"ასე გვითხრეს, ვინც არ გააფორმებს ამ კომპანიასთან კონტრაქტს, მას სამსახურიდან დავითხოვთო''!

"ასე გვითხრეს, ვინც არ გააფორმებს ამ კომპანიასთან კონტრაქტს, მას სამსახურიდან დავითხოვთო''!

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების (ე.წ. ყვითელი ავტობუსები) მძღოლთა ერთი ნაწილი, საადვოკატო კომპანია "ჯი-ელ-ეს''-ს უპირისპირდება. მძღოლებმა დახმარებისთვის "ვერსიას'' მიმართეს. ამ ეტაპზე ისინი ვინაობის გამხელას ერიდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ სამსახურის გარდა, ბევრი სხვა რამ აქვთ დასაკარგი. თუმცა, აცხადებენ, რომ თუ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები "ვერსიაში'' გამოქვეყნებული ამ სტატიის შემდეგ სამართლიან რეაგირებას არ მოახდენენ, მაშინ სხვადასხვა შტოების მაღალ პირებს, მაღალი დონის ჩინოსნებს მიმართავენ დახმარებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს.

საქმე ისაა, რომ, როგორც თავად მძღოლები აცხადებენ, ისინი აიძულეს, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მაღალჩინოსანთა ზეწოლით, ერთწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ "ჯი-ელ-ეს''-თან, რომელიც მძღოლებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ჯი-ელ-ეს ასისტანსი - 100 პროცენტი. პირველადი იურიდიული მომსახურება - 100 პროცენტი - ულიმიტო. ოჯახის იურისტის მომსახურება - 100 პროცენტი - ულიმიტო. სატელეფონო იურიდიული კონსულტაცია - 100 პროცენტი - ულიმიტო. იურიდიული მომსახურება აღმასრულებელ ორგანოებში - 100 პროცენტი - ულიმიტო. გადაუდებელი საადვოკატო მომსახურება - 100 პროცენტი - ულიმიტო. საადვოკატოს მომსახურება სისხლის სამართლის საქმეებზე - 30 პროცენტი - 500 ლარი. ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო საქმეზე - 30 პროცენტი - 500 ლარი. ეს საადვოკატო იურიდიული მომსახურების ჩამონათვალი მძღოლებს იმ პოლისებზეც აქვთ ჩამოწერილი, რომელიც "ჯი-ელ-ეს''-თან ხელშეკრულების გაფორმების მერე გადაეცათ. ცხადია, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაშიცაა ჩაწერილი. თითოეული მძღოლი 5 ლარს იხდის ყოველთვიურად, მძღოლები აცხადებენ, რომ თბილისში 1000-ზე მეტი მუნიციპალური ავტობუსია, თითო ავტობუსზე ორი მძღოლი მუშაობს ცვლით - დღეგამოშვებით. მათივე თქმით, მინიმუმ, 2000 მძღოლი ანუ ყველა "ჯი-ელ-ესის'' კონტრაქტორია. თუ მძღოლთა მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ "ჯი-ელ-ესი'', ყოველწლიურად, 120 000 (ასოცი ათასი) ლარს, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებისგან იღებს.

კაცმა რომ თქვას, ამაზე იაფად - თვეში 5 ლარად, ამდენი სახის კვალიფიციურ იურიუდიულ მომსახურებას, ვერც ერთი სხვა იურიდიული კომპანია ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მძღოლები "ჯი-ელ-ეს''-ით უკმაყოფილონი არიან. მეტიც, ამ კომპანიის გახსენება არ უნდათ. წელს, ივლისში, მათ "ჯი-ელ-ეს''-თან კონტრაქტი უსრულდებათ და არაერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ მასთან კონტრაქტს აღარ განაახლებენ. დაახლოებით, 50 მძღოლი მაინც ვნახე, სხვადასხვა სახაზო მარშრუტისა და ვერ ვნახე ისეთი, რომელიც კმაყოფილი ყოფილიყო ამ კომპანიასთან ურთიერთობით. მძღოლთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი მათი უკმაყოფილებისა ის არის, რომ როცა იურიდიული და საადვოკატო მომსახურება დასჭირდათ, ვერანაირად ვერ დაუკავშირდნენ "ჯი-ელ-ეს''-ის წარმომადგენლებს. იმ პოლისზე, რომელიც მძღოლებს ჩამოურიგეს, მითითებულია "ჯი-ელ-ეს''-ის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი (14-45-93), მაგრამ მძღოლები ამბობენ, რომ ამ ნომერზე ვერასდროს ვერ უკავშირდებიან კომპანიის წარმომადგენელს. ზარი გადის, მაგრამ არავინ პასუხობს. სხვათა შორის, 2 კვირის მანძილზე, თითქმის ყოველდღე ვრეკავდი ამ ნომერზე, მაგრამ არავინ პასუხობდა.

"ჯი-ელეს''- ის წარმომადგენლებსაც თუ ამაში ეჭვი შეეპარათ, შემიძლია, სატელეფონო კომპანიიდან ამონაწერი მივართვა და დარწმუნდებიან, რომ ასეა. ერთ-ერთი მძღოლი აცხადებს, რომ მას პრობლემა ჰქონდა პატრულთან, სასწრაფოდ სჭირდებოდა იურიდიული დახმარება, დარეკა ცხელ ხაზზე, მაგრამ არავინ უპასუხა. "ამ ცხელი ხაზის ნომრის გარდა, პოლისზე კიდევ ტელეფონის 3 ნომერია მითითებული, ცხელი ხაზი იმისთვისაა, როგორც მესმის, რომ როცა სასწრაფოდ დაგჭირდება, მაშინ უნდა დაუკავშირდე და ასევე, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ, თუნდაც ეს დასვენების დღეები იყოს. ცხელ ხაზზე რომ არ მიპასუხეს, მერე ამ 3 ნომერზე დავრეკე, მაგრამ არც იმ ნომრებზე მიპასუხა ვინმემ. მოკლედ, დამაჯარიმა პატრულმა, თან საკმაოდ სოლიდური თანხით. ვიფიქრე, ჯანდაბას, მივალ "ჯი-ელ-ეს''-ში, ადვოკატს ვნახავ და სასამართლოში გავასაჩივრებ ამ ჯარიმას-მეთქი. მივედი ვაჟა-ფშაველაზე კომპანიის ოფისში, მაგრამ იქ არავინ არ დამხვდა. არც მეორე დღეს იყო ვინმე. არადა, სამუშაო დღეებში მივდიოდი. ამის მერე, მთელი კვირა ვრეკავდი ცხელ ხაზზეც, იმ 3 ნომერზეც, მაგრამ არავინ არ მიპასუხა. არ ვიცი, რაში მახდევინებენ 5 ლარს? 5 ლარი რა სალაპარაკოა, მაგრამ, რატომ მატყუებ, შვილო? თან ამ 5 ლარს ეგრევე, ხელფასიდან გვიქვითავენ და პირდაპირ "ჯი-ელ-ეს''-ის ანგარიშზე რიცხავენ.

მე არა ვარ მარტო, ვისაც ასე გაუმტყუნა იმედი ამ კომპანიამ'', - მითხრა მძღოლმა. მეორე მძღოლი აცხადებს, რომ მას ავტობუსების ფარეხში მოუხდა კონფლიქტი კოლეგასთან: "ჩემმა კოლეგამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დედა შემაგინა, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მესროლა. მოკლედ, ჩხუბი იმან დაიწყო. მე ავდექი და ხელი გავარტყი, დაეცა, თავი გაუტყდა. საქმე უფროსობამდე მივიდა. სამსახურიდან მაგდებდნენ, არადა, მყავდა მოწმეები, რომ მე მართალი ვიყავი. მითხრეს, წესიერი მძღოლი ხარ, ცუდი კაცი არა ხარ, შენით დაწერე განცხადება წასვლაზე, თორემ პირადი საქმე გაგიფუჭდებაო. ამ დროს "ჯი-ელ-ეს''-ს მივმართე, თუმცა, რა მივმართე? ცხელ ხაზზე ხომ არავინ მიპასუხა და არც სხვა ნომერზე მპასუხობდნენ, მეორე დღეს დავრეკე და მიპასუხეს - ადვოკატი აქ არ არის, 1 კვირის მერე დარეკეო. მივედი ოფისში, იქნებ, თავი შევაცოდო-მეთქი, კაცო, სამსახურიდან მაგდებენ, ერთი კვირის მერე რად მინდა ადვოკატი? ოფისში მივედი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. ამასობაში კი, მოვაგვარე პრობლემა - "ვიჩალიჩე'', დამტოვეს სამსახურში, თუმცა, 250 ლარი მაინც დამიქვითეს ხელფასიდან და საყვედური გამომიცხადეს. ჩემმა მძღოლებმა მითხრეს, აბა, გიჟი არა ხარ, "ჯი-ელ-ესის'' იმედზე რომ იყავი? ეგენი მერიის ტრანსპორტის სამსახურს დაუპირისპირდებიან და მათ წინააღმდეგ გიადვოკატებენ, როცა სწორედ ეს სამსახური "კრიშავს'' მაგ კომპანიასო?

მართალია! მერე გავიკითხე და მითხრეს, რომ მერიის ტრანსპორტის სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავია "ჯი-ელ-ესის'' პატრონი, შესაძლოა, მოწილეც. ამასაც გავარკვევ, აი, ეგრე დავზარალდი. არადა, ამ "ჯი-ელ-ესის'' იმედზე რომ არ ვყოფილიყავი, იმ 250 ლარად ადვოკატს ავიყვანდი, საყვედურს მაინც ავცდებოდი. მაინც წყალში გადაიყარა ის ფული. მესამე მძღოლს სისხლის სამართლის საქმეზე დასჭირდა დახმარება, მეოთხეს, უბრალოდ, სატელეფონო კონსულტაცია სჭირდებოდა, მეხუთეს, მგზავრებმა უჩივლეს და თავის დაცვა სურდა, რადგან უდანაშაულოდ მიაჩნდა თავი, მაგრამ "ჯი-ელ-ეს''-თან დაკავშირება ვერავინ ვერ შესძლო - ვერც ტელეფონით (არ პასუხობდნენ) და ვერც ოფისში მისვლით (ოფისი დაკეტილი იყო). "წლიურად 60 ლარს იჯიბავენ, ვინ არიან, რა ხალხია? რა ხარკი უნდა ვუხადოთ ამ "ჯი-ელ-ესს''? კითხულობენ მძღოლები. ისინი იხსენებენ, რომ "ჯი-ელეს''- თან კონტრაქტი ძალით გააფორმებინეს, - "ასე გვითხრეს, ვინც არ გააფორმებს ამ კომპანიასთან კონტრაქტს, მას სამსახურიდან დავითხოვთო''. საგულისხმოა, ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. "ჯიელეს''-ი თავის კონტრაქტორი მძღოლებისგან ინდივიდუალურად კი არ იღებს საკონტრაქტო თანხას (წესით, კლიენტი ბანკში ან კომპანიის ოფისში უნდა იხდიდეს), არამედ, კორპორატიული წესით, ყველა მძღოლს ხელფასიდან ექვითება თვეში 5 ლარი, ანუ მერიის ტრანსპორტის სამსახური უზრუნველყოფს, ამ სეგმენტში "ჯი-ელ-ეს''-ის უდანაკარგოდ მუშაობას. "ვერსიამ'' "ჯი-ელ-ეს''-ის იმ ნომრებზე დარეკა, რომლებიც, ცხელი ხაზის ნომრის გარდა, მძღოლთა პოლისზეა მითითებული. ერთ ნომერზე ავტომოპასუხემ მითხრა, დაელოდეთ და გადაგრთავთო. ნახევარ წუთში გაითიშა, არსად არ გადამრთო. 

მეორედაც ასე მოხდა. მეორე ნომერზე მუდმივი დაკავება იყო, სავარაუდოდ, ეს ნომერი არ მუშაობს. დავრეკე მესამე ნომერზე, მიპასუხა ქალბატონმა, რომელმაც მითხრა, "ჯი-ელ-ესის'' თანამშრომელი ვარო. მას ავუხსენი, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მსურდა შეხვედრა ან უკიდურეს შემთხვევაში, სატელეფონო კომენტარი. ქალბატონს დეტალურად მოვუყევი მძღოლთა პრეტენზიების შესახებ და, აქედან გამომდინარე, ის კითხვებიც მოვახსენე, რაც კომპანიის მესვეურთა მიმართ მქონდა. ქალბატონმა, რომელმაც არც ვინაობა და არც სამსახურებრივი მდგომარეობა არ გამიმხილა, მითხრა, თუ საჭიროდ ჩათვლის კომენტარს ხელმძღვანელობა, გადმოგირეკავთო. 5 წუთში დამირეკა და დააზუსტა, რომელი მედია საშუალებიდან ვიყავი. იმ დღეს არავის დაურეკავს. მეორე დღეს, ისევ დავრეკე იმავე ნომერზე. ამჯერად ტელეფონთან ადვოკატი შემხვდა, რომელმაც, ასევე, არ გამიმხილა ვინაობა.

ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა, უფლებამოსილი არ ვარო, არაოფიციალურად კი ის მითხრა, რომ "ჯი-ელ-ეს''-თან კონტრაქტი აქვს მხოლოდ 500 და არა - 2000 მძღოლს. უცნობი ადვოკატის განცხადებით, მას არ სმენია მძღოლთა პრეტენზიების შესახებ და დღემდე ოცზე მეტ კლიენტ მძღოლს მომსახურებიან. "მეტიც, ერთ-ერთ მძღოლს პრობლემა ჰქონდა ბანკთან, იპოთეკური კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, სახლი ჰქონდა ჩადებული გირაოდ, მოგვმართა და ამ მძღოლს "ჯი-ელ-ესის'' ადვოკატი მოემსახურა. ვფიქრობ, ასეთი მომსახურება თვეში 5 ლარზე გაცილებით ძვირი ღირს,'' - მითხრა ადვოკატმა. კომპანიის ხელმძღვანელების ვინაობა არც მან გამიმხილა. 

არც ის უთქვამს, თუ რატომ უქვითავენ, თუნდაც 500 მძღოლს ხელფასიდან, კერძო კომპანიასთან, ინდივიდუალურად გაფორმებული კონტრაქტის საფასურს. ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. თუ მძღოლები თვითნებურად გახდნენ "ჯი-ელ-ესის'' კლიენტები, რატომ ზრუნავს მერიის სატრანსპორტო სამსახური, რომ "ჯი-ელ-ეს''-მა დროულად და უდანაკარგოდ მიიღოს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა? ეს მძღოლები "ჯი-ელ-ესის'' კორპორატიული კლიენტები რომ იყვნენ, ანუ მერიის ტრანსპორტის სამსახურს ჰქონდეს კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, მაშინ თანხის ამოღების ასეთი წესი მისაღები იქნებოდა. საეჭვოა, მერიის მაღალჩინოსანთა გულმოდგინება ერთი კონკრეტული კომპანიის ბიზნესინტერესების დასაცავად. "ჯი-ელ-ესის'' ადვოკატს რომ დავუჯეროთ, 500 კლიენტი მივითვალოთ, ამ კომპანიის წლიური შემოსავალი 30000 ლარია. არც ეს არის მცირე თანხა, მით უფრო, "ჯი-ელ-ესს'' სხვა კორპორატიული კლიენტებიც ჰყავს. ნაკლებად მაინტერესებს "ჯი-ელ-ესის'' შემოსავლები, მაგრამ გასარკვევია, მართლა ძალდატანებით გახადეს მძღოლები კლიენტები თუ არა? მძღოლთა ერთი ნაწილი აპირებს, ხელშეკრულება გაწყვიტონ "ჯი-ელ-ეს''-თან, მათი თქმით, კომპანია, რომლის ოფისიც მუდმივად დაკეტილია, ნდობას არ იმსახურებს. თუმცა, აქაც წარმოიშვა პრობლემა. მძღოლთა ეს პროტესტანტი ნაწილი აცხადებს, რომ მათ კვლავ დაემუქრნენ - თუ, "ჯი-ელ-ეს''-თან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებთ, სამსახურს დაკარგავთო. ისინი აცხადებენ, რომ მათ მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებმა, ზოგს დაურეკეს, ზოგს - პირადად უთხრეს ეს. 

მძღოლთა ნაწილი მზადაა, მუქარას დამორჩილდეს, შედარებით მცირე ნაწილმა კი, ამ საქმის გახმაურება გადაწყვიტა, შემდგომში კი, უფრო ეფექტური ქმედებები აქვთ განზრახული. მინდა, "ჯი-ელ-ესის'' ადვოკატთან საუბარს დავუბრუნდეთ, პატივცემული ადვოკატი, ქალბატონის მსგავსად შემპირდა, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ და მეტყოდნენ, გააკეთებდა თუ არა კომპანიის ხელმძღვანელი კომენტარს. 5 დღის მანძილზე არავინ შემხმიანებია. ამასობაში გადავწყვიტე, მერიის პრესსამსახურში გამერკვია სიტუაცია და მერიის პრესცენტრის თანამშრომელს, თეა შათირიშვილს დავურეკე, ჩავაყენე საქმის კურსში. სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდა "ჯი-ელ-ესის'' იურისტი, ბატონი გიორგი გულიაშვილი, რომელმაც, მისივე თანამშრომლებისგან განსხვავებით, არც თავისი ვინაობა დამიმალა და არც - კომპანიის დირექტორისა. "ჯი-ელ-ესის'' ხელმძღვანელი დათუნა წურწუმია ყოფილა. გიორგი შათირიშვილმა მოისმინა ჩემი კითხვები, თავის მართლება და ჩემთვის ჭკუის დარიგება არ დაუწყია (უსახელო ადვოკატისგან განსხვავებით) და მითხრა, გადმომიგზავნე ინტერნეტით კითხვები და პასუხებს, რაც შეიძლება ოპერატიულად მოგაწვდიო. იქვე დასძინა, დათუნა წურწუმიას დედა გარდაეცვალა, თავად ვერც შეგხვდებათ, ვერც დაგელაპარაკებათ და ამიტომაც, მე გავცემ კითხვებს პასუხსო. ვიზიარებთ ბატონი წურწუმიას მწუხარებას და თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სწორედ ამიტომ პუბლიკაცია რამდენიმე დღით გავაჩერეთ. გთავაზობთ მიღებულ ოფიციალურ პასუხებს "ვერსიის'' მიერ გადაგზავნილ კითხვებზე (სტილი დაცულია): 

1. მძღოლები (ერთი ნაწილი) აცხადებენ, რომ 2000-ზე მეტი კაცია თქვენი კლიენტი, თქვენმა წამომადგენელმა მითხრა, რომ მხოლოდ 500 მძღოლია კლიენტი. რამდენი მძღოლი-კონტრაქტორია რეალურად? - რეალურად დაზღვეულია დაახლოებით 500 მძღოლი, და ამდენივესთან არის გაფორმებული კონტრაქტი.

2. მძღოლთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებმა აიძულეს, "ჯი-ელ-ესთან'' კონტრაქტის გაფორმება. მართალია? - ეს ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ასეთი ტიპის იძულებას რომ ჰქონოდა ადგილი, დაზღვეული იქნებოდა არა 500 მძღოლი არამედ, მათი სრული შემადგენლობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათთან გასაუბრება და აღნიშნულ მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება მიმდინარეობდა ინდივიდუალური გასაუბრების რეჟიმში, აქედან გამომდინარე, მათთან კონტრაქტის გაფორმება მოხდა მათი თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. თუმცა, ამასაც არ დაჯერდა მერიის სატრანსპორტო სამსახური და თითოეულ მძღოლს აქვს ინდიდივიდუალური განცხადებებით მიმართული მათთან თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

3. რამდენად კანონიერია, რომ მძღოლებს ე.წ. კორპორატიული დაზღვევის წესით, ხელფასიდან უკავებენ "ჯი-ელ-ესის'' მომსახურების საფასურს - თვეში 5 ლარს? ეს თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ "ჯი-ელ-ესს'' ჰყავს პატრონები მერიის საქალაქო სამსახურში, რომლებიც საკონტრაქტო თანხების ამოღებას უიოლებენ. - რაც შეეხება, ამ ვარაუდს, აღნიშნული მომსახურება არავითარ კანონიერ ფარგლებს არ სცილდება და მომსახურების საფასური (5 ლარის ოდენობით) ხელფასიდან უკავდებათ იმ მძღოლებს, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული "ჯი-ელ-ეს''-თან. ეს არ გახლავთ კორპორატიული მომსახურება თავისი შინაარსით, რადგან ჩვენ არანაირი შეხება მათ ადმინისტრაციასთან არ გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვიწია არაერთხელ მონაწილეობის მიღება მათი მხრიდან მძღოლის დაჯარიმების ადმინისტრაციულ წარმოებაში, სადაც ჩვენ ვიცავდით, რა თქმა, კლიენტის, მძღოლის ინტერესს. 

4. მძღოლთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მათ აღარ სურთ 2011 წლის ივნისიდან კონტრაქტის განახლება თქვენს კომპანიასთან. ისინი ამბობენ, რომ მათ დაურეკეს მერიის ტრანსპორტის სამსახურიდან და დაემუქრნენ, თუ არ გააფორმებენ "ჯი-ელ-ესთან'' კონტრაქტს, ყველა სამსახურს დატოვებთო. გსმენიათ რაიმე ამის შესახებ? - ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან მათ ასეთი მოთხოვნით არ მოუმართავთ. თუმცა, იყო რამოდენიმე ინდივიდუალური შემთხვევა კონტრაქტის შეწყვეტის, რაც გაფორმდა ჩვენს ოფისში და არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა. 

5. სხვათა შორის, მძღოლები ამბობენ, როცა "ჯი-ელ-ესთან'' კონტრაქტი გავაფორმეთ, მაშინაც იძულების ფორმა კონტრაქტის გაფორმებისა, სამსახურიდან დათხოვნის მუქარა იყო მერიის ჩინოსანთა მხრიდანო. - როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ასეთი ტიპის იძულებას რომ ჰქონოდა ადგილი, დაზღვეული იქნებოდა გაცილებით მეტი მძღოლი. დღეს ჩვენი კლიენტები არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც ისურვა ჩვენთან ურთიერთობის დაწყება.

6. მძღოლთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ, რეალურად დასჭირდათ საადვოკატო იურიდიული მომსახურება. ანუ, იმ ტიპის მომსახურება, რომელიც მათ კონტრაქტით ეკუთვნოდათ "ჯი-ელ-ესისგან'', მაგრამ იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ხარჯებით დაექირავებინათ ადვოკატები ან გაეღოთ სხვა სახის იურიდიული მომსახურების ხარჯები. მძღოლთა განცხადებით, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ როცა მათ "ჯი-ელ-ეს''-ის მომსახურება დასჭირდათ, რეკავდნენ ცხელ ხაზზე და პოლისზე მითითებულ ქალაქის სამი ტელეფონის ნომერზე, საიდანაც მათ არავინ პასუხობდა. არიან მძღოლები, რომლებიც "ჯი-ელ-ესის'' ოფისში კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მივიდნენ სამუშაო დღეს, მაგრამ მათ ოფისი დაკეტილი დახვდათ. - აღნიშნული, ისევ და ისევ, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან 6 თვის განმავლობაში არათუ მხოლოდ ტელეფონებით ჰქონდათ დაკავშირების შესაძლებლობა, არამედ მათ სამუშაო ადგილებზე მივლინებული გვყავდნენ თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზეც უწევდნენ კონსულტაციას. ამა წლის იანვრის თვიდან, ეს პრაქტიკა ჩვენს მიერ შეჩერებულ იქნა, ვინაიდან მსგავს სერვისზე მოთხოვნილება ფაქტობრივად არ იყო და, ძირითადად, მძღოლები ტელეფონის საშუალებით გვიკავშირდებოდნენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ტელეფონზე თითქოს არავინ პასუხობს, ასეთი გამონაკლისი შესაძლებელია მომხდარიყო, თუმცა ეს არ ატარებდა და არ ატარებს სიტემატიურ ხასიათს. უფრო მეტიც, მსგავსი ფაქტის გამორიცხვის მიზნით, აღნიშნულ ნომრებზე ჩართული გვაქვს მობილურ ტელეფონებზე გადამისამართების სერვისი, რაც გამორიცხავს მსგავს ფაქტს. 

"ჯი-ელ-ეს''-ის ოფისი სისტემატიურად მუშაობს სამუშაო დღეებში და მისი სამუშაო საათები განისაზღვრება 10-დან 18 საათამდე.

7. მძღოლები აცხადებენ, რომ "ჯი-ელესის'' უკან დგანან მერიის სატრანსპორტო სამსახურის მაღალჩინოსნები, რომლებიც მფარველობენ "ჯი-ელ-ესს'', ხოლო ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერიის მაღალი თანამდებობის პირის ნათესავია, რამდენად მართალია მათი ვარაუდი. - სასაცილოა, მსგავსი მოსაზრებაც კი, რადგან მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება აღნიშნული მოსაზრება. ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი კონტრაქტის გაფორმების დღიდან, დაახლოებით, 150 მძღოლს და მათ ოჯახის წევრს გაეწია კონსულტაცია, 25 საქმე ნაწარმოები იქნა სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებში და მიუხედავად კონტრაქტის პირობისა, რომ აღნიშნულზე მათ ჰქონდათ ფასდაკლება და არა უფასო მომსახურება, ვგულისხმობთ სასამართლოში ნაწარმოებ საქმეებს. კომპანიამ მიიღო შიდა გადაწყვეტილება, რომ მათ დამატებით საზღაური არ გადაეხადათ. თვით ეს პროექტიც სწორედ მძღოლების სოციალურ ფენაზე იყო გათვლილი და ვინაიდან, სასამართლო წარმოებაზე არ იყო დიდი მოთხოვნა, იგი თავისი რესურსებით უზრუნველყო კომპანიამ.

სამწუხაროა, რომ ამ ყოველივეს მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამ ყოველივეში ცუდის და უარყოფითის დანახვას. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ესეთი კატეგორია გახლავთ ერთეული, რადგან ჩვენს ძირითად კლიენტურასთან ვმუშაობდით და დღემდე გრძელდება ინტენსიური მუშაობა. ნიშანდობლივია, რომ თავიდან კონტრაქტი გაფორმებულ იქნა დაახლოებით 600 მძღოლთან, მაგრამ სატრანსპორტო სამსახურში განხორციელებული შემცირებების თუ სხვა მიზეზების გამო, დაახლოებით, 100 მძღოლი დღემდე აღარ მუშაობს აღნიშნულ სამსახურში, შესაბამისად, ჩვენს კლიენტებს აღარ წარმოადგენენ, რადგან მათ აღარ გაუგრძელებიათ კონტრაქტი ჩვენთან. ჩვენ თუ გვმფარველობენ, მაშინ რა ლოგიკაა, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი კონტრაქტორებისა გათავისუფლებულები არიან დღეს.  

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"