ცოტა ხნის წინ, ცნობილი პროფესორის - გურამ შარაძის ქალიშვილს - რუსუდანს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა. გასულ კვირას კი რუსუდანის ქმარ-შვილმა - მსახიობმა თემო გოგიძემ პატარა ქალიშვილთან ერთად, საქართველო დატოვა... საზოგადოებისთვის შარაძეების ოჯახის უმძიმესი ტრაგედიის შესახებ კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. რატომ გახდა იძულებული რუსუდან შარაძე, უცხოეთში ეძებნა თავშესაფარი, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
რუსუდან შარაძე:
- 2006 წლის ოქტომბრიდან ჟენევის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, სანახევროდ საქართველოში ვიმყოფებოდი. დავაარსეთ "გურამ შარაძის საზოგადოება", რომელიც ყოველ წელს, 17 ოქტომბერს და 20 მაისს (დაბადების და მკვლელობის დღეებში) აღნიშნავდა. თურმე პრესა მაშინ ჯერ კიდევ არ ყოფილა საბოლოოდ დასამარებული, აქტიურად შუქდებოდა ეს ყველაფერი... ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხვდებოდი და ერთადერთს ვთხოვდი - ხმა ამოეღოთ იმ უსამართლობაზე, რასაც მამაჩემის საჯაროდ დახვრეტა ჰქვია... მაგრამ ახლა მათ სინდისზე იყოს მათი დუმილი. დღემდე არ ვიცი, რა ხდება... ბოლოს, 2010 წლის 17 ოქტომბერს გურამ შარაძის 70 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ დღისთვის საგანგებოდ შევქმენით ვებგვერდი (http://guramsharadze.wordpress.com). ვფიქრობ, ამ ეტაპზე, საქართველოში ბრძოლის არც ერთი გზა არ დაგვიტოვებია. ახლა ბრძოლას ჟენევაში განვაგრძობ.
- არ გაგიჭირდათ თავშესაფრის მიღება?
- წარვადგინე ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება - გურამ, ლაშა და გიორგი შარაძეების საქმესთან დაკავშირებით. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა ეს ყველაფერი სრულიად უცხო და ნეიტრალური შვეიცარიელებისთვის. მათ მომისმინეს, შეფასებები არ გაუკეთებიათ და მოკლე დროში, ფოსტით მაცნობეს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდა. მადლობის მეტი რა მეთქმის?! რამდენი პოლიტიკური დევნილიც ეყოლება სააკაშვილის "დემოკრატიულ" ხელისუფლებას, იმდენი სილის გაწნაა მისთვის.
- პირადად თქვენზე ხომ არ ხორციელდებოდა რაიმე ზეწოლა?
- პირდაპირი სახით ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, თბილისში ჩამოსვლის დღიდან, ჩემს მობილურ ტელეფონზე არ წყდებოდა უწმაწური, მუქარის შემცველი ზარები და მესიჯები... ეს იყო მორალური ტერორი, რომელსაც, სამწუხაროდ, შეჩვეული ვარ.
- დედათქვენი - ქალბატონი სვეტლანა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიმიღია, ბევრი ვიფიქრე, რადგან ამ ნაბიჯს, საყვარელ ადამიანებთან განშორების ტკივილი ახლავს. წინასწარ გავუზიარე - მეუღლეს, დედას და დედამთილს და ამის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ ჩვენი განშორება დროებითია...
- საქართველოში ჩამოსვლა ხომ არ გეკრძალებათ?
- არავის არაფერი აუკრძალავს, ნებაყოფლობით ვთქვი უარი საქართველოში ცხოვრებაზე მანამ, სანამ მამაჩემის მკვლელს ერქმევა - საქართველოს პრეზიდენტი! ამასთან, საიდან უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ კაციჭამია სააკაშვილს კვლავ არ მოსწყურდება შარაძეების სისხლი?!
- თქვენთან ერთად მეუღლე და შვილიც მიდიან. არადა, თემო საქართველოში პოპულარული მსახიობია...
- თემო ჩემთვის ღმერთის საჩუქარია, მარიკუნაზე აღარაფერს ვამბობ... არ ვიცი, ამ ტრაგედიას მათ გარეშე თუ გადავიტანდი. ვფიქრობ, რომ თემო დაიჩაგრა იმით, რომ ბედი დამიკავშირა. მისმა ერთგულებამ და თანადგომამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი პოპულარობა მახარებს, მაგრამ ამასთან, გული მწყდება, რომ თავის საქმეში სათანადოდ ვერ დაიხარჯა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს დიდ მსახიობობას უწინასწარმეტყველებდნენ. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას გაუმართლა, როცა გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა და მისი აღზრდილი და ფავორიტიც გახდა... მაგრამ ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ, გურამ შარაძის არათუ შვილებისთვის, არამედ სიძისთვისაც კი ადგილი არსად მოიძებნა: თემო არც ერთმა თეატრმა არ მიიღო. ვის არ მიაკითხა, დაწყებული ლევან წულაძით - დათო დოიაშვილით დამთავრებული; თემო არც ერთი მათგანისთვის უცხო არ ყოფილა.
- თემოს ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ ნაბიჯს?
- ჩვენ რაღაცნაირად, ტრაგიკული ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. თემოსაც მამა და ძმა ერთ წელიწადში გარდაეცვალა. დედამისიც თემოს ამარა დარჩა, მაგრამ ძლიერი ქალია, აქეთ გვეხმარება და გვამხნევებს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
- რუსუდან, თქვენი ოჯახის ტრაგედია ძმის - ლაშას მკვლელობით დაიწყო...
- ლაშას მკვლელობა უმძიმესი დარტყმა იყო... და ამით დასრულდა ჩვენი ოჯახის ბედნიერი ცხოვრება. წარმოიდგინეთ მამაჩემის მდგომარეობა - ლაშას ხომ მამაჩემისთვის მისამართით "ნასროლი" ტყვია მოხვდა!.. 1998 წლის 15 ივნისს, მამაჩემის მძღოლმა, ლაშა საკუთარ ლოგინში მოკლული იპოვა. თავში ერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი. ბევრი რამ, მათ შორის ცხედრის მდგომარეობაც ცხადყოფდა, რომ მძინარეს ესროლეს: ტანზე გახდილი იყო, გვერდულად იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული... იარაღი იქვე, ლოგინზე ეგდო. ეს რომ მკვლელობა იყო, ადგილზევე დაადასტურეს ცნობილმა ექსპერტებმა - თამარ დეკანოსიძემ და მაია ნიკოლეიშვილმა. ჯერჯერობით, კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებ. პირველი, რაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა - კახა თარგამაძემ მამაჩემს უთხრა (ოჯახის წევრები სახლში არ შეგვიშვეს), - ნასვამ ლაშას გული აერია და დაიხრჩოო. ამის შემდეგ, ცხედარი სადარბაზოს უკანა კარიდან პროზექტურაში ისე გააპარეს, რომ მამას არც უთხრეს. თბილისის პოლიციის შეფმა - სოსო ალავიძემ და თბილისის პროკურორმა - ნუგზარ გაბრიჩიძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ლაშამ თავი მოიკლა. გასროლილი ტყვიის გულა კი დაიკარგა... ამ და უამრავი სხვა ფაქტის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ეს წინასწარგანზრახული, პოლიტიკური მკვლელობა მიმართული იყო გურამ შარაძის მორალურად გასანადგურებლად. მიუხედავად მამაჩემის თავდაუზოგავი მცდელობისა, საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.
- როგორ ფიქრობთ - პირადად მას რატომ არ გაუსწორდნენ?
- 1998-2004 წლებში მამამ ოთხჯერ მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც აცხადებდა, რომ მისი ფიზიკური განადგურება იგეგმებოდა, მაგრამ ამაზე რეაგირება არ მომხდარა. პირველი ასეთი განცხადებიდან ოთხთვე-ნახევრის შემდეგ ლაშა მოკლეს. იმის მერე საქართველოს პრეზიდენტმა - ედუარდ შევარდნაძემ მამას პირადი დაცვა დაუნიშნა. 2003 წლის დეკემბერში კი რევოლუციურმა ხელისუფლებამ დაცვა სასწრაფოდ მოუხსნა, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის - ნინო ბურჯანაძის ბრძანებით. ამასთან დაკავშირებით, გურამ შარაძემ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ყველა ქვეყნის ელჩს, სადაც ახალი ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულ მორალურ და პოლიტიკურ ტერორზე საუბრობდა და ჩვენს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობასაც ამ ხელისუფლებას აკისრებდა. ხელთ მაქვს ეს წერილი.
- ბატონი გურამის მკვლელობის საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული; ხომ არ გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია?
- ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია მას შემდეგ, რაც მკვლელობის საქმის მასალებს გავეცანი. შევისწავლე "ალდაგის" ვიდეოთვალით გადაღებული ფირი, შევხვდი და ვესაუბრე მკვლელობის თვითმხილველებს. ფაქტებზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ გურამ შარაძე ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, ბარათელისგან განსხვავებით - მაღლებმა და ,"ავაზასავით მოქნილებმა" (მოწმის სიტყვებია). სხვათა შორის, ერთ-ერთ სასამართლოზე, სადაც ჩვენი ადვოკატების მოთხოვნით, ეს ფირი აჩვენეს, გიორგი ბარათელმა საკუთარი თავი ვერ ამოიცნო. ბარათელს არ მოუკლავს მამაჩემი, ის იძულებით ჩართეს ამ საქმეში. აქვე დავამატებ, რომ 2007 წლის 30 სექტემბერს, როდესაც პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა, ჟენევიდან საგანგებოდ ჩამოვედი თბილისში, საკუთარი თვალით რომ მენახა გიორგი ბარათელი. როცა დარბაზში შემოიყვანეს, თვალებში შემომხედა და შევატყვე, რომ იმ წუთებში ,,მიწა გაუსკდა". მე შევძახე: ,,გიო, ვიცით, რომ დამნაშავე არ ხარ, ჩვენ შენთან ვართ!" მან თავი დამიქნია და აღელვებისგან თვალები აუწყლიანდა. ამ ფაქტს უამრავი მოწმე ჰყავს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ბარათელი მკვლელი არ არის! სანამ გურამ შარაძის მკვლელები ხელისუფლებაში არიან, რა თქმა უნდა, სიმართლე არ დამტკიცდება.
- მაგრამ მამის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ თქვენს ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს - თქვენი ძმა გიორგი გარდაიცვალა. რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი?
- ვფიქრობ, ჩვენ შორის, ყველაზე ტრაგიკული ბედის მაინც გიორგი აღმოჩნდა. ის ჩვენში გამორჩეული იყო... გიორგი ტყვიის გარეშე მოკლეს - მორალურად, ნელ-ნელა. მეამაყება, რომ ვარ გიორგი შარაძის და, რომელიც ქართულ ტელევიზიაში ნოვატორი გახლდათ. ამასთან, გიორგიმ ციურიხელი ქართველოლოგი ქალბატონის - ლეა ფლურის ოჯახში 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს, 1921 წლის კონსტიტუციას, შტანდარტისა და გერბის ორიგინალებს მიაკვლია და საქართველოს დაუბრუნა. 2000 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა იმ დოკუმენტების ორიგინალები, რომლებიც 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს!.. გიორგი შარაძე 2009 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა. ფიზიკურ ტკივილს სულიერი ტკივილიც დაერთო. ვერ გადაიტანა ამხელა უსამართლობა. ჯერ ძმა მოუკლეს, რომელიც ვერ დაიცვა, მერე - მამა, რომელიც ასევე ვერ დაიცვა... გიორგი, ფაქტობრივად, მამას დაღუპვას გადაჰყვა. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტანზე არ გაუხდია, ტახტზე, ტელევიზორთან იწვა და სრულ მარტოობაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინადღეს, მამა კახამ აზიარა. წყალიც ვეღარ მიიღო, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან...
რუსუდან შარაძის მეუღლეს, მსახიობ თემო გოგიძეს გამგზავრებამდე შევხვდი და რამდენიმე კითხვით მასაც მივმართე.
- თემო, წასვლის წინ რა განწყობილება გაქვთ?
- ბუნებრივია, ვღელავ. იმედი მაქვს, საქართველოდან ცოტა ხნით მოგვიწევს გამგზავრება. მეგობრებმა მითხრეს, - შენი წასვლა თან გვიხარია და თან - გვწყინსო. დედას გაუჭირდება ჩვენ გარეშე, მაგრამ ხომ იცით, მშობელი გამუდმებით შვილის კარგად ყოფნაზე ფიქრობს, - მისთვის მთავარია, რომ ჩვენი ოჯახი ერთად იყოს. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი უცებ მოხდა. არც მე და არც რუსუდანს ამაზე არ გვიფიქრია. არ მიყვარს სიტყვა "ემიგრაცია"... კარგად იცით, ჩემი სიმამრი ამ საკითხს როგორ "ეფერებოდა". არ მეგონა, თუ ჩვენც ემიგრანტის ბედს გავიზიარებდით...
- ალბათ გიჭირდათ მეუღლის გარეშე ყოფნა, მით უმეტეს - ქალიშვილის აღზრდა.
- რომ გითხრათ, არ მიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ. რუსუდანი იქ სწავლობს, მუშაობს და ბავშვი ჩემთან და ბებიებთან იზრდებოდა. მეგობრები გაკვირვებულები არიან ჩემი საქციელით: არ გვჯეროდა, თემო ბავშვს ასე თუ გაზრდიდაო. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ერთადერთ ქალიშვილს ვზრდი ისე, როგორც შემიძლია. კარგი მეგობრები ვართ მე და ჩემი მარიკუნა. ხან ვჩხუბობთ, ხან ერთმანეთს ვეფერებით. დღემდე ბავშვის დაძინების პრობლემა მაქვს. რთულად გასავლელია დაბანისა და დაძინების პროცედურა.
- საქართველოში პოპულარული მსახიობი ხართ. საყვარელი საქმის მიტოვება რომ გიწევთ, გული არ გწყდებათ?
- ჩემთვის სიტყვა "პოპულარობა" სულ სხვა რამეს ნიშნავს: პოპულარული მსახიობი ზაზა პაპუაშვილია, კაცობის, ზნეობის მაგალითი! საქართველოში დაიბადა, თორემ ჰოლივუდს დაიპყრობდა. ვინმემ შეიძლება, საკუთარ თავზე თქვას, რომ შოუმენია, როცა ამ ქალაქში "უცნობი" დადის?! ახლოს არც ერთს არ ვიცნობ და ასე თამამად მათზე იმიტომ ვსაუბრობ... ხალხის სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. ლევან თუთბერიძის ფილმმა - "ქაღალდის ტყვიამ" გამხადა ცნობილი. დღემდე მესმის, ქუჩაში რომ მივდივარ, ფრაზა - "2 ლარი მაჩუქე, რა!" - რომელსაც ფილმში გამუდმებით ვამბობდი... ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი - "ქუჩის დღეები" მთელმა მსოფლიომ ნახა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში პატარა წვლილი მეც შევიტანე. ისე, როლებით განებივრებული მაინცდამაინც არ ვყოფილვარ. არადა, როლის თამაში მსახიობისთვის თვითრეალიზაციის აუცილებელი პირობაა.
- გურამ შარაძის სიძეობამ სამსახიობო კარიერაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ამ ოჯახის ტრაგედია საზოგადოებისთვის ცნობილია. დღეს ყველა სფეროში ფარდის უკან ჩასაფრება და მიყურადებაა მოდაში! არც მე და არც რუსუდანს ფარდის უკან დამალვა არ გვჩვევია, ასეთია ჩვენი ცხოვრების წესი. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ზნეობა უმთავრესია. ჩემი პედაგოგი, გიზო ჟორდანია გვასწავლიდა, - "ჯერ კაცი უნდა იყო და მერე - არტისტი". სამწუხაროდ, ბოლო დროს ცოტა კაცს ვხედავ და ბევრ - არტისტს.
- რას ეტყვით მათ, ვინც ემიგრაციაში თქვენს წასვლას გააქილიკებს?
- მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. რუსუდანი პრესტიჟულ უნივერსიტეტს ამთავრებს, რამდენიმე ენა იცის, მაგრამ მითხარით, მას რა პერსპექტივა აქვს საქართველოში?.. ლაშა მოკლეს; ამ ამბით გურამი ვერ გატეხეს, ამიტომ მერე ისიც დახვრიტეს, რასაც გიორგიც ემსხვერპლა... სამწუხაროა, რომ ასეთი მამის შვილს სხვა ქვეყანა გცნობს დაზარალებულად და შენს სამშობლოში ადგილი არა გაქვს. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ვიღაც მემუქრება და დამდევს, მაგრამ ფაქტია - რუსუდანის მობილურ ტელეფონზე, როგორც კი საქართველოში ჩამოვიდოდა, მუქარის ზარები არ წყდებოდა. გავა დრო და გურამ შარაძეს ქართველი ხალხი ძეგლს დაუდგამს. ის ამ ქვეყანას შეეწირა. საქართველო მას სულსა და გულში ჰქონდა ჩაბეჭდილი. მას სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს.
- თემო, ახლა რა გეგმები გაქვთ?
- პირველ რიგში, მინდა, ფრანგული კარგად ვისწავლო. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. უფალი ამბობს, - დღევანდელი დღით იცხოვრეო. ისე, სამშობლოში მალე დაბრუნებასაც ველოდები. არ მინდა, პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო. მიხარია, ქუჩაში ხალხი სიყვარულით რომ მხვდება, მაგრამ როცა მესალმებიან, როგორც გურამ შარაძის სიძეს, სიყვარული მიასმაგდება. ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ შვილს თვალებში გამართულად ჩახედო!.. ახლა კი ბოდიშს მოგიხდით, აეროპორტში მაგვიანდება, დიდი გზა მაქვს გასავლელი. დიდი მადლობა!
- ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)