პოპულარული ინტერნეტგამოცემა autoblog-ის ინფორმაციით, 2013 წლისთვის ახალი თაობის S-Class-ი ბაზარზე რამდენიმე ვერსიით გამოვა.
ახალი თაობის მოდელთან ერთად, "სამქიმიანები" მყიდველს ოთხ სხვადასხვა ძარას შესთავაზებენ. აქამდე თუ S-კლასში მხოლოდ დიზაინი, ძრავები და სხვადასხვა დამხმარე აღჭურვილობა იცვლებოდა, ამჯერად მთავარი სიახლე ძარების მრავალფეროვნება იქნება.
ამჟამად, ძირითადად, სედანისძარიანი S-კლასის ავტომობილები იყიდება. მყიდველს ასეთ ავტომობილებს სტანდარტული, ან დაგრძელებული საბორბლე ბაზით სთავაზობენ. მოკლე პლატფორმაზე S-კლასის კუპეც გამოდის, რომელიც ბაზარზე ცნობილია, როგორც CL-ი და სამომავლოდ ამ მოდელს S-კლასის კუპეს დაარქმევენ. დაგრძელებულ პლატფორმაზე კი ულტრა ლუქსის კლასის Mybach-ებს ამზადებენ.
ბრიტანულ გამოცემა CAR-ის ინფორმაციით, Mercedes-Benz-ი მყიდველს ოთხკარიან კაბრიოლეტსაც შესთავაზებს. ცნობისათვის Mercedes-მა ჯერ კიდევ 4 წლის წინ წარმოადგინა კონცეპტუალური ავტომობილი Ocean Drive, რომელიც ოთხკარიანი კაბრიოლეტი იყო, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ ბაზარი ამ პროექტისთვის მზად არ იყო.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩანაფიქრი რეალობად იქცა, "მერსედესის" ახალი კაბრიოლეტი კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილს, როგორიც არის Bentley Continental GTC.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"