საგამოცდო ციებ-ცხელება იწყება

საგამოცდო ციებ-ცხელება იწყება

როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში, სასკოლო გამოსაშვები გამოცდების იდეაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან იჩქარა და გამოცდები წლეულსვე დანიშნა.

თავის დროზე ამ ინიციატივას მოსწავლეთა და მათი მშობლების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამას ხელისუფლებამ საკმაოდ მკაცრად უპასუხა, "ოროსნების რევოლუციას" არავის მოვაწყობინებთო. თუმცა რევოლუციის მოწყობას არც არავინ აპირებდა. საქმე ის არის, რომ ბოლო ოცი წელიწადია, ამ ქვეყანაში სასკოლო სწავლების პროცესი კრიტიკას ვერ უძლებს.

მით უფრო, კარგა ხნის განმავლობაში დიფერენცირებულ სწავლებას ახალისებდნენ, ზოგადი განათლება კი ლამის საბჭოთა გადმონაშთად გამოცხადდა. შესაბამისად, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობდა მხოლოდ იმას, რაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სჭირდებოდა.

არავინ დავობს, რომ ქართული სკოლა, ბოლოს და ბოლოს, განათლების კერად უნდა იქცეს, მაგრამ როდესაც საქმე ახალგაზრდების მომავალს ეხება, ალბათ, მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება გამოცდებს, უკვე ცნობილია, რომ გამოსაშვები გამოცდები ერთიანი კომპიუტერული სისტემით ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ყველა სკოლა უკვე ჩართულია. გამოცდები ე.წ. ჩათ-ის პრინციპით წარიმართება, რაც "კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებას" ნიშნავს. 

განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, ამ გამოცდებისთვის ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერი სერვერები. სკოლებში შეიტანეს სპეციალიზებული კომპიუტერებიც. თუმცა სარეპეტიციო გამოცდების დროს სისტემას პრობლემები შეექმნა. როგორც ამბობენ, გამოცდები ქვეყანას გვარიანი თანხა უჯდება, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მათთვის თანხის ოდენობა უცნობია.

უშუალოდ ტესტურ დავალებებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეს გამოყოფილი აქვს 100 წუთი. თითოეული დავალებისთვის პირობითად 2 წუთია განსაზღვრული. გამოსაცდელს შეუძლია დავალებებზე მუშაობისას დარჩენილი 10 წუთი სარეზერვოდ გამოიყენოს თუ მოსწავლე დავალებას 2 წუთზე უფრო ადრე გაართმევს თავს. დარჩენილი დრო მის რეზერვს ემატება "ყველა სიახლის" კითხვებს პასუხობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი მერაბ თოფურია.

- იქნებ აგვიხსნათ, რაში მდგომარეობს CAT-ის პრინციპით გამოცდის ჩაბარების არსი და რა არის მისი უპირატესობა?

- აბრევიატურა CAT ნიშნავს "კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებას". ეს არის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ნაცადი საგამოცდო სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ადგენს გამოსაცდელის ცოდნის დონეს კონკრეტულ დისციპლინაში, განსხვავებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისგან, რომელიც სასელექციო ტიპის გამოცდაა, გამოსაშვები გამოცდები სასერტიფიკაციო გამოცდად მიიჩნევა. სწორედ სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდის ჩატარებისთვის არის CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელი ყველაზე ეფექტიანი. კომპიუტერული პროგრამა ზუსტად ადგენს, იცის თუ არა მოსწავლემ ესა თუ ის საგანი და არ განსაზღვრავს, ჯობნის თუ არა ერთი მოსწავლე მეორეს ცოდნის დონით.

- რა თანამიმდევრობით ჩააბარებენ მოსწავლეები გამოცდებს და როგორი იქნება გამოცდებს შორის დროის ინტერვალი?

- გამოცდები იწყება 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით და დასრულდება 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით. თითო დღეს ჩატარდება თითო გამოცდა. დასვენების დღეებია 26 და 29 მაისი.

- ცნობილია, რომ საცდელი ტესტირებისას არაერთ სკოლაში, განსაკუთრებით რეგიონებში, იყო ტექნიკური შეფერხებები. რა შეფერხებები იყო ეს და გამოცდებამდე თუ მოხერხდება მათი აღმოფხვრა?

- საცდელი ტესტირებების მიზანი სწორედ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა იყო. ზოგიერთ რაიონში სკოლებს ინტერნეტი დაბალი სიჩქარით მიეწოდებოდა, რის გამოსწორებაზეც ზრუნავს კომპანია "მაგთი" და განათლების სამინისტრო.

- შეფერხებისას როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, ხომ შეიძლება ეს ბავშვისთვის დამატებითი სტრესის ფაქტორად იქცეს, რაც მას გამოცდის წარმატებით გაგრძელებაში შეუშლის ხელს.

- თუკი მოხდა ტექნიკური შეფერხება და რაღაც მიზეზით გამოცდა შეჩერდა, ყველა მოსწავლეს შეენახება გამოცდისთვის განკუთვნილი დრო, აგრეთვე, უკვე გაცემული პასუხებიც. ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში მოსწავლეებს პრობლემები არ შეექმნებათ. გარწმუნებთ, ისინი ამის გამო არ დაზარალდებიან.

- თუ მოსწავლე ავად გახდა და ვერ მიიღო მონაწილეობა რომელიმე გამოსაშვებ გამოცდაში, მას წელსვე ექნება დამატებით გამოცდებზე გასვლის უფლება?

- ბავშვი წელსვე დამატებით გამოცდას ჩააბარებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ანუ თუ იურიდიული ძალის მქონე საბუთით დადასტურებული იქნება ფორსმაჟორული სიტუაცია, მძიმე ავადმყოფობა და ა.შ. თითოეულ ასეთ შემთხვევას განიხილავს სპეციალური კომისია და დაკმაყოფილდება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევები. სხვა შემთხვევაში მოსწავლე გაისად ჩააბარებს გამოცდას (იგივე წესი მოქმედებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც).

- გამოცდაზე რისი შეტანის უფლება ექნებათ მოსწავლეებს?

- მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საგამოცდო მოსაწვევი და კალამი. თუკი აუცილებელია, მოსწავლეს ასევე შეუძლია წყლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორ საგანში ჩაჭრის შემთხვევაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს მაინც მიეცემა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება, თუმცა მას მეორე წელს აუცილებლად მოუწევს ამ საგნების ჩაბარება. ეს თუ შეეფერება სიმართლეს?

- ეს ინფორმაცია მცდარია. მოსწავლეს ატესტატი მიეცემა მხოლოდ მაშინ, როცა ყველა გამოცდას ჩააბარებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში კი მონაწილეობენ მხოლოდ ის აბიტურიენტები, ვისაც ატესტატი აქვთ.

- ცნობილია, რომ კითხვები იყოფა იოლ და საშუალო სირთულის კითხვებად, სხვადასხვა სირთულის კითხვები ერთნაირად შეფასდება?

- მოსწავლეს აფასებს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მუშაობს სპეციალური ალგორითმის საშუალებით. ალგორითმის მუშაობის პრინციპი გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს. 

- რა იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, დასმული კითხვებიდან რამდენს უნდა უპასუხოს მოსწავლემ სწორად, გამოცდა რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს? ჩააბარა თუ არა გამოცდა, პასუხს მოსწავლე როგორ და როდის შეიტყობს?

- არ არსებობს ბარიერის გადასალახავად კითხვების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა. პროგრამა მოსწავლეს მომდევნო კითხვას წინა კითხვის პასუხის მიხედვით აწვდის. შეიძლება ზოგიერთმა 40-მდე კითხვას უპასუხოს, ზოგმა 20-ს. პროგრამა კითხვების მიწოდებას წყვეტს, როდესაც ბავშვის დონეს ადგენს, იქნება თუ არა ეს შეფასება საკმარისი ბარიერის გადასალახავად, სხვა საკითხია. ბავშვი გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყობს შედეგს - მიღებული ქულების ოდენობას. რაც შეეხება ზღვარს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდება გამოცდების დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე.

- ბევრი მიიჩნევს, რომ წელს დამამთავრებელი კლასის ბევრი მოსწავლე დარჩება უატესტატოდ, სად ექნებათ მათ სწავლის გაგრძლების უფლება?

- გამოცდების დასრულებამდე არავინ იცის, რამდენი მოსწავლე ვერ მიიღებს ატესტატს. პირველი წელია, გამოცდები ამ ფორმით ტარდება და ამიტომ გათვალისწინებული იქნება სასკოლო სწავლების პროცესში დაშვებული ხარვეზები, შესაბამისად, წლეულს ბავშვებს გაცილებით მარტივი პროგრამებით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება. მოკლედ,  ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეების უმრავლესობამ ატესტატი მიიღოს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"