მინიდოსიე:
ნუგზარ ერგემლიძე ბათუმში, 1955 წლის 1-ელ მაისს დაიბადა. მამა პარტიული მუშაკი, სტალინისტი და კომუნისტური იდეების უერთგულესი კაცი ყოფილა - რკინიგზის სამმართველოს პარტკომის მდივნად უმუშავია, ვიდრე სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდოდა. მერე კი გაუთავისუფლებიათ და მანქანათმშენებლობის ქარხანაში ინჟინრად დაუწყია მუშაობა. როგორც ბატონი ნუგზარი იხსენებს, მაშინ გაუგია გაჭირვების გემო... დედა პედაგოგი გახლდათ და წლების მანძილზე მაღალმთიან აჭარაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ამჟამად პენსიაზეა და ბატონი ნუგზარის თქმით, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოა: კრილოვის "ჭრიჭინას" თუ გავიხსენებთ, დღეს "ჭრიჭინასა" და "ჭიანჭველას" ერთნაირი პენსია აქვთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი, ვისაც არასდროს უმუშავია, თავხედდებიან და ეს პენსია ეცოტავებათ; სამართლიანობა უნდა აღდგეს და ვინც უფრო მეტი იშრომა და იღვაწა სახელმწიფოსთვის მეტი სარგებლის მოსატანად, მას მაღალი პენსია უნდა ჰქონდესო, - მითხრა დეპუტატმა (რაშიც ვეთანხმები და აქვე დავძენ, რომ ამ პრინციპით შეიძლება, პარლამენტარები და მთავრობის წევრები არათუ მაღალი, არამედ 80-ლარიანი პენსიის გარეშეც დარჩნენ: მათ გარდა, ვის სჯერა, რომ პარლამენტარებს საკუთარი შრომით, სახელმწიფოსა და ხალხისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ?!).
ნუგზარ ერგემლიძე და ანა ქადეიშვილი 1985 წელს სიყვარულით შეუღლებულან. ორი ვაჟი ჰყავთ - 24 წლის გიორგი და 13 წლის ნიკა. "დეკლარირებულ" შვილებს შორის ვერ მოხვდა ბატონი ნუგზარის პირველი შვილი - ირაკლი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს; ის რეჟისორი გახლავთ.
პარლამენტარი დიდი უძრავ-მოძრავი ქონებით ვერ დაიკვეხნის. ოჯახთან ერთად ბარნოვზე, 97 კვმ-იან ბინაში ცხოვრობს; ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე პატარა სახლი აქვს და კიდევ - 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანა "მერსედესი".
"არც მე მიყვარს წუწუნი"
ბავშვობაში თურმე ძალიან უჭირდა, როდესაც დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და დღემდე ახსოვს, ბიძამისმა ლენინგრადიდან ბურთი რომ ჩამოუტანა, პირველი სათამაშო მანქანა რომ აჩუქეს, მეზობელი რომ ყიდულობდა მისთვის რაღაცებს და მეგობრის მამამ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, საკოსტიუმე ქსოვილი რომ უყიდა. თუმცა ბუნებით ოპტიმისტს, გაჭირვების გამო არასდროს დაუწუწუნია. სტუდენტობის დროც კარგად ახსოვს:
- სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. ჯიბეში 2-3 მანეთი თუ გვქონდა, ბიჭებს გვიხაროდა. შევაგროვებდით და ვქეიფობდით. 10-10 მანეთს თუ დავდებდით, კარგ რესტორანში - "დარიალში" ვქეიფობდით, 5-5 მანეთად - "ყაზბეგში", 2-2 მანეთად კი - "ობლებში". სახინკლეში ხომ ყოველდღე დავდიოდით, მედუქნეს "არებს" ხომ არ დავაწერინებდით?! სტუდენტობისას არც გამჭირვებია, კარგად ვმღეროდი და ყველგან მეპატიჟებოდნენ. დედაც თავისი ხელფასის ნაწილს მიგზავნიდა. გარდა ამისა, სტიპენდიაც მქონდა - 40 მანეთი.
- პირველი ხელფასი თუ გახსოვთ?
- ჩემმა მეგობარმა, სოსო ბარდანაშვილმა და მე დავწერეთ მუსიკა და ლიბრეტო პირველი ქართული როკოპერისთვის და მახსოვს, 600 მანეთი ავიღე, კიდევ, საავტოროსთვის - 3.000 მანეთი. მაშინ 21 წლის ვიყავი.
- ერთდროულად ყველაზე დიდი ფული როდის გქონიათ?
- მეგობრებთან ერთად მცხეთაში კლუბი "ხეკორძულა" გავხსენით და 12.000 მანეთი შემხვდა. მახსოვს, ფული ჩანთით წამოვიღე, მაშინ გადარიცხვები და ბარათები არ არსებობდა.
- გიყვართ ფულის ხარჯვა? დაუნანებლად რაში შეგიძლიათ დახარჯვა?
- ფული "გემრიელია". თუ გაქვს, უნდა დახარჯო კიდეც. დაუნანებლად მხოლოდ სასმელში ვხარჯავ (იცინის)... თუმცა ახლა აღარ ვსვამ, ევროპულ სტილზე გადავედი და მინდა, იგივე ვურჩიო მოქეიფე ხალხსაც. ადრე თუ რამდენიმე ბოთლ ღვინოს ან ორ ბოთლ არაყს ვსვამდი, ახლა 200-250 გრამს გეახლებით და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთივე მთვრალი ვარ, როგორიც 10 ლიტრის დალევისას. ესე იგი, ზედმეტს ვსვამდი. სხვათა შორის, ფინანსურად ცოტა სული მოვითქვი - ბევრი სასმლის ყიდვა აღარ მიწევს. უკვე 16 წელია, სიგარეტსაც არ ვეწევი. ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს შევეჩვიეთ 7-8 საათის განმავლობაში სუფრასთან ჯდომასა და ჭამა-სმას. ეს ცხოვრების არაჯანსაღი წესია. ერთმა ჟურნალისტმა მითხრა: გაიგეთ, შაქარი რომ გაძვირდაო?.. ძალიან კარგი, თუ გაძვირდა, როდის იყო, ქართველებს შაქარმოყრილი ცხოვრება გვქონდა?! რაც ნაკლებ შაქარს შეჭამს ქართველი კაცი, მით უფრო არ დაემართება შაქრიანი დიაბეტი ან სხვა რამე დაავადება... რომ გითხრათ, რას ჭამდა ჩვენი წინაპარი, გაგეცინებათ: ლობიოს, ღომს, ყველს და ძირითადად, მწვანილს. ახალ წელს თუ შეჭამდნენ ხორცს, მაგრამ განა ამის გამო წუწუნებდნენ. სხვებისგან განსხვავებით, არც მე მიყვარს წუწუნი.
მე და დედა ზოგჯერ მჭადსა და ყველს ვჭამდით, მაგრამ არ ვტიროდით. მტირალა საზოგადოება ქვეყანას ვერ ააშენებს. სავარძელში ჯდომითა და წამოწოლით ვერაფერს მიაღწევ, ქვეყანა ასე არ შენდება. რატომღაც ხალხი ისეთ მთავრობას უცდის, რომელიც ბანანებს გადმოუყრის. ასეთი რამ არასდროს მოხდება. ხალხის უბედურება ის არის, რომ თავის პრობლემებს სხვას აბრალებს. ძმაკაცს, რომელიც უმუშევარი იყო, შევთავაზე: ჩემს ძველ მანქანას გაჩუქებ, "იტაქსავე" და ოჯახში "ორ კაპიკს" შეიტან-მეთქი. იუკადრისა: "ტაქსაობას" როგორ ვიკადრებო?! მე "ორი კაპიკისთვის" რესტორანში მიმღერია და არც მრცხვენია ამის თქმის. შრომა სირცხვილია?! როდესაც მიჭირდა, ჩვენი სახლი ბარნოვზე (ჩინეთის საელჩოს წინ) გავაქირავეთ და თვითონ სხვაგან დავიქირავეთ უფრო იაფად. მერე რა მოხდა? ჯობს, კუდაბზიკობას თავი დავანებოთ. თუ ბენზინის ფული არა მაქვს, კეთილი უნდა ვინებო და ორსართულიანი ჯიპიდან "გოლფში" გადავჯდე და თუ ამის საშუალებაც არა მაქვს, ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ვიარო. შეიძლება, გალაკტიონი იყო და ავტობუსით მგზავრობდე - ეს არავის ესმის.
- როგორც ჩანს, მებრძოლი ბუნების ადამიანი ხართ.
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც არა აქვს მიზნად დასახული, ყველას სჯობდეს ცხოვრება-ქონებით, ოპტიმისტია. ასეთი კაცი ბედნიერებას სხვაგან ეძებს. უფულობის გამო თავს უბედურად არ მივიჩნევ, ზოგისთვის კი ეს - ტრაგედიაა. ადამიანში ნიჭს უნდა აფასებდე და არა - ფულს. თუ ასე არ არის, მაშინ უბედური ხარ, სხვას ჯიპში რომ ხედავ...
- თქვენ არასდროს გწყდებოდათ გული, რამე რომ გაკლდათ?
- ალბათ მე ბავშვობიდანვე შევეჩვიე, რომ ერთს აქვს და მეორეს - არა. იცით, რატომ ვუყვარვარ ჩემს მეგობრებს? მათ ოჯახებში შურიანი თვალით არასდროს შევსულვარ. კეთილშობილად დაბადებულს შური ამახინჯებს. ყველა მილიონერი რომ ვერ ვიქნებით, ამას უნდა შევეგუოთ...
"მაგდენი ფულიც არ მაქვს, რომ გავასესხო"
მუშნი ზარანდიასეული პრინციპი - კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი - კაცს, არც ისე კარგად შეუთვისებია დეკლარანტს. მისი ყოველწლიური შემოსავალი 47.706 ლარს აღწევს (თვეში დაახლოებით 2.400 ლარს იღებს), მაგრამ რამდენიმე ბანკიდან კრედიტი მაინც გამოუტანია და წვრილ-წვრილი რაღაცები შეუძენია. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავად არის, რადგან არც მეუღლე მუშაობს და ბუნებრივია, არც უმცროსი შვილი: ნიკუშა სკოლის მოსწავლეა.
- გიორგი თავგადადებული მუსიკოსია, აქტიურად მუშაობს საკუთარ თავზე. ჩემი მეუღლე არ მუშაობს: სიდედრი 5 წელია, ლოგინად არის ჩავარდნილი და მას უვლის. უამრავი წამალი სჭირდება. გარდა ამისა, დედაჩემმაც უკვე 10 წელია, მხედველობა დაკარგა და მომვლელი ავუყვანე, 150 ლარს ვუხდი თვეში. ზოგს ჰგონია, რომ ბედნიერი ვარ, რადგან არ "ვტირი". ასე არ არის - ზოგჯერ მდიდრებიც ტირიან (იცინის)... რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი არც მე მაწყენდა.
- როგორც ჩანს, ხელფასი არ გყოფნით და ამიტომაც გამოგაქვთ კრედიტები, ხომ?
- რომ არ მყოფნიდეს, მშიერი მოვკვდებოდი. უბრალოდ, იმიტომ გეუბნებით, რომ არ გეგონოთ, თითქოს ეს ბევრი იყოს (საკმარისი შეიძლება, არც 2.400-ლარიანი ხელფასი იყოს და არც 24.000-ლარიანი, მაგრამ წელიწადში 47.706 ლარი ჩვეულებრივი მოკვდავების ხელფასთან შედარებით, ცუდად არ გამოიყურება. ბატონ ნუგზარს თი-ბი-სიდან 12.000 ლარი აქვს სესხად გამოტანილი, კვლავ თი-ბი-სიდან - 7.500 ლარი; საქართველოს ბანკიდან "ორენჯ ბარათით" - 1.500 დოლარი, "ტაოპრივატბანკიდან" კი - 2.000 დოლარი. თვითონაც მიხვდებით, რომ დეკლარაციაში ანაბრებს, ფასიან ქაღალდებსა და აქციებს ვერ მივაკვლიე იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ დეკლარანტს ასეთი რამ არა აქვს. - ავტ.). ამ სესხებს ვფარავ და ხელფასიდან 1.700 ლარიღა მრჩება ხოლმე.
- ამ კრედიტებით რაიმე შეიძინეთ? დეკლარაციაში არაფერია მითითებული.
- ეს არ არის დიდი კრედიტი. ზოგს იმდენი აქვს გამოტანილი... კრედიტები, სხვათა შორის, ბანკების კარგი და მაცდური მუშაობის შედეგია. ზოგჯერ არც მჭირდებოდა და მაინც გამოვიტანე, პირობებმა მომხიბლა. საოჯახო ნივთები და რაღაც წვრილმანები ვიყიდე. ერთი სესხით მეორე გადავფარე და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია. სესხის აღება იმიტომ გავბედე, რომ დეპუტატი ვიყავი, თორემ ისე არ ავიღებდი. ეს ევროპული ცხოვრების წესია. თან, ვალი რომ გაქვს, იძულებული ხარ და იხდი, უფრო მოწესრიგებული ხარ ფულის ხარჯვის მხრივ.
- ფულის გასესხება თუ გიყვართ?
- მაგდენი ფულიც არა მაქვს, რომ გავასესხო. 100 ლარს მეგობარი რამდენიმე დღით რომ მთხოვს, კი, ბატონო, რა პრობლემაა, შემიძლია, ვასესხო. ზოგჯერ 20, 30, 50 ლარიც მიჩუქებია ვინმესთვის, მაგრამ როცა არა გაქვს, რას იზამ? თქვენ გავიწყდებათ, რამდენი გადასახადი გვაქვს. იძულებული ხარ, ფუფუნების ნივთები მოიკლო და მხოლოდ აუცილებლით დაკმაყოფილდე. სხვა შემოსავალიც რომ მქონდეს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ხელფასით ვცხოვრობ...
- ასეთი სტაბილური სამსახური აქამდე არც გქონიათ, ხომ?
- რაღა სტაბილურია, ყოველდღე გვეუბნებიან - წადით, გადადექითო. აგერ მაისში არჩევნებიც ჩატარდება და მერე ვნახოთ. მე პარლამენტარობაზე მიჯაჭვული არა ვარ. წავალ, კონცერტს ჩავატარებ, ვიმღერებ და ასე შევინახავ ოჯახს.
- ბოლოს ისიც მითხარით, გიყვართ ჯიბით ბევრი ფულის ტარება თუ ყოველდღიურად რაღაც განსაზღვრული თანხა გიდევთ საფულეში?
- რა განსაზღვრული თანხა, ზოგჯერ სულაც არაფერი მაქვს... რამდენიმე ლარი კი ყოველთვის მიდევს - პარლამენტთან მათხოვრები რომ დგანან, მათთვის. 20, 50, ზოგჯერ 100 ლარიც მდებია ჯიბეში, ხან როგორ და ხან - როგორ. საერთოდ, უფულო კაცად მიცნობენ. რომ იკითხოთ, ამას ყველა გეტყვის...
პოსტსკრიპტუმის მაგიერ:
უფულო რომ არის, ამიტომაც ინატრა: რამე ფილმს თუ გადაიღებენ ჩემი სცენარით ან ვინმე თუ დამიტოვებს მემკვიდრეობით მილიონს, უარს არ ვიტყვი, გამიხარდება; უცებ დავხარჯავ და ისევ უფულოდ დავრჩებიო, - მითხრა საუბრისას პარლამენტარმა და მომღერალმა (თუ ჯერ - მომღერალმა და მერე - პარლამენტარმა, პოლიტიკოსობა დღეს ხომ აღარავის უჭირს, ყველაზე ადვილად ასათვისებელი პროფესიაა)... მე კი, სიმართლე გითხრათ, მთელი დღე იმის ანგარიშს მოვანდომე, მილიონით რამდენი კილოგრამი ლობიოს, სიმინდის ფქვილის, ყველისა და მწვანილის ყიდვა შეიძლება და რამდენ წელს ეყოფა ეს სარჩო ადამიანს, თუკი ხორცს მხოლოდ ერთხელ - ახალ წელს მიირთმევს...
ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)