2011 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდი Toyota გახდა. კომპანიის ღირებულება 25,198 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.
ეს მონაცემები მოყვანილია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში BrandZ Top-100, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევითი სააგენტო Millward Brown Optimor.
ძვირად ღირებული ბრენდების საერთო ჩამონათვალში "ტოიოტა" მხოლოდ 27-ე ადგილზეა. საავტომობილო ბრენდებს შორის გასული წლის ანალოგიური რეიტინგის ლიდერი გერმანული კომპანია BMW - მიმდინარე წელს მეორე ადგილზეა და შეფასებულია 22,425 მილიარდ დოლარად, საერთო ჩამონათვალში ის 30-ე ადგილზეა. რეიტინგის მესამე პოზიციაზეა Mercedes-Benz, რომელიც საერთო ჩამონათვალში 50-ე ადგილზეა და შეფასებულია 15,344 მილიარდ დოლარად.
ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების ათეულში ასევე მოხვდნენ
Honda, Porsche, Nissan,Volkwagen, Ford, Audi და Lexus.
საერთო ჯამში საავტომობილო ბრენდების ღირებულება მიმდინარე წელს 7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც გასულ წელს 15%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ანალიტიკოსების პროგნოზით საავტომობილო ბრენდების ფასი ზრდას მომავალშიც განაგრძობს, რაც პირველ რიგში, დაკავშირებული იქნება ახალ ავტომობილებზე აქტიური მოთხოვნით.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"