საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5 ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო გარიგებებში იყვნენ ჩართული, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საკმაოდ რთულად წარიმართა შეხვედრა და საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხმები გაიყო. სიჭინავას განმარტებით, 8 წევრის პოზიცია იყო, რომ ფეხბურთელებს სასჯელის სახით 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეღოთ, ხოლო 9 წევრი მოითხოვდა, მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია შეფარდებოდათ.
საბოლოოდ, სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გატარებულიყო უმკაცრესი ზომა, რაც იქება კარგი მაგალითი, რათა მომავალში სხვა ფეხბურთელებს და კლუბებს აღარ გაუჩნდეთ მატჩების გაყიდვის სურვილი. შესაბამისად, 5 ფეხბურთელს, "ვიტ-ჯორიას" ფეხბურთელ გიგა ბეჭვაიას, ზუგდიდის "ბაიას" ორ ფეხბურთელს - როინ ონიანს და ლევან ვართაგავას და "სამტრედიის" ორ ფეხბურთელს - სპარტაკ გოგიას და ზაზა კირთაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდათ.
რაც შეეხება პრევენციული ხასიათის სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აცხადებენ, გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით და, ზოგადად, ამ მიმართულებით ისინი აღმასრულებელი კომიტეტის მომავალ სხდომებზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორებას გამორიცხავს.