საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და საქართველოს შორის მასშტაბური მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება.
"როსბალტის" ცნობით, ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ "ოგონიოკთან" ინტერვიუში განაცხადა. "არ ვიცი, როდის და სად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მოლაპარაკებებს ვაშაძე და ლავროვი გამართავენ, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყონ მათ, ვინც ჩვენ შეგვცვლის ამ პოსტზე, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. თუმცა, ადრე, თუ გვიან რუსეთს საქართველოსთან თანაბარ დონოზე მოუწევს მოლაპარაკებების გამართვა. ამის უბრალო მიზეზი არსებობს: ყველგან, სადაც დღეს რუსეთი მიდის, რა საერთაშორისო პრობლემაც არ უნდა განიხილოს, ყველგან და ყოველთვის, მოსკოვისთვის სამწუხაროდ, ყველგან საქართველოს საკითხი გამოხტება ხოლმე", -აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები დატოვებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. "მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონში მდგომარეობა შეიცვლება. არ ვარ დარწმუნებული, იმ დროისთვის კვლავ მინისტრი ვიქნები, თუ არა, მაგრამ გპირდებით, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვიქნები და ყოველდღიურად 10 კილომეტრს ვირბენ, როდესაც მე და თქვენ გავხდებით მოწმე იმისა, როგორ ტოვებენ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიას", -განაცხადა მინისტრმა.