2008 წლის 8 მაისს თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, პატრულის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა დაუმორჩილებლობისთვის 31 წლის გიორგი გამცემლიძე გამოასალმა სიცოცხლეს.
მართლმსაჯულებამ პოლიციელი გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით გაასამართლა და მხოლოდ 2 წლით აღუკვეთა თავისუფლება. გასულ წელს, "პოლიციის დღედ" გამოცხადებულ გიორგობას კი, აბუაშვილი გაათავისუფლეს. მიმდინარე წლის 8 მაისს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოჯახთან ერთად კიდევ გაიხსენეს უდანაშაულო მსხვერპლი, სამი შვილის მამა გიორგი გამცემლიძე, რომელიც ახლა 34 წლის იქნებოდა...
გულიკო გამცემლიძე, გიორგის დედა:
- ორი ვაჟის დედა ვიყავი... რას წარმოვიდგენდი, პოლიციელი თუ მომიკლავდა შვილს?! იმჟამინდელმა პროკურორმა, ჯონი მაჭარაშვილმა ერთადერთი მოწმე, თენეიშვილი, რომელზეც იმედს ვამყარებდი, თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია - სასამართლო პროცესი შვიდჯერ გადადო, მოწმე რომ არ გამოცხადებულიყო და ვიდრე მას არ აარევინა ჩვენება, არ მოისვენა. პროკურორმა როდესაც დაჰკითხა ვახტანგ აბუაშვილი, თქვა, რა პატარაა თბილისი, აბუაშვილი თურმე გიორგის იცნობდაო. როგორც გაირკვა, აბუაშვილი მართლაც იცნობდა გიორგის, დასდევდა და ჯიბრში ედგა მას, მაგრამ ვერ იჭერდა.
პროკურორმა მითხრა, დავკითხეთ აბუაშვილი და არ უარყოფს, რომ თქვენს შვილს იცნობდაო. ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ წერილობით მივმართე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, მან თავის მოადგილე თინა ბურჯალიანთან გამგზავნა, იმან - მთავარი პროკურორის მოადგილე დათო საყვარელიძესთან, რომელმაც მიმიღო და "გარანტია" მომცა, მკვლელს 2 წელიწადზე ნაკლებს არ მივუსჯითო. თურმე ეს იმიტომ მითხრა, რომ აბუაშვილის ადვოკატ მირდატ ქამადაძეს სააპელაციო სასამართლოში შეუტანია მოთხოვნა, რომ პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვათა მკვლელები რომ არ დასაჯეს, სხვებსაც ამიტომ გაეხსნათ ხელ-ფეხი.
- პატრული აბუაშვილი გათავისუფლების შემდეგ პოლიციაში ხომ არ დააბრუნეს?
- აბუაშვილი გასული წლის 6 მაისს, პოლიციის დღეს გაათავისუფლეს. არ მგონია, კვლავ პოლიციაში იყოს, ვინაიდან მას 2 წელი პირობითი აქვს მისჯილი. ჩემს შვილს პატრულმა ესროლა, მაგრამ სინამდვილეში მკვლელები არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი... ისინი არიან მკვლელობის დამკვეთნი. გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტის ფრაზა მაღალი ტრიბუნიდან - "ყველას ესროლეთ!". აბუაშვილს "ზემოთ" "პატრონი" ნამდვილად არ ჰყავს. მისი პატრონი მერაბიშვილია, რომელიც მას ვერ დასჯიდა, ეს ხომ მისი და მისი პოლიციის პრესტიჟის საქმე იყო? აბუაშვილმა ისიც კი არ იცოდა, რომ გასროლამდე უნდა გაეფრთხილებინა, ანუ ჰაერში გაესროლა. მან სასამართლოზე აღიარა, გიორგის ხელში იარაღი არ დამინახავსო.
- ქალბატონო გულიკო, როგორც ვიცი, ევროსასამართლომ თქვენი საქმე წარმოებაში მიიღო.
- ჩემი შვილის საქმე ისეთი დამახინჯებული იყო, დარწმუნებული ვიყავი, ევროსასამართლო მიიღებდა. საჭირო იყო სააპელაციო ინსტანციის გავლა. შეკერილ საქმეში ხელმოსაჭიდი რაღაცების პოვნა ძნელია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მაინც მოახერხა და საქმეში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. საქმე გასულ წელს გადაგზავნეს სტრასბურში, მათ კი წარმოებაში მიიღეს.
- ალბათ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურის გადაწყვეტილება თქვენთვის იყო შვება და იმედი იმისა, რომ გიორგის მკვლელობის საქმეზეც მიაღწევთ წარმატებას
- ღმერთს ვთხოვ, არ მომკლას, ვიდრე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ მივიღებ. საცოდავი ირინა ენუქიძე ამას ვერ მოესწრო. იმედი მაქვს, ღმერთი არ გამწირავს და ირინასთან ერთად ვიზეიმებ ამ გამარჯვებას. ჩემი შვილი სააკაშვილის მითითებით მოკლეს. კინოფილმ "შერეკილებში" რომ არის, ხუტა უფროსი, იმას მახსენებს შეურაცხადი პრეზიდენტი. ადრე მაისის დადგომა მიხაროდა, ახლა - მძაგს. ამას წინათ ვნატრობდი, ნეტავ, ვინმემ კალენდრიდან ამოაგდოს 8 მაისი-მეთქი, შვებას ვიგრძნობდი. 13 მაისს, ჩემს დაბადების დღეს დავასაფლავე შვილი. ერთადერთი მიზანი ბრძოლაა და ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულების მოლოდინი. ეს საქმე ხელახლა უნდა გამოიძახონ. შეიცვლება მთავრობა და ამის დროც მოვა.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)