ახალი ამბავი არ არის და ხელისუფლება ამის დამალვით თავს მაინცდამაინც არ იკლავს, რომ მაღალ ეშელონებში განიხილება სქემა, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაინაცვლებს. დროებით პრეზიდენტობას კი თბილისის მერს გიგი უგულავას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, სხვა სქემაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, იმაზე, რომ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი აირჩიოს. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს. უფლებამოსილების ერთი წლით შემცირება ნამდვილად ღირს, თუ დარწმუნებული ხარ, 5 წლის შემდეგ პირველი პირის პოსტზე აუცილებლად დაბრუნდები.
სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მანქანას კი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შეფუთვა არ გაუჭირდება (მაგალითად, საარჩევნო სახსრების ეკონომია და ა.შ). ექსპერტების მსგავს სქემას რეალურად მიიჩნევენ. კერძოდ, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასე ვთქვათ, უფრო მყარი პოზიციები აქვს, ვიდრე პრემიერს ექნება - ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობაში (ყველა სქემა მორგებულია იმაზე, რომ 2012 წელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაიმარჯვოს) განხეთქილება რომ მოხდეს, პრემიერის სავარძლის მდგრადობას საფრთხე შეექმნება. გარდა ამისა, პრემიერი მთელ ეკონომიკურ ბლოკზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად, წარუმატებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ფორმალურად რჩება მეორე პირად სახელმწიფოში, ძლიერი ფიგურის პირობებში კი ის, შესაძლოა, დე ფაქტო პირველი პირიც იყოს. ამ ვერსიის მიხედვით, პრეზიდენტის სავარძელში გიგი უგულავა კი არა, პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გადაბრძანდება. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბაქრაძე ამომრჩევლისთვის უფრო მისაღები ფიგურაა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს ბაქრაძისგან უფრო ნაკლები პოტენციური საფრთხე ელოდება, ვიდრე უგულავასგან.
მაგალითად, თბილისის მერს, ბაქრაძისგან განსხვავებით, ზურგს უზარმაზარი ფინანსები და გავლენიანი გუნდი უმაგრებს, უცბად, შესაძლოა, იმაზე მეტი ამბიციაც გაუჩნდეს, ვიდრე ეს "დაგეგმილია". თან პარალელურად, უცხოურ პრესაში აღარ ისაუბრებენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ გადაიღო პუტინ-მედვედევის ხელისუფლების გაცვლის მოდელი. პრემიერად კი..შესაძლოა, ისევ გილაური დარჩეს (თუ არ მოხსნეს მანამდე), ან სხვა რომელიმე ფიგურა, რადგან ძალთა ასეთი გადანაწილებისას, მთავრობის ხელმძღვანელის პერსონას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. სავარაუდოდ, გამოირიცხება უგულავას პრემიერობა, თუ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა ძალიან დაჟინებული არ იყო. ცნობილია, რომ თავად თბილისის მერს არ სურს დედაქალაქის ხელმძღვანელობის გაცვლა მთავრობის თავმჯდომარეობაზე. გამართლდება თუ არა ზემოხსენებული ვერსია, ამას 2012 წელს ვნახავთ.
გიორგი კვიტაშვილი