"ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს''

"ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს''

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს და მკვეთრ განცხადებებსაც აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ მისგან ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დრო ჯერ არ დამდგარა. როდის გამოვა პოლიტიკური ჩრდილიდან და ნამდვილად ქმნის თუ არა ალიანსს ლევან გაჩეჩილაძესა და კახა კუკავასთან ერთად, ამის შესახებ "ვერსია'' საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს'' დამფუძნებელს, ეკა ბესელიას ესაუბრა:

- 21 მაისის აქციებამდე აცხადებდით, რომ მაისის პროცესები ერთგვარი პოლიტიკური ფილტრი იქნებოდა, რომლის შემდეგაც უფრო გაგიადვილდებოდათ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. რა არჩევანი გააკეთა დღეს ეკა ბესელიამ?

- ძალიან მძიმე ემოცია, რომელიც 26 მაისის მსხვერპლმა და კადრებმა დამიტოვა, დღემდე მომყვება. აქციების წინ ზუსტად ვიგრძენი, რა შედეგი და განვითარება ექნებოდა ამ ყველაფერს. ინტუიციას ჩემთვის არ უღალატია. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს პროცესი შედეგს მოიტანდა, რადგან კარგად ვხედავდი, რომ ლიდერებს არასწორი მიმართულება ჰქონდათ აღებული. მიუხედავად ამისა, ჩემს თავს დავუწესე ვალდებულება, ბოლომდე ვმდგარიყავი იმ ხალხთან, ვინც იქ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის იბრძოდა.  

- თუ წინასწარ ყველაფერს გრძნობდით, არც გიცდიათ რამის შეცვლა? ან თქვენი წინათგრძნობა თუ გაუზიარეთ ლიდერებს?

- პროცესში ჩართვას ან წინათგრძნობის გაზიარებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც ვერაფერს შევცვლიდი. აქციებმა ბევრი რამ შეცვალა და სრულიად ახალი პოლიტიკური ცხოვრების ფაზაში გადავედით, სადაც ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩახერგა საზოგადოებასთან მისასვლელი გზა. მეორე მხრივ, აქეთ დარჩენილი პოლიტიკურად მოაზროვნე საზოგადოება გაიზარდა და დღეს გაცილებით სხვა ტიპის პოლიტიკას ითხოვს. ხელისუფლებამ რევოლუციური ფლანგიც სრულიად მოარღვია. თვითონ განულდა, მაგრამ თან წაიყოლა ისინიც, ვისაც ერთგვარი რევოლუციური მოლოდინის გაჩენა შეეძლო. ახლა დგას საკითხი, როგორი პოლიტიკური მეთოდებით უნდა მოერგო ამ რეალობას, ხალხმა რომ მიგიღოს და ნდობა გამოგიცხადოს.

- თქვენ მაისის აქციებამდე იმასაც ამბობდით, რომ მარტოსაც შეგიძლიათ ლიდერის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და ხალხი სწორი მიმართულებით წაიყვანოთ. როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როცა ხალხი მართლაც ახალ ძალას ელოდება, თქვენი დრო ჯერ არ დამდგარა?

- მე, შესაძლოა, მაქვს ლიდერის თვისებები, მაგრამ პოლიტიკოსის ალღოც კარგად მაქვს გამომუშავებული და კარგად ვხვდები, როდის რა უნდა ვაკეთო. უკან დახევა და შიში არ მჩვევია, ასე რომ, როცა დადგება მომენტი, ვიგრძნობ. ზოგადად, ცოტა უცნაურობები მახასიათებს და პოლიტიკაშიც ჩემი უცნაური მეთოდებით ვხელმძღვანელობ. მგონია, რომ ხალხს მეტი გულწრფელობა და თავგანწირვა სჭირდება. მუდმივი ინტრიგებისგან შემდგარი პროექტები, რომელსაც საზოგადოებისთვის ზრუნვა არ უდევს საფუძვლად, ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 28 მაისს, როდესაც რამდენიმე უფლებადამცველთან ერთად, განცხადება გავაკეთე დუმილის აქციის ჩატარების შესახებ, ეს იყო ჩემი არჩევანი - დავმდგარიყავი ხალხთან ერთად.  

- თუმცა, სოლიდარობის ამ აქციას ბევრმა ეჭვით შეხედა. სოციალურ ქსელებში გაკეთდა განცხადებები, რომ ამით საპროტესტო მუხტის დაგდება ხდებოდა, რადგან პოლიტიკოსებს არ მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.

- სისულელეა. ჩვენ ამ აქციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღეთ. მართალია, დღეს ძალიან ბევრი იბრალებს, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, მაგრამ სიმართლე შემდეგია: მე და ნუკრი ქანთარიას საუბრისას მოგვივიდა იდეა, ჩვენი პროტესტი რაღაც ფორმით გამოგვეხატა და ხელისუფლებისთვის გვეთქვა, რომ გაზისა და ტანკის ენით არ უნდა გვესაუბროს. ჩემი აზრით, ზოგჯერ დუმილი ყველაზე ხმაურიანი შეიძლება იყოს და იქ სიტყვით გამოსვლის საშუალება არავის ექნებოდა. ფორმატი იყო ასეთი. რა შეიძლებოდა იმ დღეს სხვა მომხდარიყო? მეგაფონიც კი ნორმალური არ გვქონდა. საზოგადოებამ თავად მოითხოვა, სამო-ქალაქო საზოგადოებასა და უფლებადამცველებს აგვეღო პასუხისმგებლობა.  

- გავრცელდა ხმები, რომ კახა კუკავასთან და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად პარტიას ქმნით. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

- ბევრჯერ დაიწერა მსგავსი სიცრუე. ხან სად მაერთიანებდნენ და ხან სად. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს საკითხი არ განიხილება, მსგავსი კონფიგურაცია არ იგეგმება. თუმცა, არც იმას ვმალავ, რომ მაქვს ძალიან საინტერესო იდეები და გეგმები.  

- და რას ელოდებით, პოლიტიკურ მოედანზე მოთამაშეების დაწმენდას?

- ვინც მიცნობს, კარგად მიხვდება, ამ პოზიციაზე რატომაც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვადევნებ თვალს პროცესებს და ვმონაწილეობ კიდეც მასში, გადამწყვეტ ნაბიჯებს ჯერ ვერ გადავდგამ. პოლიტიკაში, რომელიც მორალისგან დაცლილია და უფრო ბიზნესს ჰგავს, ვერ ვითამაშებ. მოტივტივე პოლიტიკოსის როლი არ მყოფნის. ბევრია დღეს პოლიტიკაში ისეთი, ვისაც სხვა სფეროში მოღვაწეობა, უბრალოდ, არ შეუძლია. ჩემს სფეროში წლების განმავლობაში საუკეთესო ადვოკატი ვიყავი, ამიტომ არ ვარ მიჩვეული ტივტივსა და ვიღაცის ფერხულში ყოფნას. ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, შევეცდები, დამოუკიდებლად გადავდგა ღირებული და გაბედული ნაბიჯები. 

- დღეს სად გადის გაბედული ნაბიჯების ზღვარი?

- სიმართლე გითხრათ, დღეს არ ჩანს, თუმცა მალე გამოჩნდება. მანამდე იდეალისტი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანების შემოკრებასაც შევძლებ. დღეს იდეის ერთგულები სჭირდება ქართულ პოლიტიკას და არა პოლიტიკური რომანტიზმით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც ხშირად გზაკვალი ერევათ.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, ამ ფონზე, 2012 წლის არჩევნებში ნაცმოძრაობის დამარცხება?

- ყველაფერი 2012 წლამდე უნდა დასრულდეს. იცით, როგორ მოხდება? შესაძლოა, არჩევნებამდე აბსოლუტურად ბუნებრივად და ყოველგვარი ხელოვნური ჩარევების გარეშე რევოლუციამ იფეთქოს, რომელიც იქნება საშიში და უმართავი. არჩევნები ხელისუფლებას ახალი ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციისთვის სჭირდება, რაც არ უნდა დავუშვათ. ვიმეორებ, ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, თუნდაც "რვიანი'', ამას შეეგუება, მაშინ მათ ამომრჩევლის მხარდაჭერის ილუზია არ უნდა ჰქონდეს.

- ჩაფლავებული "რევოლუციების'' ფონზე, არჩევნებამდე რევოლუციური ტალღის აგორება, ფიქრობთ, მოესწრება?

- ამისათვის აუცილებელია, გაგრძელდეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა. გადარჩება ის, ვინც ბოლომდე იბრძოლებს. მახსენდება, როცა ადვოკატი ვიყავი, სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანის საქმე ავიღე. დამთავრებული იყო ყველაფერი და ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული. როცა დავრწმუნდი, ეს ადამიანი ნამდვილად უდანაშაულო იყო, 5 წელი მოვუნდი პროცესს და ხუთი წლის შემდეგ გავამართლე. მაშინ ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი მოვიგე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიცი, ბოლომდე ბრძოლა რასაც ნიშნავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე, ვეძებ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვისურვებდი გადამწყვეტ ბრძოლაში წასვლას, თუმცა არა მოქმედ პოლიტიკოსებს. ადამიანებს, რომლებიც ჩრდილში არიან, თუმცა ყველაფერს აკეთებენ ქვეყნისათვის.  

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე