შესავლის ნაცვლად
არა, არა -XXI საუკუნე მაინც სულ სხვაა -როგორი ტემპებით ვითარდება მოვლენები!.. წარმოიდგინეთ: ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მსოფლიო იმაზე ფიქრით იძინებდა, ვაითუ ბინ ლადენმა ხვალინდელი დილა არ გაგვითენოსო, დღეს კი მსოფლიოს #1 ტერორისტი მოკლულიც არის და "დამარხულიც" (თანაც -ზღვაში)!..
სულ რაღაც ოციოდე დღის წინ, ქართული ფეხბურთის მესვეურები (მაგარი სიტყვაა ეს "მესვეურები", ნეტავ ვინც წამდაუწუმ იყენებს, თუ იცის მისი მნიშვნელობა?) ერთხმად აცხადებდნენ, -ოქროს ხანა გვიდგას და ისრაელის ნაკრებთან დამარცხება შემთხვევითობა იყოო; დღეს აღმოჩნდა, რომ ისე "ყარს" ქართული საფეხბურთო მეურნეობა, რომ სუნმა შორეული აზიის ტოტალიზატორებამდეც კი მიაღწია...
ანდა, ლომაია რომ არის, "პარაფსიქოლოგიის მამა" -"დაჟინებული მზერით" რომ არჩენს სხვადასხვა უხერხულ ავადმყოფობას, სულ ახლახან გაუქმებით ემუქრებოდა ჩვენს მედიასახლს, დღეს -ბოდიშს იხდის! რა ქნას პატარამ?!.
ისე, ხუმრობა იქით იყოს და, უცნაური ხალხი ვართ ქართველები -ხანდახან ვერის ბაღში (რა ვქნა, მე ისევ "კიროვის პარკი" წამომცდება ხოლმე) მიყვარს შევლა და ზუსტად იმ კაცისგან, რომელიც იქაურობის ჩემპიონატის მუდმივი პრიზიორია დომინოში და ზუსტად ერთი კვირის წინ ქადაგებდა, -სანამ ბინ ლადენი ცოცხალია, მსოფლიო მშვიდად ვერ იქნებაო, დღეს ასეთი რამ მოვისმინე: "ეეჰ, საწყალი, აბა, ამას წარმოიდგენდა? ისე, რა წესია, კაცი იწვა, ეძინა, თან შვილთან ერთად ყოფილა... სადამ ჰუსეინის არ იყოს -რო ეცნენ და კატასავით ჩამოახრჩვეს... არა, ძმაო, ეს ამერიკელები არ არიან კაი ხალხი, რა..."
მეც ასე ვარ - იქნებ ზოგიერთ თქვენგანს ახსოვდეს კიდეც, როდესაც პარაფსიქოლოგმა ლომაიამ "კვირის პალიტრასა" და იმ ჟურნალისტზე რაღაც საშინელებები შეთხზა, ერთობ მწვავე "პროვოკაცია" ვუძღვენი და მისი რისხვაც დავიმსახურე (ასე მითხრეს, -შენი სურათი უკუღმა დაკიდა და რაღაცას ბუტბუტებდაო); ახლა უკვე მეცოდება -ბოდიშს ვიხდი, ფულად კომპენსაციას კი ვერ გადაგიხდით, იქნებ აღარაფერი მომთხოვოთ, პირწმინდად გავკოტრდიო... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი -შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა, -ხალხი უკანასკნელ ნივთებს ყიდდა, რომ ამ თაღლითისთვის ფული მიეტანა, მე კი მეცოდება...
მიშაც მეცოდება, აბა, თქვენ გგონიათ, მძულს?! ბოლოს გუშინწინ შემეცოდა, ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა; რატომ?.. რატომ და, სპეციალურად ვეძებე ინტერნეტში და, საქართველოს გარდა, მსოფლიოს არც ერთმა (არც ერთმა-მეთქი!) საინფორმაციო სააგენტომ არ ახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია გამოხატა... ჰოდა, შემეცოდა; შემეცოდა, როგორც "აფსაიდში" უიმედოდ ჩარჩენილი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა მხოლოდ საკუთარ კარში თუღა ეღირსება...
ოპოზიცია ხომ მეცოდება და მეცოდება -2 მაისი ისე მოვიდა და წავიდა, რომ ქუჩა კი არა, ტროტუარიც ვერ გადაკეტეს მათ მოწოდებაზე შეკრებილმა მომიტინგეებმა და ისევ ნაცად ხერხს მიმართეს, გამოაცხადეს -დღეს მხოლოდ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დიდი დემონსტრაციების დაწყების თარიღი გამოვაცხადოთ და აჰა -21 მაისიდან სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟი იწყებაო!
სააკაშვილი კი ამ დროს, იმ ქართული ზღაპრის მწყერჩიტასი არ იყოს, -"იცინის, იცინის, კვდება სიცილით!.."
კიდევ, დომენტი შემეცოდა დღეს... დომენტი ხომ იცით? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როა -ზვიად სიჭინავა, მაგას "სასაბუთე სახელი" ჰქვია დომენტი.
შეცოდებით კი მაშინ შემეცოდა, "ჩაწყობილი თამაშების" სკანდალთან დაკავშირებით "მერიოტში" მოწყობილ შეხვედრაზე რევაზ ძოძუაშვილმა რომ აიღო სიტყვა: საწყალ სიჭინავას სახეზე აშკარად ეწერა, "მიხიჩას" ნალაპარაკებიდან ერთი სიტყვაც რომ არ მესმის; ქართული რომ წესიერად არ ვიცი, იმის ბრალიაო.
ნუ გეშინია, დომენტი, ამ შემთხვევაში შენ მიერ ქართულის არცოდნა არაფერ შუაშია -მაგის ნათქვამს შენ კი არა, ვერავინ იგებს და იმიტომ ჰგონიათ ყოველთვის მართალი...
მოკლედ, "საცოდავების კვირა" იყო ეს კვირა -ბინ ლადენიდან დაწყებული და ზუგდიდის "ბაიას" მცველით დამთავრებული, რომელმაც მე-2 წუთზე წითელი ბარათი "აიკიდა" და ყველა ფილიპინელი "მაზავშიკი" გააკოტრა...
P.S. ეტყობა, ჩვენს შსს-საც ჩემსავით გული აუჩუყდა ამ ბოლო დროს და ის თოფურიძის რიხით დაჭერილი ფეხბურთელები ორ საათში გაუშვა სახლებში.
ბოროტი ენები ამბობენ, სამინისტროს თანამშრომელთა კომპიუტერები კარგად რომ "დაშმონო", ინტერნეტტოტალიზატორებში ყველაზე მეტი ვიზიტი მათ აღმოაჩნდებათო...
ვინ იცის, ვინ იცის...
არადა, მე ხალხი ვიცი, რომელსაც უკვე გამაზული აქვს ("ხელზე") 2013 წლის არჩევნების შედეგები და ხელისუფლების ცვლილებას ვეებერთელა "კუში" უწერია იატაკვეშა ტოტალიზატორებში... (ე.ი. ეს ამბავი წარმოუდგენლად მიაჩნიათ ფსონის შემდგენლებს)...
პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)