"გამსახურდია რონი ფუქსს რუსეთის აგენტს ეძახდა"
ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის ჩამოსვლის პირველ დღეებს იხსენებს:
"1991 წლის 13 აგვისტო იყო. მე და ჩემი ოპერატორი მალთაყვაში ჩავედით. 16 აგვისტომდე წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იქ იქნებოდა. მაშინ სატელევიზიო გადაცემის "პრეზიდენტის საათის" ავტორი და წამყვანი ვიყავი.
მოკლედ, გავიგე, რომ ჩამოსული იყვნენ ებრაელი ბიზნესმენები. მე და ჩემმა ოპერატორმა ზვიად გამსახურდიასთან მათი შეხვედრის კადრები გადავიღეთ. მათ შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მახსოვს, თბილისში გაზრდილმა ეფრაიმ გურიმ წარუდგინა პრეზიდენტს რონი ფუქსი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია. რამდენიმე ხანში ზვიად გამსახურდიამ მოულოდნელად დატოვა მოლაპარაკება და ჟურნალისტები ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში დაგვიბარა. აღელვებული ჩანდა. ბობოყვათის რეზიდენციაში ებრაელ ბიზნესმენებს აფერისტები და კრემლის აგენტებიც კი უწოდა. ამ ამბიდან ორ დღეში ზვიად გამსახურდიამ თენგიზ სიგუა და გოგი ხოშტარია თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა. სიგუა და ხოშტარია საპროტესტო აქციებზე იმასაც გაიძახოდნენ, გამსახურდიამ ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში ხელი შეუშალაო.
გამსახურდიას ზოგიერთმა ურჩია, არ შეიძლება რონი ფუქსისა და მისი პარტნიორების განაწყენება, მათ შეუძლიათ ოპოზიციის დაფინანსება და სამხედრო გადატრიალებისთვის ხელშეწყობაო. გამსახურდია იძულებული გახდა, ბიზნესმენებს ისევ შეხვედროდა, მაგრამ ურთიერთობა უმთავრესად ნიადაგის მოსინჯვისა და წინასწარი მოლაპარაკების დონეზე ჰქონდათ. გადაწყვეტილების მიღებას პრეზიდენტი შეგნებულად აფერხებდა.
ეკა ასათიანი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)