მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 19 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კასპისა და გურჯაანის სპირტის ქარხნების, ასევე "აგრო გრუპის" ხელმძღვანელები და თანამშრომლები. პროკურატურის ინფორმაციით, უკვე დასრულდა მრავალეპიზოდიანი გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა. დაკავებულებმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები სპირტის შავ ბიზნესში გამოიყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემაც გაშიფრეს.
ყველაფერი 2006 წელს, ხელისუფლების მიერ კარგად გაპიარებული "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო. არაერთხელ დაგიწერია და ახლად ვიმეორებთ, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამაც ისეთივე ბლეფი და აფერა იყო, როგორც იმდროინდელი "რაც შენია, შენია", რადგან თუ ხელისუფლების რომელიმე შტოსთან ასოცირებული არ იქნებოდი, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ გქონდა, რომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში სესხი აგეღო, ან "რაც შენია, შენიას" თანახმად, მიწის ნაკვეთი დაგეკანონებინა.
მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით, ხელისუფლებაც მიხვდა, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამა სერიოზულად ჩაფლავდა და ამ პროგრამაზე უარიც თქვა, მაგრამ მიზეზი არ დასახელებულა. ახლა კი, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სქემაც გაშიფრეს და მიზეზიც ნათელია, რატომ შეაჩერა ხელისუფლებამ ყბადაღებული "იაფი კრედიტის" პროგრამა. სხვათა შორის, "იაფი კრედიტი" ნაციონალების "ნოუ ჰაუ" ნამდვილად არ ყოფილა. შეგახსენებთ, ამ ტიპის პროგრამა ჯერ კიდევ ფრანკოს რეჟიმის დროს მოქმედებდა ესპანეთში.
2006 წელს სახელმწიფომ "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში 6500000 ლარი გამოყო. ეს თანხა სოფლის მეურნეობის, კერძოდ მეთესლეობის პროგრამის განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 6500000 ლარი სპირტის ბიზნესში არაკანონიერად აღმოჩნდა:
"დაკავებულია კასპის სპირტის ქარხნის - სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნატურალური პროდუქტების კომპანიის" დირექტორი ვალტერ აბაშიძე, გურჯაანის სპირტის ქარხნის - შპს "ტრიადას" დირექტორები მერაბ ჯიბუტი და კარლო ჩაკვეტაძე, ამავე კომპანიის დამფუძნებლები ამირან გოგიძე და დავით ფანჯიკიძე, "აგრო გრუპის" დამფუძნებელი ლევან ვადაქარია. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, 2500 ტონა სპირტი არალეგალურად დაამზადეს და 9500000 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
სქემა, რომელიც მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაშიფრეს, ასეთია:
"აგრო გრუპის" ხელმძღვანელებმა 2006-2007 წლებში უკრაინასა და რუსეთში 2700 ტონა საფურაჟე სიმინდი შეიძინეს, რომელიც ფოთის პორტიდან რკინიგზის საშუალებით კასპის სპირტის სახდელ ქარხანაში მალულად შეიტანეს და ღამის საათებში, 920 ტონა ეთილის სპირტი ფარულად გამოხადეს. უკანონოდ გამოხდილი სპირტის ნაწილი არყის დასამზადებლად გამოიყენეს, ნაწილი კი - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ უკანონოდ გაყიდეს. ამ ოპერაციების შედეგად, 3 500 000 ლარის შემოსავალი მიიღეს. ფულის გათეთრების მიზნით კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დოკუმენტებიც გააყალბეს.
ამ სქემის მიხედვით, სპირტის სკანდალის კიდევ ერთი ეპიზოდი გურჯაანის სპირტის სახდელ ქარხანას უკავშირდება. შპს "აგრო გრუპმა" 2007-2011 წლებში 3 150 ტონა "სორგოს" მარცვლეული კულტურა და 950 ტონა "მელასას" სპირტის გამოსახდელი მასალა შეისყიდა. როგორც კასპში, ასევე გურჯაანშიც, 1 400 ტონა ეთილის სპირტი, ძირითადად ღამის საათებში, ფარულად გამოხადეს და 5 500 000 ლარის შემოსავალი მიიღეს. "აგრო გრუპის" წარმომადგენელმა 105 ტონა ეთილის სპირტი უკანონოდ შეიძინა და თბილისში, ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე, 400 000 ლარად გაყიდა.
"აგრო გრუპის" წარმომადგენლები კასპისა და გურჯაანის სპირტის ქარხნების დირექტორებს წინასწარ გაურიგდნენ და შეუთანხმდნენ, რომ უკანონოდ წარმოებულ სპირტს რეალიზაციაში თვითონვე გაუშვებდნენ.
მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი, ზაზა ქაჩიბაია აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ ფლანგავდნენ და ანიავებდნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს, პროგრამის კოორდინატორები, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქმის კურსში არ იყვნენ.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მეთესლეობის პროგრამის განვითარების შესახებ. სინამდვილეში, ეგრეთ წოდებული ბიზნესმენების ერთი ჯგუფი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ რამდენიმე მილიონ ლარს წლების განმავლობაში პირადი გამდიდრებისთვის იყენებდა. მათ არ შეუსრულებიათ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არცერთი პუნქტი და შედეგად გვაქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, შეუქმნელი სამუშაო ადგილები და უკანონოდ მითვისებულ-გაფლანგული სახელმწიფოს სახსრები”, - აღნიშნა ზაზა ქაჩიბაიამ.
მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2007-2011 წლებში, არალეგალურად გამოხადეს ეთილის სპირტი, რომელიც აღურიცხავად, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გარეშე გაყიდეს.
ვალტერ აბაშიძეს, მერაბ ჯიბუტს, კარლო ჩაკვეტაძეს, ამირან გოგიძეს, დავით ფანჯიკიძესა და ლევან ვადაქარიას ბრალად ედებათ უკანონო შემოსავალის ლეგალიზაცია და ასევე საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილისა და გ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მიხედვით წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 19-ვე დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.
სააგენტოებმა არაოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, დაკავებულთა ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და აღიარებითი ჩვენებების მიცემის საფუძველზე, გირაოს სანაცვლოდ, უკვე გაათავისუფლეს.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"