ეს ღამე იყო ქართველი ხალხის ჩაძაღლების ოპერაცია, - ასე აფასებს პარლამენტის შენობასთან წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ამ საკითხებზე მან, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.
"ყველაფერი მინახავს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო ოპერაცია "ჩაძაღლება ქართველი ხალხის". ზონდირებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი. ეს იყო სასაკლაო, სადაც ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალება არ დაუტოვეს. ეს იყო ტირანიის გამოვლინება საქართველოში. მსგავსი ღამის მნახველი არ ვარ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, აქციის დარბევის დროს დაშავდა ლევან გაჩეჩილაძის ორივე შვილი, სულ ოჯახიდან 5 ადამიანი. "ადამიანებს ანახეს საკუთარი სიკვდილი. ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ ვიღაცებისთვის ჭკუა ესწავლებინათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.