"არეულ-დარეული ოპოზიცია და ასეთივე საზოგადოება, ანუ სათამაშო მოედანი, სადაც ხელისუფლება თავისი წესებით თამაშობს. წესები ავტორიტარულია და მხოლოდ ხელისუფლების მოგებაზეა გათვლილი", -ასეთია რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის შეფასება დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე.
-ბატონო დავით, რადიკალური ოპოზიცია 2 მაისს დიდი სახალხო ამბოხების დაწყებას ვარაუდობს. თქვენ რას ელოდებით?
-არაფერს... საზოგადოებაში ამბოხის არც განწყობაა და არც სურვილი.
-ხალხს იმ პოლიტიკური ლიდერების არ სჯერა, ვინც ამის დაწყებას აპირებს, თუ აქციების დასაფინანსებელი თანხები არ არსებობს?
-ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც არის... უფრო კონკრეტულად კი, როგორ არის იცით? როცა ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძეს აგინებს, ეს გინება გუბაზ სანიკიძესაც ეწერება. ეს ისე, ფიგურალური შედარებისთვის... ანუ ერთი ოპოზიციონერის მიერ მეორის მიმართ გადაბრუნებულად ნათქვამ სიტყვას ხალხი თავდასხმად აღიქვამს. მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში ოპოზიციის ლიდერები სკამებისთვის იბრძვიან და ერთმანეთს ჭამენ. ასეთი დამოკიდებულება გარკვეულწილად ხელისუფლების დამსახურებაც არის.
-ანუ საზოგადოება რაღაცას არასწორად აღიქვამს?
-ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა რეალურად არსებობს, ეს უფრო პოლიტიკის იმიტაციაა. საქართველოში არის ერთი მმართველი ბირთვი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მათია და ისე თამაშობს, როგორც მოეპრიანება. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი თითქოს სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ და ასევე ჩვენს თამაშს ვთამაშობთ, მაგრამ ეს ჩვენი სისუსტის ბრალი კი არ არის, უბრალოდ, ქვეყანაში არასრულყოფილი დემოკრატიაა. ამ პირობებში კი არ არსებობს ძალები, რომლებიც აზროვნებით, მენტალობითა და, უბრალოდ, ბრძოლის მეთოდებით ერთმანეთს ჰგვანან, ან ერთმანეთისგან განსხვავდებიან... საზოგადოებაში ეს ყველაფერი ასე არ აღიქმება. 90%-მა არც კი იცის, რომელი პარტიის წევრი ვარ, უმეტესობას ისევ პარლამენტარი ვგონივარ.
-გარდა ამისა, საზოგადოების ერთ ნაწილს ისიც აღიზიანებს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა ოპოზიციაში არიან და თქვენი, ამ შემთხვევაში ზოგადად ოპოზიციონერების დამოკიდებულება მათ მიმართ ცვალებადია. ანუ მათთან თანამშრომლობა ხან მისაღებია, ხან არა...
-მესმის, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ვიღაცისთვის პოლიტიკაში ძველბიჭობაც მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის არა... რესპუბლიკელებისთვის ბურჯანაძე და ნოღაიდელი მისაღები ფიგურები არასდროს გახდებიან, ვინაიდან უკვე ვნახეთ ისინი ქვეყნის სათავეში და ისიც გვახსოვს, რაც გააკეთეს. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იმავე ადამიანებს?!. საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით არ დგას ორი უარესი არჩევანის წინაშე -ან სააკაშვილის ხელისუფლება, ან რუსეთი... და თუ ეს მაინც მოხდა და რომელიმე მათგანი ვიხილეთ ქვეყნის მმართველის პოსტზე, ხელისუფლების ბრალი იქნება.
-რატომ?
-ამის მიზეზი ის იქნება, რომ ამ ავტორიტარულმა ხელისუფლებამ ქვეყანას სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
-ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ რესპუბლიკელების რეიტინგი ბოლო დროს დაეცა?
-ამას ვაღიარებ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი კი არა, ყველა ოპოზიციურ პარტიას დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.
-NDI-ის გამოკითხვის ჩამონათვალში თქვენი პარტია "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" შემდეგ იყო...
-ამ ორგანიზაციის შეფასება გადაჭარბებულია. იქ რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია -"ქართული პარტია", ბურჯანაძე და ეროვნული ფორუმი საერთოდ არ არის შეტანილი. გარდა ამისა, პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ გიორგი თარგმაძისა და ირაკლი ალასანიას პარტიებსაც არ ჰქონდათ მაღალი მაჩვენებელი. მათი მონაცემები პარლამენტში თითო-ოროლა ადგილს ნიშნავს.
-ბოლო დროს ირაკლი ალასანია ხშირად ხდება ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის მიზეზი...
-სხვებზე ლაპარაკს მოვერიდები. ვისაც როგორც მიაჩნია სწორად, ისე იქცევა. ჩერჩილმა ბევრჯერ შეიცვალა პოლიტიკური გეზი, მაგრამ როგორც გითხარით, ქართული პოლიტიკაში თამაშის წესები სხვანაირია.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)