დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის გასაჭირი

დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის გასაჭირი

შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, რომ დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1836 წელს თბილისში დაარსდა, როგორც მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.

აქ მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი მეცნიერები ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა, უფრო ადრე კი ამ ობსერვატორიაში ნიკოლოზ ბარათაშვილს და სტალინსაც უმუშავიათ... აღნიშნულიდან გამომდინარე, დუშეთის ობსერვატორიას, წმინდა მეცნიერულის გარდა, ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.

ობსერვატორია, რომელსაც ანალოგი მთელ კავკასიაში არ მოეძებნება, დღეს უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია და რამდენიმე თანამშრომლის მწირ ანაზღაურებას თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფოსგან დაფინანსება არა აქვს. მოშლილია ღობე, განადგურებული და გაძარცულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. ტერიტორია, რომელიც საგანგებოდ დაცული და იზოლირებული უნდა იყოს, მოსახლეობის თქმით, მრავალი წელია, საქეიფო და გასართობ ადგილად აქციეს, სადაც ხშირად სადავო საქმე მუშტისა და დანის თანხლებითაც ირჩევა...

რობერტ გოგუა: მეცნიერებათა დოქტორი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელი.

- ასეთი პროფილის ობსერვატორია ერთადერთია კავკასიაში. იგი თბილისში დაარსდა, საიდანაც ჯერ - მცხეთასთან მდებარე სოფელ კარსანში, მოგვიანებით კი, 1935 წელს, დუშეთში გადმოიტანეს. ამ ობსერვატორიაში დაცულია თითქმის საუკუნე-ნახევრის მეცნიერული მასალა, რაც მარტო ჩვენი ეროვნული ფასეულობა კი არა, მსოფლიო მეცნიერების მონაპოვარია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწის აგებულებისა და ევოლუციის ფუნდამენტური კვლევისთვის.

აქ მიღებული სამეცნიერო მასალა დღესაც იგზავნება გეოფიზიკური მონაცემების მსოფლიო ცენტრში, რომელიც იაპონიაში, ქალაქ კიოტოში მდებარეობს.

ობსერვატორიის მონაცემები უმნიშვნელოვანესია დედამიწის მაგნიტური ველის ანალიზური მოდელების შესაქმნელად, მაგნიტოსფეროში და დედამიწის შიგნით მიმდინარე პროცესების შესასწავლად. ეს ყველაფერი წარმატებით გამოიყენება საჰაერო და საზღვაო ნავიგაციაში, ამინდის პროგნოზირებისას და მიწისძვრის წინამორბედი პროცესების ძიებისთვის.

ამჟამად გეომაგნიტიზმის საერთაშორისო ასოციაცია ადგენს პროგრამას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიც არის გლობალური დათბობა და გეოფიზიკური ველების გლობალური ცვლილებები. ამ პროგრამებში ჩვენს მონაცემებს გამოიყენებენ.

- დუშეთის ობსერვატორია აბასთუმნის ობსერვატორიისგან რით განსხვავდება?

- აბასთუმნის ობსერვატორია ასტროფიზიკურია, ვარსკვლავებს და კოსმოსში მიმდინარე პროცესებს სწავლობს. ჩვენ დედამიწას და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს ვაკვირდებით.

- ბატონო რობერტ, ობსერვატორია გარედან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ქაოსი და ხმაური მუშაობაში ხელს არ გიშლით?

- მიუხედავად იმისა, რომ ობსერვატორია გარეგნულად ცუდ მდგომარეობაშია, ძირითად ფუნქციას მაინც ასრულებს. ჩვენ მოძველებული ხელსაწყოები გვქონდა, მაგრამ 4-5 წლის წინ იაპონიის გეოფიზიკური ცენტრის დირექტორი ჩამოვიდა საქართველოში და თანამედროვე ხელსაწყოები ჩამოგვიტანა.

ტექნიკური ბაზა დაცულ შენობაშია და ჰყავს დარაჯი. გასული საუკუნის 80-იან წლებში ობსერვატორიის ირგვლივ მოსახლეობას მშენებლობის უფლება არ ჰქონდა, ობსერვატორიას მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა; ახლა კი ტერიტორიას ღობეც არა აქვს...

- დიდი დაფინანსება არ უნდა გქონდეთ...

- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეგვაერთეს და ხელფასს გვაძლევენ, ცალკე ობსერვატორიას დაფინანსება არა აქვს. ნათურიდან დაწყებული, ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვიძენთ. მუშაობა აქ 1957 წელს დავიწყე, იმხანად სამეცნიერო მუშაობისთვის უდიდესი თანხები იყო გამოყოფილი, ახლა კი თანამშრომლების ხელფასი 100-120 ლარია, სამეცნიერო დაწესებულებაში კი დოქტორს 200 ლარი აქვს.. გვყავს მხოლოდ 4 მეცნიერი თანამშრომელი და 4 დარაჯი.

დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ და ცენტრალურსაც, მაგრამ არაფერი გაკეთებულა... ინტერნეტიც კი არა გვაქვს, ამიტომ ინფორმაცია ჩაგვაქვს თბილისში და იქიდან ვგზავნით.

ამას წინათ ფინეთის უნივერსიტეტიდან მივიღეთ წერილი - გვთხოვეს, პირდაპირ ჩაერთეთ, რადგან ყოველ 15 წუთში უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაშია მაგნიტური ველიო. 15 წუთში კი არა, მასალის გაგზავნა ორ კვირაში ერთხელ ძლივს ხერხდება.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"