ავტორი:

ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავსოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?

ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავსოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების დაპირისპირების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კრიმინალური თემატიკის რუსული გამოცემა "Прайм Крайм“-ის ცნობით, იტალიაში, სამძიმრის სუფრაზე, ვაჟა სულამანიძესა და თემურ ჭურაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც გამოცემა წერს, შეკრებას მინდია გორაძე, მეტსახელად, "ლავსოღლი ბათუმსკიც" ესწრებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, ამჟამად თავისუფალია.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ქუთაისელი "კანონიერი ქურდის“, ჯონდო ესებუას მამის გარდაცვალების გამო გამართულ ქელეხზე მოხდა. შეკრებას თავად ჯონი ესებუა, თემურ ჭურაძე, მინდია გორაძე და კრიმინალურ წრეებში ცნობილი სხვა პირებიც ესწრებოდნენ.

მინდია გორაძე

"Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა სუფრაზე ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვაჟა სულამანიძემ თემურ ჭურაძეს პრეტენზიები წაუყენა. ჭურაძემ კი ეჭვქვეშ დააყენა სულამანიძის, როგორც "კანონიერი ქურდის“, ავტორიტეტი და მისი პრეტენზიების საფუძვლიანობა.

გამოცემის ცნობით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, თუმცა ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ, მონაწილეები შერიგდნენ და ერთმანეთი კრიმინალური სტატუსის მქონე პირებად აღიარეს.

ზაზა ამბროლაძე და ვაჟა სულამანიძე, 26 ოქტომბერი, 2026 წელი

"Прайм Крайм“ მომხდარს ქართველი ახალბედა "კანონიერი ქურდების“ სტატუსის ლეგიტიმაციის მცდელობას უკავშირებს. გამოცემის შეფასებით, ამ პროცესის უკან ტარიელ ონიანის ინტერესებიც იკვეთება.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი მინდია გორაძის გამოჩენა?

მინდია გორაძე, იგივე ლავსოღლი ბათუმსკი, 2025 წლის 21 მაისს რომის ჩიამპინოს აეროპორტში დააკავეს. მასზე ძებნა საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყო გამოცხადებული.

2026 წლის 23 ივლისს იტალიის საკასაციო სასამართლომ მისი საქმის ერთ-ერთ ნაწილზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ ალბანეთში მისჯილი ერთწლიანი სასჯელი გორაძეს იტალიაში წინასწარი პატიმრობის პერიოდში უკვე მოხდილი ჰქონდა და ამ საქმეზე მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი აღარ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

ჯონი ესებუა, თემურ ჭურაძე (შოშია) 27 ივნისი, 2026 წელი

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავდა გორაძის სრულ გამართლებას ან მის მიმართ ყველა სამართლებრივი მოთხოვნის გაუქმებას - სასამართლო განიხილავდა კონკრეტულად ალბანეთის ექსტრადიციის საკითხს.

თუმცა "Прайм Крайм“-ის 23 ნოემბრის ინფორმაციით, გორაძე უკვე იტალიაში და ჯონდო ესებუას მამის სამძიმრის სუფრას ესწრებოდა. მისი იქ გამოჩენა მიანიშნებს, რომ ამ დროისთვის თავისუფლებაზეა.

  • საჯარო ცხოვრება, ფუფუნება და მოდელი მეუღლე

მინდია გორაძის დაკავებამდე მისი ცხოვრების წესი არაერთხელ გამხდარა მედიის ყურადღების საგანი. 2025 წლის 18 ოქტომბერს Ambebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო მის უჩვეულოდ საჯარო ცხოვრებაზე, მდიდრულ გარემოსა და მეუღლეზე - მოდელ ნინიკო ნაცარიშვილზე.

გამოცემის ინფორმაციით, გორაძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ხშირად ჩნდებოდა ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა გამოჩენამ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშზე, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მედიის ინტერესის საგანი გახდა ნინიკო ნაცარიშვილის ძვირადღირებული სამკაულებიც. მათ შორის - Ruby Queen-ის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც იმდროინდელი ცნობით, 236 340 დოლარად იყო შეფასებული. წყვილი იტალიაში საერთო საცხოვრებლის მოწყობასაც გეგმავდა.

2025 წლის მაისში გორაძის დაკავების შემდეგ, მისი მეუღლე და შვილი იტალიაში დარჩნენ.

წაიკითხეთ ასევე: