წერდა ფრანცისკე 2021 წლის ჩანაწერში.

“ჩემთვის ძნელი იყო იმის აღიარება, რაც ჩილეში მოხდა; ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე სერიოზული იყო“, - აღნიშნავდა იგი.

მოგვიანებით ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა და ქვეყნის ეპისკოპოსები რომში დაიბარა, სადაც მათ გადადგომა შესთავაზეს. იგი აღნიშნავდა, რომ ეშმაკის თანაარსებობა განსაკუთრებით იგრძნობოდა მისი მოგზაურობებისას, მათ შორის ჩილეში ვიზიტისას და რომში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გამართულ შეხვედრაზე.

დღიურების კრებული შეადგინა და დაარედაქტირა ფრანცისკეს ახლო მეგობარმა, ვატიკანის რწმენის მოძღვრების დიკასტერიის ხელმძღვანელმა, კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა. ეს არის 1960-იანი წლების შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპის პირადი დღიურები საზოგადოებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა.

პაპი ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 12 წლის განმავლობაში უძღვებოდა: იგი პაპად 2013 წელს აირჩიეს და 2025 წლის აპრილში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო

იხილეთ ასევე: