დაპატიმრებული ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ ცნობს

დაპატიმრებული ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ჟურნალისტი ჯამბულ წულაია 9 თვის წინ დააკავეს უკრაინაში და იგი ამჟამად რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და, სავარაუდოდ, 28 აპრილს განაჩენიც გამოცხადდება.

მანანა წულაია, ჯამბულ წულაიას და: - ჩემი ძმა, ჟურნალისტი ჯამბულ წულაია 1994 წლიდან 2001 წლამდე იყო "ჯორჯიან ნიუსის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1996-დან 2000 წლამდე თავისუფალი პრესის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. იგი 2001 წლიდან ცხოვრობდა უკრაინაში. მანამდე, 1999 წელს, მას საქართველოში პრობლემები შეექმნა. ჩემს ძმას ასოციაციასთან ერთად გახსნილი ჰქონდა კომპიუტერული სკოლა დასაქმების გარანტიით, ასაქმებდა კიდეც მათ, ვისაც ასწავლიდნენ. ბოლოს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელფასების გაცემა ვერ მოხერხდა - კრიზისის გამო თანხის გადარიცხვის პრობლემა შეექმნა და ჯამბული იძულებული შეიქნა, დაეხურა ოფისი, მაგრამ ეს ყველას პრობლემა იყო, მარტო მომჩივნების ხომ არა?

- რას ედავებიან თქვენს ძმას?

- მომჩივნები ედავებიან, რომ თითქოს მან მოსწავლეების დასაქმებაში ფული აიღო. ჩემი ძმა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ თანხები, საფინანსო ოპერაციები მისი საქმე არ იყო. ეს თანხები თანამშრომლებმა ასოციაციის დაფუძნების დროს შეიტანეს შემოწირულობის სახით, ამას ყველა აწერს ხელს, არსებობს ქსეროასლებიც. სულ ლაპარაკია 6.500 დოლარზე. თანამშრომლები თანხის დაბრუნებას მოითხოვენ.

- ჯამბულ წულაიას კონკრეტულად რაში ედება ბრალი?

- მას ბრალი ედება თაღლითობაში, თუმცა ამბობს, რომ არ ევალებოდა ფინანსური მხარე, არც ხელშეკრულებების გაფორმება. იგი უბრალოდ იყო არჩეული  პრეზიდენტი. გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკითხავს. თანამშრომლებმა საჩივარი 1999 წელს შეიტანეს, ჯამბული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, თავისუფლად დადიოდა, მაგრამ არავის დაუკავებია, შეტყობინებაც არ მისვლია. როგორც გაირკვა, შეტყობინება მიდიოდა ჩემი რძლის დიდი ბებიის სახლში, რომელიც, როგორც ჩანს, ვერც ხვდებოდა რა ხდებოდა, შესაბამისად, არაფერი უთქვამს ჩემი ძმისთვის. ჯამბულმა არც იცოდა, თუ იძებნებოდა. იგი 2001 წელს წავიდა უკრაინაში და იქ უშვებდა გაზეთებს - "ქართულ სიტყვას" და რუსულენოვან "გრუზინსკოე სლოვოს". ჩემი ძმა არავის ემალებოდა, ყველამ იცოდა, სად იყო და რას საქმიანობდა, საქართველოშიც ჩამოდიოდა. ჯამბული ამბობს, რომ მისი დაკავებით მავანია დაინტერესებული.

- ვინ იყო დაინტერესებული?

- იმ დროს საქართველოს შეფარებული ჩეჩნები უშვებდნენ გაზეთ "ჩეჩენსკოე სლოვოს", სახელწოდება თუ არ მეშლება. მათ რედაქციას ჩემი ძმა ეხმარებოდა - მასთან ბეჭდავდნენ გაზეთს, რის გამოც რამდენჯერმე ოფისიც დაარბიეს. ჩემი ძმისთვის არაერთხელ შეუთვლიათ, თავი დაანებე ამ გაზეთის დახმარებას, თორემ განანებთო. ჩემი ძმა ასახელებდა კიდეც მათ ვინაობას... სხვათა შორის, თანამშრომლებს საჩივარი თავიანთი სურვილით არ შეუტანიათ, ერთმა აიყოლია ყველანი. დაკითხვისას ბევრმა დაადასტურა, რომ ეს თანხები იყო შემოწირულობა და არა იძულებით გადახდილი.

მის დასჯას უმრავლესობა არც ითხოვდა, თქვეს, მაშინ ემოციებს ავყევითო. გამოძიება წესიერად არ მიმდინარეობს, მხოლოდ მეორე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს, არც ხელმოწერებზე ჩატარდა ექსპერტიზა. ჩემს ძმას ხელი არაფერზე აქვს მოწერილი. ზოგი ამბობს, რადგან წულაიამ ოფისი დაკეტა, აღვშფოთდით და ამიტომ შევიტანეთ განაცხადიო. ზოგი ამბობს, არც ვიცი, ეს რატომ გავაკეთეო, ზოგმაც - დამირეკეს, ასე მოიქეციო, მაგრამ არ ამხელენ, ვინ დაურეკა. იმ ხალხიდან, ვინც დაჰკითხეს, პროცესზე არავინ მოსულა, დადის მხოლოდ ერთ-ერთი მომჩივანის დედა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ყველას განცხადება იდენტურია.

- თუ მართალი იყო, რატომ დატოვა ჯამბულ წულაიამ საქართველო?

- წავიდა იმიტომ, რომ ავიწროებდნენ, რამდენჯერმე დახვდნენ და სცემეს, ემუქრებოდნენ, გაზეთის დახმარებას შეეშვიო. 1999 წელს აღიძრა საქმე და იგი საქართველოდან 2001 წელს წავიდა. როცა შეიტყო, რომ იძებნებოდა, უკრაინაში იგი თვითონ მივიდა პოლიციის განყოფილებაში. პროკურატურამ თავდაპირველად შესთავაზა, აღიარების სანაცვლოდ 2 წელს მოგისჯითო, შემდეგ უთხრეს - სამსო. ჩემი ძმა თავს დამნაშავედ არ ცნობს და, რა თქმა უნდა, ამ წინადადებას არ დათანხმდება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ