თუ მოლაპარაკებები დათქმულ ვადაში არ განახლდება, ვადის ამოწურვის მეორე დღესვე "რვიანი" საკუთარ სამოქმედო გეგმას გაახმოვანებს, - განაცხადა "პალიტრის" თოქშოუ "ცენტრის" ეთერში "რესპუბლიკელების" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რვიანს" აქვს სამოქმედო გეგმა, თუმცა საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებების განახლებაში დარწმუნებულია, რის არგუმენტად დასავლეთის პოზიცია მოჰყავს.
"ხელისუფლებას არა მარტო ჩვენს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გააჩნია ვალდებულება. ხელისუფლებამ ისედაც დაიგვიანა. შეერთებული შტატების დელეგაცია, ნატო, ევროკავშირი, ყველა, ვინც ხელისუფლებას ხვდება - ითხოვს პასუხს, რა ხდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და რატომ არ აქვს ხელისუფლებას საკუთარი წინადადებები".
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უკიდურესად ხისტი პოლიტიკის გზა აირჩია, რაც მას დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში ხელს აშკარად შეუშლის.
"მუშაობის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვაჩნია მართებულად, თუ ხელისუფლება სერიოზულად იფიქრებს ამ თემებზე და ადეკვატური წინადადებებით მოგვმართავს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ან თუ ჩაატარებს, ეს იქნება უპრეცედენტო ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ნანა ჩხაიძე