პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მთავრობას ხუთი წლის წინ დაწუნებული ინიციატივის რეინკარნაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა "ინტერპესნიუსს" "ტყის კოდექსში" ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ტყის ფონდი გრძელვადიანი სარგებლობით 20 წლის ნაცვლად, 49 წლით გაიცემა და იმავდროულად, მთავრობას შეეძლება ეს ვადა კიდევ გააგრძელოს.
ცაგარეიშვილის თქმით, გამოდის, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგნიზაცია მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ სამუდამო საკუთრებაში უნდა გადაეცეთ საქართველოს ტყეები ინვესტორებს, რაც ტყის საფარის სრულ განადგურებას და ამის ხელშემშლელების ციხეებში გამოკეტვას გამოიწვევს.
ცაგარეიშვილს კარგად ახსოვს, როგორ "ხლაფორთობდა და ჩალიჩობდა" კახა ბენდუქიძე, როცა იგივეს აპირებდა ხუთი წლის წინ და "კოვზი ნაცარში ჩაუვარდა". "ამას სხვანაირად ჰქვია ქურდბაცაცობა ქართველი ხალხის ხარჯზე. თუ ვინმე მეტყვის, რით განსხვავდება ამგვარი იჯარა გასხვისებისგან, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, ეს ყველაფერი ყოველგვარი ინვენტარიზაციის გრეშე განხორციელდება და რა ვალდებულებები ეკისრება ინვესტორებს მწვანე საფარის აღდგენის კუთხით, არც ამ კანონში ჩანს და არც სხვა მარეგლამეტირებელ ნორმებში", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ტყეების სამუდამოდ გაყიდვა ხელისუფლების ოცნება იყო, რომელიც კახა ბენდუქიძის "მფრინავ ფრაზაში" გამოიხატება – "ყველაფერი იყიდება გარდა ნამუსისა". თუმცა, გიორგი ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ ტყეების 49-წლიანი სარგებლობით გაცემის ავტორებს "ნამუსი დაბადებიდან არ ჰქონიათ და ვერც გაყიდიან".